კლიმატ ამბები
კლიმატის ცვლილების გავლენა ბავშვებზე
კლიმატის ცვლილება საფრთხეს უქმნის ყველა ადამიანს, თუმცა ბავშვები მის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ. ეს ნიშნავს იმას, რომ, თავიანთი განსაკუთრებული მეტაბოლიზმის, ფიზიოლოგიისა და განვითარების საჭიროებებიდან გამომდინარე, ზრდასრულ ადამიანებთან შედარებით, მათ ნაკლებად შეუძლიათ კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებთან გამკლავება. სწორედ ამიტომ, ხშირად კლიმატის ცვლილების კრიზისს ბავშვთა უფლებების კრიზისსაც უწოდებენ და, UNICEF-ის მიხედვით, დღესდღეობით ბავშვებისა და მომავალი თაობებისთვის, შესაძლოა, არც არსებობდეს უფრო დიდი და მზარდი საფრთხე, ვიდრე კლიმატის ცვლილებაა.

კლიმატის ცვლილების თანმდევი გახშირებული ბუნებრივი კატასტროფები ბავშვებს, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, უზღუდავს წვდომას სიცოცხლისა და განვითარებისთვის საჭირო ელემენტარულ პირობებზე - სუფთა ჰაერზე, სასმელ წყალზე, საკმარის საკვებზე, უსაფრთხო თავშესაფარსა და ა.შ.. ამგვარ პირობებში ბავშვები, რომლებსაც ზრდასრულ ადამიანებთან შედარებით სუსტი იმუნური სისტემა და საფრთხეებთან გამკლავების ნაკლები უნარები აქვთ, მეტად ზიანდებიან არასრულფასოვანი კვების, გავრცელებული დაავადებებისა და ტრავმებისგან, რაც აისახება კიდეც ახალგაზრდების სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელში.

მაგალითისთვის, გაუარესებული გარემო პირობები და დაბინძურებული ჰაერი მეტად მოქმედებს ბავშვებზე, ვინაიდან ისინი სუნთქავენ ორჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ზრდასრული ადამიანები და ამიტომ ისინი დგანან რესპირატორული ინფექციებით (პნევმონია, ასთმა და სხვა) დაავადების მომეტებული საფრთხის წინაშე. ბავშვები, ასევე, განსაკუთრებით მოწყვლადები არიან დაბინძურებული წყლის მოხმარების, უწყლობით გამოწვეული ანტისანიტარიის, არაადეკვატურ ჰიგიენურ პირობებთან დაკავშირებული დაავადებების მიმართ (მაგალითად, საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული დაავადებები).

გარდა ფიზიკური საფრთხეებისა, კლიმატის ცვლილება უარყოფითად აისახება ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მათ განსაკუთრებული სტრესი ადგებათ კლიმატის ცვლილების თანმდევი ბუნებრივი კატასტროფების, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული იძულებითი მიგრაციის, დამძიმებული ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში და სხვა.

კლიმატის ცვლილება, ასევე, ხელს უშლის ბავშვებს, მიიღონ სათანადო განათლება. მაგალითად, ხშირად კლიმატის ცვლილების თანმდევი ბუნებრივი კატასტროფების გამო, შესაძლოა, გარკვეული დროით დაიხუროს სკოლები და ბავშვებს შეეზღუდოთ სწავლის შესაძლებლობა. ამასთან, გაუარესებული სამეურნეო პირობების გამო, ოჯახებს სხვადასხვა მეურნეობაში, შესაძლოა, დასჭირდეთ ბავშვების დახმარება და მათ ვეღარ მოახერხონ სასკოლო განათლების მიღება.

აქედან გამომდინარე, კლიმატის ცვლილება, ერთი მხრივ, განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მეორე მხრივ კი, ხელს უშლის მათ სათანადოდ განვითარებას.



კლიმატის ცვლილება, ბავშვები და საქართველო


საქართველოში ბავშვთა უფლებები აღიარებული და განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით, ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციით, ბავშვის უფლებათა კოდექსითა და სხვა საკანონდებლო აქტებით. კონკრეტულად, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, პატივის სცეს და დაიცვას ბავშვის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ღირსების, კეთილდღეობის, განათლების, განვითარების უფლებები და მისი სხვა ინტერესები. შესაბამისად, ვინაიდან კლიმატის ცვლილება ამ უფლებებით სათანადოდ სარგებლობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ისინი კლიმატის ცვლილების თანმდევი საფრთხეებისგან.

აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილების კონტექსტში ბავშვთა დაცვის რამდენიმე საკითხს უკვე ასახავს საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტიც, რომლის წარდგენისა და შესრულების ვალდებულებაც საქართველოს ნაკისრი აქვს პარიზის შეთანხმების ქვეშ. ამ დოკუმენტის მიხედვით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საქართველოს მოსახლეობაზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სტიქიური მოვლენების გავლენაზე დაკვირვებით, ცხადი გახდა, რომ ბავშვები განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ. ამ დოკუმენტით საქართველომ აიღო ვალდებულება, უკეთ შეისწავლოს და გამოავლინოს ბავშვების საჭიროებები და სათანადოდ ასახოს ისინი ეროვნულ საადაპტაციო გეგმაში. აუცილებელია, რომ სახელმწიფომ სხვადასხვა საადაპტაციო ღონისძიებით, მაგალითად, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნით, უზრუნველყოს ბავშვებისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო და ეფექტიანად დაიცვას ისინი სხვადასხვა სტიქიური მოვლენისა და კლიმატის ცვლილებისგან მომდინარე სხვა საფრთხეებისგან.

