საზოგადოება
არ უნდა დავუშვათ, რომ ეკლესია გაიხლიჩოს - მეუფე გრიგოლი
ჩემი გამოხმაურებით არ ჩავერეოდი სხვა ეპარქიის შიდა საქმეებში, იმ იმედით, რომ ადგილობრივი პრობლემაა და ადგილზე მოგვარდება ეს, მაგრამ ჩვენ, ყველა ვხვდებით, რომ ეს პრობლემა და მისი ფესვები ბევრად უფრო ფართომასშტაბიანია, ასე გამოეხმაურა ფოთისა ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის შემდეგ ქადაგებისას.

"მარხვის პერიოდი ძალიან მძიმე ფონზე მიმდინარეობს. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს სხვადასხვა ტელევიზიაში, მათ სიახლეებში, ნიუსებში, პირველ ადგილზე დგას ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენები. ამაზე ლაპარაკობს ყველა და ამაზე მსჯელობს, ამაზე სწუხს ეკლესია ანუ თითოეული თქვენგანი, თითოეული ჩვენგანი, ეს ჩვენი ტკივილია! მე ნამდვილად არ შევეხებოდი ახლა ამ თემას, ეს რომ იყოს უშუალოდ ვიწრო, ეპარქიის პრობლემა, რადგან ჩემი გამოხმაურებით არ ჩავერეოდი სხვა ეპარქიის შიდა საქმეებში, იმ იმედით, რომ ადგილობრივი პრობლემაა და ადგილზე მოგვარდება ეს, მაგრამ ჩვენ, ყველა ვხვდებით, რომ ეს პრობლემა და მისი ფესვები ბევრად უფრო ფართომასშტაბიანია, ვიდრე ეპარქიის საზღვრებმა შეიძლება დაიტიოს. ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, როგორც საერთოდ ცოდვების მიმართ წაყრუება არის ძალიან დიდი რისკების შემცველი საეკლესიო ცხოვრებაში, ასევე, სადამსჯელო ღონისძიებების იმედად ყოფნა არანაკლები სიმძიმეების მომტანია და არანაკლები საფრთხის შემცველი არის ეკლესიისთვის, რადგან ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მცირერიცხოვანი ერი ვართ, შესაბამისად ეს ეკლესია არ არის მხოლოდ წმინდა რელიგიური შინაარსის ინსტიტუცია, თუ შეიძლება, ასე ვიხმაროთ ეს სიტყვა, არამედ ეკლესია არის ფუძემდებლური ინსტიტუტი ქართული სახელმწიფოებრიობისა, ისტორიულად ასე ჩამოყალიბდა. ამ ისტორიას ჩვენ ზურგს ვერ შევაქცევთ, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განსხვავებით სხვადასხვა ეკლესიისგან, სხვადასხვა დიდი სახელმწიფოსგან, სადაც არა თუ ერთი, არამედ მრავალ მიმდინარეობად არის ეკლესიები დახლეჩილი და არ უნდა დავუშვათ, რომ ეკლესია გაიხლიჩოს, არ უნდა შევქმნათ იმის პრეცედენტი, რომ გაჩნდეს პარალელურად მიმდინარეობები, სადაც ჩვენ დავინახავთ იერარქიას, რომელსაც, მერე, გინდა კანონიერი დაარქვი და გინდა, უკანონო,"- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

Print