მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
მე სამართალდამცავი
ყველა სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია სამართალდამცავ სისტემას. საკადრო პოლიტიკა სამართალდამცავი სისტემისთვის, მიმართული უნდა იყოს პროფესიონალი, განათლებული, ღირსეული, მაღალი ზნეობის და ცნობიერების მქონე კადრების შერჩევისკენ.

სამწუხაროა, რომ თითქმის ყოველდღიურად ვისმენთ და ვიგებთ ფაქტებს, როცა სამართალდამცავების მიერ დაშვებული შეცდომების გამო ადამიანები სხვადასხვა ხარისხით ზარალდებიან.

ბევრჯერ გამიგონია ყველა თაობის ადამიანებისგან, რომ არ უყვართ პოლიციელი და ჩნდება კითხვა, რატომ? რატომ არ უნდა გიყვარდეს სამართალდამცავი, პოლიციელი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე და ასე შემდეგ? რა იწვევს ამ უარყოფით დამოკიდებულებას? წესით ხომ
უმიზეზოდ არ ხდება მსგავსი დამოკიდებულების ჩამოყალიბება?!

შევეცადე კვლევა მეწარმოებინა, გამოვკითხე ჩემს გარშემო ნაცნობები, მეგობრები და ადამიანები. სანამ შედეგებზე მოგიყვებით აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ღიად საუბარი ამ საკითხზე არავის არ უნდა და ყველა უკლებლივ ანონიმურობას ამჯობინებს. მიღებულ პასუხებს ის ინფორმაციაც დავუმატე რაც ბოლო წლების მანძილზე გახმაურებული ფაქტების შესახებ მსმენია და ვიღებთ სამართალდამცავების მხრიდან სამწუხარო შეცდომების და
გადაცდომების ისტორიებს, რამაც არაერთ მოზარდს თუ ზრდასრულს დაუმახინჯა ცხოვრება ან სულაც ფატალურ შედეგებამდე მიიყვანა.

სამწუხაროდ ადამიანების უმეტესობის ცნობიერებაში ჩამოყალიბებულია სამართალდამცველების ტიპაჟი, რომელიც იწვევს უარყოფით დამოკიდებულებას და აჩენს უნდობლობის განცდას მათ მიმართ. კერძოდ, ასეთი სამართალდამცავი უხეშია, მოქალაქეებთან ურთიერთობაში არღვევს
კომუნიცაციის ელემენტარულ წესებს, მოქალაქეებს მიმართავს აგრესიულად და ცდილობს წარმოაჩინოს საკუთარი თავი უპირობო ძალაუფლების მქონედ. სამსახურეობრივ ავტომობილს და ტაბელურ იარაღს იყენებს საკუთარი პიროვნების და ძალაუფლების ხაზგასასმელად.

უნდა აღინიშნოს სამართალდამცავების არაპროფესიონალური დამოკიდებულება სავარუდო დამნაშავის მიმართ. დაკავებულის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევები, მისი უფლებების დარღვევა, არასთანადო, დამამცირებელი მოპყრობა, ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს
სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს. ადამიანებში არსებობს იმის შიში, რომ თუ ჩაუვარდი ხელში პოლიციელს, იმდენს გცემენ, ან ისე დაგაშანტაჯებენ ყველაფერს აღიარებ რაც იცი და რაც არ იცი. ბევრ მოზარდს ეშინია პოლიციელების მხრიდან ზეწოლის და მაქსიმალურად
ყველა ცდილობს თავი აარიდოს პოლიცილებთან ურთიერთობას.

ასევე არსებობს სამართალდამცველების მხრიდან უარყოფითი, დამცინავი და ულმობელი დამოკიდებულება დანაშაულის მსხვერპლის მიმართაც, ეს ძირითადად ისეთი ტიპის დანაშაულს შეეხება როგორიცაა მაგალითად ოჯახური ძალადობა, გაუპატიურება, დისკრიმინაცია და ძალადობა
ჰომოფობიური ნიშნით და ასე შემდეგ.

მსმენია ფაქტები როცა სამართალდამცველები დაზარალებულს მოუწოდებენ უარი თქვან საქმის ძიებაზე, უარყონ ძალადობის ფაქტები, დაივიწყონ და შეეგუონ მომხდარ დანაშაულს, რადგან ასე აჯობებს მათი მომავლისთვის.

