ახალი ამბები
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი რამდენიმე წუთის წინ გახდა.


საკითხი, რის გამოც საპარლამენტო უმრავლესობის 80-მა დეპუტატმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, სალომე ზურაბიშვილის ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობას შეეხება - ის სექტემბრის დასაწყისში გერმანიის, საფრანგეთისა და ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს მთავრობის ნებართვის გარეშე შეხვდა და ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხზე ესაუბრა. სასამართლო სამი დღის განმავლობაში უსმენდა მხარეებს.



"ქართული ოცნების" არგუმენტები:

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს უფლება ჩაერთოს ქვეყნის საგარეო ურთიერთობებში მთავრობის თანხმობის გარეშე. კონსტიტუციის მისეული განმარტებით, ქვეყნის პრეზიდენტს მთავრობის თანხმობა სჭირდება მაშინაც, თუ ის ქვეყანაში ჩამოსულ სხვა ქვეყნის ლიდერს შეხვდება და მაშინაც კი, თუ წავა სხვა ქვეყანაში გამოფენაზე დასასწრებად ან დაკრძალვის ცერემონიაზე - გამონაკლისის გარეშე.



პრეზიდენტის არგუმენტები:

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში ამავე სასამართლოში 10-წლიანი სამოსამართლეო გამოცდილების მქონე მაია კოპალეიშვილი წარმოადგენდა. ის ამბობდა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია პრეზიდენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, ჩართული იყოს ისეთ საგარეო ურთიერთობებში, რომელიც ქვეყნის კურსის ცვლილებას არ ეხება - შეხვდეს სხვა ქვეყნის ლიდერებს, გაუგზავნოს მას წერილები, დაურეკოს და უპასუხოს მათ სატელეფონო ზარებს, მთავრობის ნებართვის გარეშე.


1 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტია იწყებდა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას. საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის სახელით საკონსტიტუციო წარდგინება სასამართლოში 14 სექტემბერს შევიდა.


პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის პარლამენში კენჭისყრაზე გასატანად აუცილებელი იყო სასამართლოს უარყოფითი დასკვნა (9 მოსამართლიდან 6-ის თანხმობა). ამის შემდეგ ორი კვირის ვადაში საკითხი კენჭისყრაზე დგება - პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რომელიც მმართველ პარტიას დღევანდელი მდგომარეობით არ აქვს.
Print