ევროპა ჩვენში
ევროკავშირის დახმარებით შექმნილი ჩაის საწარმო ნინოწმინდაში
ეს ისტორია მოგითხრობთ, როგორ
შეიძლება შეცვალო ადგილობრივების ცხოვრება ეთნიკური უმცირესობებით
დასახლებულ რეგიონში.
მცენარეების შეგროვების ოჯახური
ტრადიცია კი საოჯახო ბიზნესად აქციო ისეთ თემში, სადაც მსგავს
წამოწყებებს ჯერ კიდევ სკეპტიკურად უყურებენ.
საქართველოს ცივ სამხრეთში, სამცხე-ჯავახეთში, ქალაქ ნინოწმინდაში
ვართ. ოქტომბრის მიწურულის სუსხიანი დილაა.
გამომშრალი მცენარეებით სავსე პატარა ოთახში ახალგაზრდა ქალი მინის
კოლბაში ასკილს, კენკრასა და ბეგქონდარას ყრის. ელექტროჩაიდანში წყალი
დუღდება. გრძელთმიანი მზისა ადუღებულ წყალს ფრთხილად ასხამს
საჩაიეში.
გამჭვირვალე, მუცელგაბერილ ჩაიდანში ჩასხმული სითხე ნელ-ნელა ჯერ
ყვითელ, შემდეგ კი მოვარდისფრო ფერს იღებს. ოთახი ჩაის სურნელით
ივსება.
მზისა ხმალაძე 22 წლისაა. მშობლებსა
და და-ძმასთან ერთად ქალაქ ნინოწმინდაში ცხოვრობს. სტუდენტია.
თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო
უნივერსიტეტში, თეატრალურზე სწავლობს.
მზისა ყველაზე ახალგაზრდა ქალი მეწარმეა ნინოწმინდაში. ამ სიტყვებზე
ეცინება. ახსენდება რა უთხრეს მეზობლებმა, როცა თქვა რომ ბიზნესს
იწყებდა:
„რაში გჭირდებოდა ეს ბიზნესი, რომ გათხოვდები მერე რა უნდა ქნა, ქმარი
დაგიშლისო“.
გზა საოჯახო ტრადიციიდან ბიზნესიდეამდე
ბიზნესად საოჯახო ტრადიცია აქცია. მზისას ბავშვობიდან ახსოვს როგორ
აგროვებდა მისი ოჯახი მცენარეებს ნინოწმინდის მინდვრებზე. მაშინ,
ბავშვობაში, მზისასთვის ეს მომაბეზრებელი საქმე იყო. ჩაი არ უყვარდა,
არ სვამდა.
მერე გაიზარდა, სტუდენტი გახდა, თბილისში ჩაის სახლები აღმოაჩინა და
მცენარეული ჩაი შეუყვარდა:
„მას მერე სულ ვფიქრობდი, რომ ამ მცენარეებისთვის, ამდენი რომ გვქონდა
სახლში, რაღაც უნდა მომეხერხებინა“.
დიდხანს არ უფიქრია. იდეა მალე გაჩნდა.
სტუდენტობის პირველ წლებში, პანდემიის გამო, უმეტესად ნინოწმინდაში
იყო. ერთ დღეს ქალაქში, ახალგაზრდულ ცენტრში, არასამთავრობო
ორგანიზაცია CENN-ის შეხვედრაზე მოხვდა. 2019 წელი იყო.
„იმ შეხვედრაზე CENN-ის წარმომადგენლებმა გაგვაცნეს პროექტი, რომელიც
ევროკავშირის დაფინანსებით მალე უნდა დაწყებულიყო. აქცენტი
ახალგაზრდებზე და სოციალურ და მწვანე მეწარმეობაზე კეთდებოდა. იმ
შეხვედრიდან გამოსულმა უკვე ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა“.
მზისა შერეულ – ქართულ-სომხურ ოჯახში
დაიბადა. დედა ეთნიკურად სომეხია, მამა ქართველი. დედასაც და მის
ნათესავებსაც ქართულად საუბარი უჭირთ:
„დედის მხრიდან ყველა ნათესავი ეთნიკურად სომეხია და სულ ვაკვირდებოდი
რა პრობლემები ჰქონდათ. ჯავახეთში ხალხი გარკვეული პერიოდის
განმავლობაში ჩაკეტილი იყო, ამიტომ, ინტეგრაციაც გაუჭირდათ, კანონებში
გარკვევაც. რაიმე საბუთსაც რომ აწერდნენ ხელს, მის შინაარსს ვერ
კითხულობდნენ. სულ მინდოდა ამ პრობლემის გადაჭრა, მაგრამ არ ვიცოდი
როგორ“.
