ახალი ამბები
ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შემოიღო - კობახიძე
მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა. მისი თქმით, ისინი ჩინეთში 30 დღის განმავლობაში შეძლებენ უვიზოდ ყოფნას. კობახიძემ ახალ გადაწყვეტილებას უწოდა საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მნიშვნელოვანი, პრაქტიკული სიახლე.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ჩინეთში უვიზოდ დაყონ 30 დღე, ზედიზედ. ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს გაუმარტივებთ ჩინეთში მოგზაურობას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების კიდევ უფრო მეტი განვითარების თვალსაზრისით.

ეს გადაწყვეტილება არის საქართველოსა და ჩინეთს შორის შარშან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის მორიგი, მნიშვნელოვანი სიახლე, პრაქტიკული შედეგი. მინდა მივულოცო ჩვენს თანამოქალაქეებს და მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ჩინელ მეგობრებს, ჩინეთის ხელისუფლებას ამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის"
, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


2023 წლის 31 ივლისს საქართველომ და ჩინეთმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ჩინეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ურთიერთობებზე. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს თავისი მკაფიო ხედვები ორივე სტრატეგიულ პარტნიორთან.

მან შეადარა საქართველოსადმი ჩინეთისა და აშშ-ის დამოკიდებულება, ხაზგასმით აღნიშნა ჩინეთის მზარდი ინტერესი.

„მაგალითად, გვაქვს ძალიან გააქტიურებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ეკონომიკურ პროექტებში ძალიან აქტიურად არიან ჩართული ჩინური კომპანიები, რაც არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ სათანადოდ განხორციელდეს შესაბამისი პროექტები. გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ხელმოწერილი ჩინეთთან, რამაც ხელი შეუწყო ამ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. გვაქვს პირდაპირი ფრენები ჩინეთთან, ასევე ნახეთ, როდესაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩასული ჩინეთში, მას უმაღლეს დონეზე მოუწყვეს დახვედრა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Print