საზოგადოება
საარჩევნო კანონმდებლობაში მაინც არსებობს ხარვეზები და ორაზროვნება - ეუთო/ოდირი
საარჩევნო კანონმდებლობაში მაინც არსებობს ხარვეზები და ორაზროვნება, რასაც, ზოგიერთ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციის, სასამართლოებისა და სხვა შესაბამისი აქტორების მხრიდან კანონის შეუსაბამო გამოყენება მოჰყვა, – ამის შესახებ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშშია აღნიშნული.
„მართალია, ბევრი დაინტერესებული მხარე მიესალმა ცვლილებებს, თუმცა გამოითქვა შეშფოთება საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო კამპანიისა და წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების, საარჩევნო დღის პროცედურების მიმართულებით კანონმდებლობის ეფექტურ განხორციელებასთან დაკავშირებით,”- ნათქვამია დოკუმენტში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნები სამი დონის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობით იმართებოდა და საარჩევნო ადმინისტრაციამ კანონით დადგენილი ვადები დააკმაყოფილა და ზოგადად ეფექტიანად მართავდა არჩევნების ტექნიკურ ასპექტებს კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების პირობებში.
„ცენტრალური საარჩევნო კომისია რეგულარულად ატარებდა სხდომებს, რომლებიც ღია იყო აკრედიტებული საარჩევნო სუბიექტების, დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი არ განხილულა ცესკო-ს მიერ ღია სესიებზე, რაც კანონთან შესაბამისობაში იყო, თუმცა ზღუდავდა გამჭვირვალობას. საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის დომინანტური წარმომადგენლობა, განსაკუთრებით დაბალ დონეებზე, უარყოფითად აისახა საარჩვენო კომისიების მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების აღქმაზე“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
დოკუმენტში ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესზეც არის საუბარი და აღნიშნულია, რომ პროცესი პასიური, ხანგრძლივი და ცენტრალიზებულია.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ პარტიისა და კანდიდატის რეგისტრაცია ზოგადად ინკლუზიური იყო, ცესკო-მ დაარეგისტრირა 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი, რამაც ამომრჩევლები ფართო არჩევანის შესაძლებლობით უზრუნველყო.
აქვე ნათქვამია, რომ შეკრებების, ასოციაციისა და გამოხატვის თავისუფლებები ძირითადად დაცული იყო და კანდიდატებს ზოგადად ჰქონდათ შესაძლებლობა, კამპანია ეწარმოებინათ თავისუფლად და გაუმართლებელი შეზღუდვების გარეშე.
„თუმცა პარტიის მხარდამჭერებისა და საჯარო სექტორის თანამშრომლების დაშინების შესახებ ცნობები ფართოდ ვრცელდებოდა. მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი ხშირად ბუნდოვანი იყო, რაც ეუთო-ს ვალდებულებებს და კარგ საერთაშორისო პრაქტიკას ეწინააღმდეგება.
აქტიური მედია და ონლაინ კამპანია ჩატარდა, მრავალმა კანდიდატმა გამოიყენა Facebook-ი ამომრჩევლებთან დასაკავშირებლად, თუმცა არსებით საკითხებზე მცირე დისკუსია გაიმართა. ამასთან, ოდირის შეზღუდულმა საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა, რომ კანონმდებლობის ასპექტები უპირატესობას აძლევს უფრო ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ პარტიებს უფრო მეტად პატარა და ახალი პარტიების საზიანოდ“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი კამპანიის დაფინანსების საკითხზეც საუბრობს.
„ბოლო შესწორებებით გათვალისწინებულ იყო კამპანიის დაფინანსების შესახებ ზოგიერთი წინა რეკომენდაცია, თუმცა დაინტერესებულ მხარეთა უმეტესობას არ ჰქონდა საკმარისი ნდობა კამპანიის დაფინანსების ანგარიშების სანდოობასთან დაკავშირებით და ოდირის შეზღუდულმა სადამკვირვებლო მისიამ გამოავლინა მნიშვნელოვანი შეუსაბამობები რეალურ და ანგარიშში ასახულ ხარჯებს შორის. ამავე დროს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატი და შესაძლებლობები კამპანიის დაფინანსების ერთიანობის ეფექტიან ზედამხედველობასთან დაკავშირებით შეზღუდული რჩება. პარტიებისა და კამპანიების სახელმწიფო დაფინანსების ზოგადი სისტემა, მათ შორის, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის სახელმწიფოს მიერ სუბსიდირება, რაც არაპროპორციულად ხელსაყრელია რამდენიმე პარტიისთვის, ასევე შემოწირულობებისა და ხარჯების მაღალი ზღვარი, ხელს უწყობდა არათანაბარ საარჩევნო კონკურენციას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.