ნინოწმინდაში ქართული ენის შემსწავლელი კურსები, სხვადასხვა ასაკის
ადამიანებისთვის ყოველთვის იყო. ამიტომ, მზისას რამე განსხვავებული
უნდა მოეფიქრებინა.
CENN-ის ტრენინგის შემდეგ მზისა მიხვდა, როგორ შეიძლებოდა ოჯახის
ტრადიციისა და პრობლემების ერთმანეთთან დაკავშირება.
Rund Tea – როგორ დაეხმარა CENN-ი მზისას
პროექტი – EU4Youth: საზღვრისპირა რეგიონებში სოციალური მეწარმეობის
ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის, CENN-მა პარტნიორ
ორგანიზაციებთან Green Lane NGO (სომხეთი) და KRDF (საქართველო),
ევროკავშირის დაფინანსებით, 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.
პროექტის მიზანი საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა
რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის
განვითარება, სოციალური მეწარმეობის და მწვანე ინოვაციების
მიმართულებით მათი უნარ-ჩვევების გაძლიერება და ახალგაზრდების
დასაქმების ხელშეწყობაა. ეს პროექტი ევროკავშირის ახალგაზრდების
მხარდამჭერი ფართო ინიციატივისა და EU4Youth პროგრამის
ნაწილია.
მზისამ განაცხადი 2021 წელს გააგზავნა. Rund Tea – ასე დაარქვა
პროექტს.
მზისას პროექტის მწვანე მიმართულება – ტყის არამერქნული რესურსების
გამოყენება იყო. სოციალური მისია კი ეთნიკური უმცირესობებისთვის
ქართული ენის სწავლება, მათი გაძლიერების და საზოგადოებაში
ინტეგრაციის მიზნით.
მზისას იდეა მოეწონათ. შემდეგ იყო გადამზადების ხანგრძლივი ეტაპი.
ბიზნესიდეისა და ბიზნესგეგმის შემუშავება და მზისას ბავშვობის
მოგონებები საქმედ იქცა.
მზისას პროექტის სრული ღირებულება 20 000 ლარზე მეტს შეადგენდა,
რისთვისაც მან ევროკავშირისგან 17 000 ლარამდე დაფინანსება მიიღო.
როგორ იქცა ძველი საკუჭნაო ჩაის საწარმოდ
ჩაის საწარმოს გასაკეთებლად მზისას პირველ რიგში შესაბამისი ფართი
სჭირდებოდა.
„ეზოში ძველი საწყობი გვქონდა, რომელშიც ზამთრის მარაგს ვინახავდით.
მაგრამ იქ შეუსაბამო პირობები იყო. CENN-ისგან მიღებული გრანტით ის
ფართი კაპიტალურად გავარემონტეთ“.
ახალგარემონტებულ ოთახში ხის თაროები გააკეთეს, საშრობი დადგეს,
გამომშრალი მცენარეების შესაძენად მინის ლამაზი ქილები, ჩაის
დასაყენებლად კი ჩაიდნები მოიმარაგეს. ძველი საკუჭნაო საჩაიედ
იქცა.
CENN-ის დახმარებით მზისამ პროდუქტის
ბრენდირებაც გააკეთა, ლოგო დაამზადა და შესაფუთი მასალები შეიძინა.
2021 წლის ბოლოს, ნინოწმინდაში, საშობაო ბაზრობაზე, პირველი ჩაი
გაიყიდა.
ახლა მზისას ჩაის საწარმოში რვა სახეობის ჩაი იყიდება: პიტნა,
კრაზანა, ვარდი, უკვდავა, ბეგქონდარა, კუნელი, თხაწართხალა და ასკილი.
მათგან სამს – პიტნას, კრაზანას და ბეგქონდარას უკვე გავლილი აქვს
შემოწმება ლაბორატორიაში და ეს სახეობები ლიცენზირებულია.
