პოლიტიკა
კახა გოგოლაშვილი - აშშ-ის კვერცხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩინეთის ქათამი
აშშ-დან მოცემული კვერცხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩინეთიდან მოცემული ქათამი, - ამის შესახებ რონდელის ცენტრის მკვლევარმა, კახა გოგოლაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

კახა გოგოლაშვილის თქმით, ჩინეთის მიერ საქართველოს დახმარება უმეტესწილად ისევ ჩინეთის პოპულარიზაციას ხმარდება, განსხვავებით, აშშ-ის დახმარებისგან, რომელზედაც სრულადაა დამოკიდებული საქართველოს სამხედრო სტრუქტურების არსებობა.

„ის, რომ ჩინეთი იჩენს მეტ ყურადღებას „ქართული ოცნების“ გუნდის მიმართ და მიიწვია ჩინეთში ინტერპარტიულ თანამშრომლობაზე. ის, რომ რამდენჯერმე განხორციელდა მაღალი დონის ვიზიტები მინისტრების, პრემიერ-მინისტრის და ა.შ., ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩინეთი მეტ ყურადღებას იჩენს ქვეყნის მიმართ. სად ჩინეთის დახმარება და სად აშშ-ის დახმარება, რომელიც ყოველწლიურად მინიმუმ 200 მილიონი დოლარია და ჩვენი სამხედრო სტრუქტურების არსებობა, განვითარება დამოკიდებულია აშშ-ის დახმარებაზე, ნატო-სთან თავსებადობა მთლიანად დამოკიდებულია აშშ-ის პროექტებზე და პროგრამებზე. სად არის ამდენი ჩინური დახმარება? ჩინეთის დახმარება უმეტესად მიდის იმაზე, რომ ჩინეთის პოპულარიზაცია მოხდეს. ჩინურ ენას ასწავლიან კი, მაგრამ ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ ჩინეთის პოპულარიზაცია მოხდეს და გაცნობა მოხდეს საქართველოში და არა იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს როგორც დემოკრატიული ქვეყანა“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

კახა გოგოლაშვილის თქმით, საქართველო ჩინეთთან დაწესებული უვიზო მიმოსვლით ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს.

„რამდენად ჭირდება ჩვენს მოსახლეობას უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან? - ჩვენთვის ნამდვილად საფრთხეა. ჩვენთვის აბსოლუტურად არაფრის მომცემი არ არის, იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეები ჩინეთში ვერ დასაქმდებიან და ამერიკაში ჩვენი მოქალაქეები უვიზო მიმოსვლის გარეშეც ძალიან კარგად ახერხებენ დასაქმებას. ნებისმიერი, ვინც იქ ჩადის, პოულობს სამსახურს. ჩინეთში ჩვენი მოქალაქე ვერანაირ სამსახურს ვერ იპოვის და თუ იპოვის, უფრო დაბალ ხელფასზე, ვიდრე აქ არის. ამიტომ ეს ჩვენი მოსახლეობისთვის არაფერი შეღავათი არ არის“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.


წყარო: ინტერპრესნიუსი
Print