ტაბაწყური ორმაგ იზოლაციაში
ზღვის დონიდან 1991 მეტრზე, ტბის პირას გაშენებულ სოფელში 150-მდე ოჯახი ცხოვრობს. ყოველ ზამთარს ტაბაწყური იზოლაციაში ექცევა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ნაწილთან, ბოროჯომიდან მიმავალი გზა იკეტება და იქ აღწევა მხოლოდ შემოვლითი გზით, ახალქალაქიდანაა შესაძლებელი. ამას კი გაცილებით მეტი დრო მიაქვს. მიმდინარე წლის ზამთარში ადგილობრივებს პანდემიური იზოლაციაც დაემატა. ეთნიკურად სომეხი ოჯახებიდან მამაკაცები სამუშაოდ რუსეთში დადიან. ამჯერად კი ტაბაწყურში დარჩენა მოუწიათ და ოჯახებსაც სოციალურადაც გაუჭირდათ. სხვების მსგავსად, სოფელში დარჩა 34 წლის რუდიკ ხაჩატურიანი.

„სიმართლე რომ გითხრათ ახალგაზრდების 95% ირჩენდა თავს მოსკოვში წასვლით. მე დავდიოდი 2013 წლიდან 2019 წლამდე. კარგად ვარჩენდი ოჯახს, მაგრამ ახლა დაიკეტა გზები, რა უნდა გავაკეთოთ?

ძალიან რთულია, მაგრამ რას ვიზამთ, როდესაც ოჯახს უნდა შენი გვერდში დგომა უნდა წახვიდე. საზღვრების გახსნას ველოდებით, ახლა არ ვიცი გაიხსნა, ზოგს უშვებენ, ზოგს არ უშვებენ, თან ბილეთი ისეთი ძვირია, რომ 3000-4000 ლარი უნდა გქონდეს, რომ წახვიდე მოსკოვში, 4000 ლარი რომ მქონდეს რა მინდა მოსკოვში. ხბოს ვიყიდი რვა ცალს. შევინახავდი და ვიცხოვრებდი კარგად“
, - გვიამბობს ჩაკეტილ სოფელში დარჩენილი რუდიკ ხაჩატურიანი.





ტაბაწყური მკაცრი კლიმატის და დიდთოვლობის გამო, შემოდგომიდან გაზაფხულამდე იკეტება. იქ მცხოვრები ქალები შვილებს ზრდიან, ოთხფეხა პირუტყვს და კარმიდამოს უვლიან და ზამთრობით სამუშაოდ წასულ ქმრებს ან შვილებს ერთი თვით ელოდებიან. კორონავირუსის პანდემიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

ტაბაწყურში აქვთ უმოქმედო ამბულატორია. ექიმს იქ თითქმის ვერასდროს ხედავენ. სოფლის ექთანი ერთადერთია ვინც გასულ წელს თანასოფლელებს მკურნალობდა. სუსანა აკოფიანი ამტკიცებს, რომ ადგილობრივებმა კორონავირუსი 2020 წლის გაზაფხულზე გადაიტანეს.

„არავინ არ ჩამოსულა აქ, არ გაკეთებულა არასდროს არანაირი ტესტირება, მარტო ამ ბოლო ხანებში იყვნენ ჩამოსულები ბორჯომიდან, „ჯეო ჰოსპიტალიდან“, გაუკეთეს ტესტირება მასწავლებლებს. იციან, რომ გადაიტანეს ვირუსი, მაგრამ ტესტირება არ არის გაკეთებული, ისე ყველამ იცოდნენ რომ ნაღდი კორონავირუსი იყო“, - გვიყვება სოფლის ექთანი.



პირდაპირ თუ ირიბად, კორონავირუსის პანდემია შეეხო ტაბაწყურში მცხოვრებ ყველა ოჯახს. თუ ერთ ოჯახში ხანდაზმულმა იავადმყოფა და მედიკამენტების შეძენა გაუჭირდათ, მეორეში სასწრაფო დახმარების დროულად მისვლა გახდა პრობლემა. ოჯახების უმეტესობამ შემოსავალი დაკარგა, შემოსავალთან ერთად მშვიდი ცხოვრებაც.

სამი შვილის დედა ვენერა მარტიროსიანი გვიყვება, რომ ჯანმრთელობის და სოციალური პრობლემების მიუხედავად სახელმწიფოსგან ვერანაირ დახმარებას ვერ იღებს.

"ორი წელია უკვე წამლებს ვსვამ, საავადმყოფოში ვერ დავდივარ უფულობის გამო. ძვირია, საიდან 1000 ლარი ერთ თვეში, რომ წავიდეთ და ვიმკურნალო? არც ერთი დახმარება, არც ერთი. მე საქართველოდან ერთი გროშითაც არავინ დამხმარებია“.

დოკუმენტურ ფილმში ჩვენ გიამბობთ ორმაგ იზოლაციაში მოხვედრილი სოფლის მოსახლეობის ყოველდღიურობის შესახებ, მათი იმედისა თუ უიმედობის ამბავს.




Print