ეს დოკუმენტი ცალკე გამოყოფს კლიმატის ცვლილების კუთხით ბავშვების შესაბამისი განათლებით უზრუნველყოფისა და მათთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდების საჭიროებას. ამ საკითხების ირგვლივ ბავშვებისა და მშობლების ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია, რათა მათ სწორად განსაზღვრონ თავიანთი როლი კლიმატის ცვლილების კონტექსტში და შეძლონ მისგან მომდინარე გარკვეული რისკებისა და საფრთხეების თავიდან არიდება. უმნიშვნელოვანესია, შეიცვალოს საქართველოში სკოლამდელი და სასკოლო განათლების სისტემა და სასწავლო გეგმებში ინტეგრირებული იყოს კლიმატის ცვლილების საკითხები. ბავშვებმა ადრეული ასაკიდანვე უნდა ისწავლონ, თუ რა გავლენა აქვთ მათ გარემოზე, როგორ შეუძლიათ, იცხოვრონ მდგრადობის პრინციპების შესაბამისად, დაიცვან თავი საფრთხეებისგან, ჩაერთონ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ პროცესებში და გააგონონ თავიანთი ხმა ზრდასრულ ადამიანებსა / გადაწყვეტილების მიმღებ პირებს.

ბავშვები არ უნდა დავინახოთ, როგორც მხოლოდ და მხოლოდ კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლადი ჯგუფი, მათ შეუძლიათ, იყვნენ ცვლილების მომტანი ძალა. ისინი არიან თაობა, რომლებზეც ყველაზე დიდ გავლენას იქონიებს კლიმატის ცვლილება, ამიტომ მათ ყველაზე დიდი ინტერესი აქვთ, რომ გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქციონ. იმისთვის კი, რომ ბავშვებმა მიაღწიონ ამ მიზანს, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს სათანადო განათლების სისტემა. სწორედ სათანადო ინფორმაცია და შესაბამისი განათლება აყალიბებს საზოგადოებას, რომელიც აღჭურვილია კლიმატის ცვლილებასთან გასამკლავებლი შესაბამისი უნარებითა და ცოდნით, გათვითცნობიერებულია გარემოს დაცვისა და მასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების საკითხებში; შესწევს ძალა, სახელმწიფოს მოსთხოვოს, აუცილებელი ზომების მიღება და კლიმატის ცვლილებასთან ეფექტიანი ბრძოლა.

მსოფლიოს მასშტაბით უკვე არსებობს კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო არაერთი მოძრაობა, რომელსაც სწორედ ბავშვები და ახალგაზრდები უდგანან სათავეში, მაგალითად, “YOUNGO”. ისინი აქტიურად არიან ჩართული კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მათ შორის, გაეროს საქმიანობაში. კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში ბავშვთა ჩართულობისა და მონაწილეობის მნიშვნელობა აღიარებულია გლაზგოს კლიმატის პაქტითაც, რომლის მიხედვითაც, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა მოითხოვს ყველა პირის, მათ შორის, ბავშვების ჩართულობას მიმდინარე პროცესებში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ დონეზეც, საქართველოში, სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით, ბავშვებს მიეცეთ საშუალება, აქტიურად იყვნენ ჩართულები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან პროცესში, მათ შორის, წარმოდგენილები იყვნენ საქართველოს სახელმწიფო დელეგაციების შემადგენლობაში საერთაშორისო დონეზე. მათი ინტერესები და უფლებები გათვალისწინებული უნდა იყოს გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში როგორც ცენტრალურ, ასევე, ადგილობრივ დონეზე.

საერთაშორისო დონეზე სულ უფრო და უფრო ხშირი ხდება სასამართლო დავებიც, სადაც უშუალოდ ბავშვები თავიანთი და მომავალი თაობების ინტერესების დაცვისა და უსაფრთხოებისთვის მოითხოვენ სახელმწიფოებისგან, მიიღონ სათანადო ზომები კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მის შედეგებთან ადაპტაციის კუთხით.

აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ მსოფლიოს მასშტაბით თანდათან იზრდება ბავშვების როლი გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ პროცესებში, რაც ბუნებრივია, ვინაიდან სწორედ ისინი არიან ის თაობა, რომელსაც ყველაზე ნაკლები წვლილი მიუძღვის თანამედროვე კლიმატის ცვლილების გამოწვევაში და მიუხედავად ამისა, სწორედ მათზე აისახება ყველაზე მეტად მისი უარყოფითი შედეგები. ამიტომ, მნიშნელოვანია ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების მეტად პოპულარიზაცია საქართველოში და სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა მექანიზმის შექმნა და გამოყენება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი სათანადო ჩართულობა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ პროცესებში.



წყარო: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სტატიის ავტორი ანა ბერიძე


Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.