სტიქიის ზონაში დასახმარებლად, ახალციხეში მოხალისეები გაერთიანდნენ
ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები, სტიქიის ზონაში მეხანძრე-მაშველების დასახმარებლად გაერთიანდნენ.


ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას, ჯაბა ნათენაძემ განაცხადა, რომ Facebook ჯგუფში "სამცხე-ჯავახეთი ახალციხე" გაჩნდა ინიციატივა მოხალისეობრივ ჩართულობასთან დაკავშირებით. შემდეგ კი ერთ დღეში მოხდა ადამიანების მობილიზება როგორც ფიზიკურად, ასევე ფინანსურად.



"ჩვენს
Facebook ჯგუფში "სამცხე-ჯავახეთი ახალციხე" გაჩნდა მოსაზრება, რომ ადამიანები მოხალისეობრივად ჩართულიყვნენ სტიქიის ზონაში. ერთ დღეში მოხდა ადამიანების მობილიზება. ჯგუფის ერთ-ერთმა აქტიურმა წევრმა თემო სანდროშვილმა აიღო საკუთარ თავზე მობილიზების საკითხი. ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლების ნაწილმა თანხა ჩარიცხეს, ნაწილმა კი მზაობა გამოთქვა ადგილზე წასვლის და დახმარების. დღეს დილიდან, ჩვენი მოხალისეები (სამი ბიჭი, ერთი გოგო), ახალციხეში შეიკრიბნენ. შეგროვებული თანხით შეიძინეს წყალი, საკვები და საჭირო რესურსით მობილიზებულები წავიდნენ სტიქიის ზონაში. ვფიქრობ, თუ ხანძრის კერებამდე არ მიუშვებენ, იქნებ მიმდებარე ტერიტორიაზე მაინც დაეხმარონ საჭიროების შესაბამისად. ასევე, წყლით და საკვებით უზრუნველყოფენ მეხანძრე-მაშველებს. სასიხარულოა ასევე ის ამბავი, რომ როდესაც სოციალურ ქსელში, ჯგუფში გაჟღერდა ინფორმაცია მოხალისეობაზე, თბილისიდანაც დამიკავშირდნენ მსურველები. ისინი მზად არიან საკუთარი მანქანებით და საჭირო რესურსით ჩაერთონ და დაეხმარონ სტიქიის ზონაში მყოფებს.

ვფიქრობ, სამოქალაქო პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით ამ დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი. იმედი მაქვს, ყველა ერთად შევძლებთ ბორჯომსა და ახალციხეში ხანძრის სრულ ლიკვიდაციას"
- განაცხადა ჯგუფის დამფუძნებელმა ჯაბა ნათენაძემ.



ფოტოს ავტორი: ჯაბა ნათენაძე.
Print