ახალი ამბები
„არჩევანის საშუალება რომ ჰქონდეთ, მაინც ჩემნაირ მამას აირჩევნდნენ“ - დათას და დემეს მამა ბორჯომიდან
„მარტივი არ არის, ისაუბრო შვილებზე ერთი წინადადებით, მაგრამ ვეცდები მოკლედ ვთქვა: დათა თბილი და დამჯერი ბავშვია. აინტერესებს ის, რაც არასაგნობრივია. დემეტრე პირიქითაა: უყვარს კონფლიქტური სიტუაციის გამოწვევა. ასევე, ჩაქუჩი, ლურსმანი, ტექნიკა, გემრიელი ჭამა პრეტენზიების გარეშე.

დათას უყვარს ფერადი წიგნები, არ უყვარს ხმაური, ძალიან ახარებს ოჯახური გასეირნება. დემეტრესაც უყვარს ოჯახური გასეირნება, მაგრამ საშინლად არ უყვარს თხოვნაზე უარის მიღება. დათა უსაშველოდ ერთგულია, აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია. დემეტრე უსაშველოდ ჯიუტი და კონფლიქტურია, თუ ის არ არის ყურადღების ეპიცენტრში. ორივეს უყვარს ქალაქგარეთ გასვლა და ოჯახური გარემო”
- ასე გვიხასიათებს შვილებს სერგი სტეფნაძე.




სერგი და მისი მეუღლე - ელენე ხოჯანაშვილი შვილებთან ერთად ბორჯომში ცხოვრობენ. ბავშვების აღზრდის ნაწილში, ორივე მშობელი თანაბრად ინაწილებს პასუხისმგებლობას. სერგი ბორჯომის წყლის ჩამომსხმელ ქარხანაში მუშაობს და როგორც თავად ამბობს, სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე ბევრი დრო არ რჩება შვილებთან ყოფნისთვის, თუმცა ცდილობს თავისუფალი დრო სრულად ბავშვებს დაუთმოს. იხსენებს რამდენიმე ამბავს.





„გავიხსენებ დემეტრესთან დაკავშირებულ რამდენიმე ისტორიას. სამეგრელოში, ერთ-ერთ მონასტერში ვიმყოფებოდით და დაინახა დემეტრემ, რომ მამაომ საჭმლის ჭამა დაიწყო და წამოიძახა: შეხედეთ, მამაო ჭამს! კიდევ ერთსაც გავიხსენებ იმავე მონასტრიდან. იღუმენიას ესაუბრებოდა, თუ უყვარს ჭამა და ასევე, დათასგან განსხვავებით შეყვარებული რომ არ ჰყავს, რადგან ის ნერვებს მოუშლის… ერთხელ თამაშისას, ქუჩაში წაიქცა და მეზობელმა ნატკენ შუბლზე კარაქი წაუსვა, არ ჩაულურჯდებაო. დემემ კი უთხრა, რომ კარაქი პურზე უნდა წაუსვას და აჭამოს და არა შუბლზე.”


ამბობს, რომ შვილებმა მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალეს. სიხარულს და ნერვიულობას ასე ჭარბად თუ განიცდიდა, არ ეგონა. მისი ყველა ემოცია დათას და დემეტრეს უკავშირდება.


„ვარ ისეთი მამა, როგორიც შემიძლია ვიყო. დემეტრე ხშირად ჩემი მხარდამჭერია და „მეძმაკაცება“, დათა უფრო ფაქიზია და მის ყველა ღრმა შეკითხვაზე სერიოზული პასუხია საჭირო, ამიტომ სიტუაციურად მიწევს როლის გადათამაშება: „ძამაკაციდან“ ინტელექტუალის ამპლუამდე” - ამბობს სერგი სტეფნაძე.





სერგის ვთხოვეთ, შვილებისთვის ეკითხა „თავად როგორი მამა არის და როგორი უნდათ რომ იყოს?“

„უცვლელად გიზიარებთ მათ პასუხს: ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ და რომ ჰქონდეთ არჩევანის უფლება, მაინც ჩემნაირ მამას აირჩევდნენ” - მიპასუხეს დემეტრემ და დათამ.







სერგი თვლის, რომ შვილების აღზრდის პროცესში როგორც დედის, ასევე მამის თანაბარი ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.

„მამა შვილებისთვის მოდელია და კარგი მოდელი როცაა, შვილი უკეთესი იზრდება. ბედნიერებას სქესი არ აქვს. მე ჩემი შვილები მაბედნიერებენ. იმ მამებს, რომლებიც არ არიან ჩართული შვილების აღზრდის პროცესში, ბევრს ვერაფერს ვურჩევ. მხოლოდ იმას ვეტყვი, რომ შვილებში ჩადებული ყველანაირი კაპიტალი მშობელს უბრუნდება” - დემეტრეს და დათას მამა.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.