სამართალდამცველების მხრიდან ხდება მსხვერპლის დარწმუნება არ ამხილონ სავარაუდო დამნაშავე, რადგან ამით ცხოვრებას დაუნგრევენ, „მერე რა, მოხდა თუ იძალადა“ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი გამოწვეულია, სამართლდამცველების ცუდი დამოკიდებულებით ძალადობის მსხვერპლების მიმართ, არასაკმარისი ცოდნით, არსებული მენტალიტეტით, მტკიცებულებების არასწორი შეგროვებით.

იმდენი ფაქტის ჩამოთვლა შეიძლება ბოლოდროინდელი მოვლენებიდან, სადაც ძალიან ცუდად წარმოჩინდნენ პოლიციელები და სამართალდამცველები, რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ღირსეული და პროფესიონალი სამართალდამცველიც არის, თუმცა ფაქტია, რომ ცუდი უფრო კარგად ჩანს და
ამახსოვრდებათ ადამიანებს.

არადა ხომ შეიძლება ასე არ იყოს?!

ხომ შეიძლება სამართალდამცავის უმნიშვნელოვანესი როლი დაფასებული იყოს ყველა მხრივ, როგორც თავად სამართალდამცავი სტრუქტურების ასევე საზოგადოების მხრიდან. სამართალდამცავებს პატივს უნდა მიაგებდეს სახელმწიფო და ზრუნავდეს მათ პროფესიონალურ ზრდასა და კეთილდღეობაზე. საზოგადოება პატივისცემით უნდა ეპრობოდეს, ენდობოდეს და უდიდეს მადლიერებას გამოთქვამდეს მათი სამსახურის გამო. მოქალაქეებს უნდა გვიყვარდეს ჩვენი პოლიციელები, მათი იმედი გვქონდეს. არ გვეშინოდეს და არ ვერიდებოდეთ მათთან ურთიერთობას და თანამშრომლობას.

რა იდეალური იქნებოდა არა?!

ამას როგორ უნდა მივაღწიოთ?

ვფიქრობ განათლებით და ცნობიერების ამაღლებით. ცოდნა ძალაა, რაც ყველაფერს შეგვაძლებინებს. სახელმწიფოს უმთავრესს ინტერესებში უნდა შედიოდეს გამართული, პასუხისმგებლიანი და სამართლიანი სამართალდამცავი სისტემის ქონა. ამისთვის საჭიროა გამართული და ევროპულ სტანდარტებს მორგებული საკანონმდებლო ბაზა, სწორი საკადრო პოლიტიკა, სამართალდამცავების მომზადების და გადამზადების სისტემა - მუდმივ
სწავლა/განვითარებაზე ორიენტირებული.

აუცილებელია სწორი იდეოლოგიის ქონა, ქურდულ მენტალიტეტთან ბრძოლა, რაც ამ ბოლოს დროს სამწუხაროდ ისევ მომძლავრდა. მოზარდებთან მუდმივი მუშაობა იმისთვის, რომ სწორი აზროვნება შეეძლოთ, რათა დროულად ჩამოუყალიბდეთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, პატარაობიდან სწორ იდეალებზე უნდა ვიზრდებოდეთ ბავშვები - ისეთ გარემოში და ისეთ ქვეყანაში სადაც სწორედ პოლიციელი და სამართალდამცველი იქნება მისაბაძი მაგალითი, სამართლიანი, გმირი, რომელიც ისე მოგექცევა, როგორც ადამიანს, აღიარებს შენს უფლებებს და დაგიცავს ნებისმიერ სიტუაციაში, მიუხედავად იმისა დამნაშავე ხარ თუ დანაშაულის მსხვერპლი.

თუ ამას მივაღწევთ, დარწმუნებული ვარ ბევრი ახალგაზრდა ბიჭი და გოგო იფიქრებს თავის მომავალი ამ პროფესიას დაუკავშიროს, მიიღოს ხარისხიანი აკადემიური განათლება ამ სფეროში და დასაქმდეს სამართალდამცავ სტრუქტურაში. მე თვითონ ასეთი სამართალდამცველი ვიქნებოდი და
ვისურვებდი რომ სხვებიც ასეთები იყვნენ.