თუ მსურველს შერეული გემოები უნდა, მზისა სპეციალურ მიქსს აკეთებს.
გემოებს მსურველი თავად არჩევს.
ახლა მზისას უნდა ბიოსერთიფიკატი აიღოს, თავისი ნაწარმი
ბიოპროდუქტების სიაში შეიტანოს, შეფუთვა შეცვალოს და რეგიონის
ფარგლებს გარეთ, დედაქალაქის მაღაზიებშიც შევიდეს.
ამ დრომდე მის პროდუქტს უმეტესად ნინოწმინდის მაღაზიებში და ადგილზე,
სოციალური ქსელების საშუალებით ონლაინ ყიდულობენ.
მზისა გამოფენებისა და სადღესასწაულო ბაზრობების ხშირი სტუმარია. ეს
საუკეთესო გზაა მომხმარებლისთვის მისი ნაწარმის გასაცნობად.
სოციალური მისია – ქართული ენის კლუბი
ნინოწმინდაში
პარალელურად, მზისას მთელი თავისუფალი დრო ნინოწმინდაში ქართული ენის
კლუბს ეთმობა.
ქართული ენის გადამზადების კურსები უკვე გაიარა 30-მა ახალგაზრდამ.
სწავლება მარტის დასაწყისში, ონლაინ დაიწყო. ამას რამდენიმე მიზეზი
ჰქონდა. გარდა იმისა, რომ პანდემია იყო, სწავლის მსურველი რეგიონის
სხვადასხვა ქალაქებისა და სოფლების მცხოვრებლები იყვნენ და მათ ერთ
სივრცეში შეკრების სახსრები არ იყო.
„თავდაპირველად, ქართული ენის შემსწავლელი კურსი რომ გამოვაცხადეთ, 70
განაცხადი შემოვიდა. მათგან 50-მა დაიწყო სწავლა და ბოლომდე სადღაც
30-35 მიჰყვა. სამი ასაკობრივი ჯგუფი იყო: 6-7 -დან 10 წლამდე, 10-დან
15 წლამდე და 15-დან ზემოთ ცალკე“.
ქართული ენის გაკვეთილებს მსურველებს მზისა და მისი ორი მეგობარი
უტარებდნენ. 22 წლის ვლად ტერტერიანი და 19 წლის ერიკნაზ მარკარიანი
მზისას სასწავლო მასალების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ.
„ერიკნაზი სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში მოსამზადებელ ფაკულტეტზე
სწავლობს და იმ მასალებით მეხმარება, რომელსაც უნივერსიტეტში აძლევენ.
გარდა ამისა, ვიყენებთ ჟვანიას სახელობის სკოლის მასალებს
გრამატიკისთვის. მეტყველების გასაუმჯობესებლად კი ვუყურებთ ფილმებს,
წიგნებს ვაძლევთ და სხვადასხვა აქტივობებს ვგეგმავთ – პრეზენტაციები,
ტრენინგები, საინტერესო თემებზე საუბრები, წიგნის განხილვები“, –
ამბობს მზისა.
პირველმა ნაკადმა სწავლა უკვე დაასრულა. ახლა მზისამ კურსები ქართული
ენის კლუბად აქცია და სწავლება ონლაინ სივრციდან პირისპირ შეხვედრების
ფორმატში გადაიტანა.
გეგმები ამ მიმართულებითაც დიდია. მზისას უნდა, რომ სამაგიდო თამაში
შექმნას:
„სავარაუდოდ, ეს იქნება ბარათებზე დატანილი ქართული სიტყვები და
თამაში მათ გამოცნობაზე აიგება. ჯერ იდეის დონეზეა. ამ ბარათებს ჩაის
შეფუთვებშიც გამოვიყენებ და ჩაისაც ექნება საგანმანათლებლო
დატვირთვა“.
ახალგაზრდა ნინოწმინდელი ქალი მეწარმე, საუკეთესო მაგალითია ეთნიკური
უმცირესობებით დასახლებული პატარა თემისთვის, როგორ შეიძლება ჰობი
აქციო საქმედ, გქონდეს შენი შემოსავალი და შეცვალო შენი და
გარშემომყოფების ცხოვრება.
წყარო: eu4georgia.eu
გააზიარეთ :