საზოგადოება
პარლამენტმა „აგენტების შესახებ“ კანონი მიიღო - როდის ამოქმედდება და რა მოხდება შემდეგ
28 მაისს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო და მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ 84 დეპუტატის მხარდაჭერით მიიღო კანონი „აგენტების შესახებ“. ამის შემდეგ მოვლენები ასე განვითარდება:

ხელმოწერა და გამოქვეყნება
კანონპროექტი 3 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად. თითქმის დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ვეტო დაადო ამ კანონს, დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტისთვის კანონპროექტის დაბრუნებიდან ხუთი დღის ამოწურვის შემდეგ, კანონი პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით გამოქვეყნდება.

„აგენტების რეესტრის“ შექმნა
გამოქვეყნების შემდეგ 60 დღე ექნებათ იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრის შესაქმნელად. როცა ეს ეტაპიც დასრულდება, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ონლაინმედიის დიდი ნაწილისთვის „უცხოელი აგენტების“ რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო გახდება.

წერილობითი განაცხადი რეგისტრაციაზე
თუკი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ „კრიტერიუმებს“ აკმაყოფილებს, კანონის გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს იწყება ათვლა, რომლიდანაც ერთი თვის განმავლობაში, ის ვალდებულია, იუსტიციის სახლში თავად მატერიალურად წარადგინოს წერილობითი განცხადება და ითხოვოს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება. 2 სამუშაო დღეში ის მიიღებს წვდომას შესაბამის ვებსაიტზე. დაშვებიდან 10 სამუშაო დღეში ორგანიზაცია ვალდებულია ელექტრონულად შეავსოს განაცხადი.

ელექტრონული დეკლარაციის წარდგენა
ორგანიზაცია ელექტრონულად ავსებს განაცხადს საკუთარი თავის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირების შესახებ.

რეგისტრაცია იმავდროულად ორგანიზაციის საფინანსო დეკლარაციის წარდგენასაც ითხოვს. მასში აისახება:

საიდენტიფიკაციო მონაცემები;
მისამართი;
ვებსაიტის მისამართი;
ინფორმაცია წინა წელს მიღებული ფულადი და ქონებრივი შემოსავლის შესახებ. უნდა განიმარტოს, მატერიალური სიკეთის წყარო, ოდენობა და მიზანი;
ინფორმაცია წინა წელს დახარჯული თანხის ოდენობისა და მიზნის შესახებ.
შემოწმება-რეგისტრაცია
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ექნება 30 სამუშაო დღე იმისათვის, რომ შეამოწმოს, რამდენად „სწორად და სრულყოფილად არის შევსებული“ განაცხადი და მისი ავტორი დაარეგისტრიროს. აღრიცხოს ის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრში. ეს ინფორმაცია საჯაროა.

განაცხადის შესწავლის მიზნით, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელს უფლება აქვს მოიძიოს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი ორგანიზაციასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების შესახებ, მათ შორის:

პოლიტიკური შეხედულება;
ეთნიკური კუთვნილება;
რელიგიური მრწამსი;
ჯანმრთელობა;
გენეტიკური მონაცემები, რომლებიც ფიზიკური პირის უნიკალური იდენტიფიცირების მიზნით მუშავდება;
სქესობრივი ცხოვრება.
ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან, დაუყოვნებლივ წარადგინონ მოთხოვნილი ინფორმაცია. მონაცემების წარუდგენლობის შემთხვევაში, მათ შორის, ფიზიკური პირები 5000 ლარით დაჯარიმდებიან. თვის განმავლობაში ამ ჯარიმის გამოწერა მრავალჯერ შეიძლება, რადგან კანონში არ გვხვდება ამის შემზღუდავი ჩანაწერი.

თუ ორგანიზაცია აგენტად არ დარეგისტრირდება, რა მოხდება?
სახელმწიფო მას 25 ათასი ლარით დააჯარიმებს და თავად დაარეგისტრირებს „აგენტების რეესტრში“.

ამის შემდეგ კი მოსთხოვს ორგანიზაციას ატვირთოს საფინანსო დეკლარაცია. თუ ორგანიზაცია ამ მოთხოვნასაც დაარღვევს, მას კიდევ 10 ათასი ლარით დააჯარიმებენ.

სახელმწიფო ორგანიზაციას მომდევნო თვეს ისევ შეამოწმებს და თუ ისევ აღმოაჩენს მის „ურჩობას“, 20 ათასი ლარით დააჯარიმებს. სახელმწიფოს ამ მიზეზით ორგანიზაციის 20 ათასი ლარით დაჯარიმება ყოველ ახალ თვეს შეეძლება.

თუ ორგანიზაციამ არ განაცხადა, სახელმწიფო როგორ გაიგებს, რომ ის „აგენტების რეესტრშია“ შესაყვანი?
კანონში დასმენის მექანიზმია ჩადებული. ნებისმიერს შეუძლია, სახელმწიფოს წერილობით შეატყობინოს „უცხოეთის აგენტი ორგანიზაციის“ არსებობა.

ამ შემთხვევაში „უცხოეთის აგენტების“ გამოსავლენად, იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს [ეს ადამიანი კანონის ამოქმედების შემდეგ გაირკვევა] უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, ერთპიროვნულად დაიწყოს მოკვლევა.

წყარო: რადიო თავისუფლება
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.