სამწუხარო რეალობა ის არის, რომ მიუხედავად ბევრი მცდელობისა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება მოხდეს, სხვადასხვა ასაკის ადამიანებმა არაფერი იციან საკუთარი უფლებების შესახებ. ამ მხრივ ცოტაუკეთესი მდგომარეობაა ახალგაზრდებში, მოსწავლეები სკოლაში გავდივართ საგანს „მოქალაქეობა“ და ვეცნობით/ვსწავლობთ ადამიანის უფლებებს/თავისუფლებებს/პასუხისმგებლობებს. ასეთი მიდგომა დასწავლება ადრე არ ხდებოდა, ამიტომაა რომ ბევრმა ადამიანმა არც კი იცის ელემენტარული უფლებების შესახებაც კი, მაგალითად ის რომ შეიძლება გყავდეს და მოითხოვო ადვოკატი, რომ არავის აქვს უფლება დაგკითხოს ადვოკატის გარეშე. ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებს უფლება არ აქვთ ჩხრეკა ჩაატარონ შენს საცხოვრებელ სახლში სასამართლო ნებართვის გარეშე, ან აწარმოონ  ფარული თვალთვალი და მიყურედება უკანონოდ. უმეტესობამ არ იცის, რომ შეუძლია გააპროტესტოს პოლიციელების მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ა. შ.

ასევე უმეტესობამ არ იცის რომ სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობა სავარაუდო დანაშაულის გამოსავლენად მათი სოციალური და სამოქალაქო პასუხიმგებლობაა. აქ ორნაირად შეიძლება განვიხილოთ ეს ფაქტი, ზოგმა არ იცის, ზოგმა იცის თუმცა შეგნებულად თავს არიდებს ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გამო.

ამ პრობლემის გადაჭრისთვის აუცილებელია მოქალაქეებთან სისტემატური შეხვედრების ჩატარება და მეტი ინფორმაციის მიწოდება ცნობიერების ამაღლების მიზნით ადამიანის უფლებებზე და თავისუფლებებზე, დანაშაულზე. სამწუხარო რეალობაა, რომ მოზარდებმა არც კი ვიცით კარგად რა ითვლება დანაშაულად და რა არა.

მე, რომ სამართალდამცავი ვიყო, აუცილებლად ვითანამშრომლებდი პირველ რიგში საგამნანათლებლო დაწესებულებებთან, დაწყებული საბავშვო ბაღებით და საჯარო სკოლებით. მოვაწყობდი საინფორმაციო შეხვედრებს, ჩავუტარებდი ტრენინგებს, მოვაწყობდი სწავლება -სიმულაციებს, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოზარდი/ზრდასრული სხვადასხვა სიტუაციაში. ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის არის შესაძლებელი შესაბამისი შინაარსის და სირთულის ინფორმაციის მიწოდება, რათა საინტერესო და ადვილად აღქმადი იყოს.

ზუსტად ვიცი, რომ ამგვარი აქტივობები, საინტერესოდ, თამაშით და სიმულაციებით მიწოდებული მოზარდებისთვის იქნება ძალიან სახალისო და რაც მთავარია კარგად დასამახსოვრებელი, რაც მკვეთრად გააუმჯობებსებს არსებულ მდგომარეობას და მოგვცემს უფრო უკეთესს სამოქალაქო საზოგადოებას და შესაბამისად უფრო მეტი დაცულობის შეგრძნებას.

სამწუხაროდ არ მაქვს ინფორმაცია აქვს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტანენტი, რომელიც ზრუნავს დანაშაულის პრევენციაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია განსაკუთრებით მოზარდებისთვის. ერთი კი ზუსტად ვიცი, რომ დანაშაულის პრევენციაზე დახარჯული
ყოველი თეთრი სერიოზული და უმნიშვნელოვანესი ინვესტიციაა ჯანსაღი, სამართლიანი, უსაფრთხო გარემოს შექმნისათვის სახელმწიფოში.


ეკატერინე ბექაური, ახალციხის მე-6 საჯარო სკოლა, მე-8 კლასი
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.