ახალი ამბები
მივესალმებით განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევაზე - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მიესალმება "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას "უცხოეთის გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევაზე. ევროკავშირმა ლიდერებს 12 პრიორიტეტით გათვალისწინებულ რეფორმებზე მუშაობისკენ მოუწოდა.


"მივესალმებით მმართველი პარტიის განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით განაახლონ პროევროპული რეფორმები 12 პრიორიტეტის შესაბამისად საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღწევის მიზნით", - წერია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

დღეს დილით, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გაავრცელა განცხადება, რომ მათი გადაწყვეტილებით, გაიწვევენ პირველი მოსმენით უკვე მიღებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.


"ჩვენ ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ მშვიდობას, სიმშვიდესა და ეკონომიკურ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც საქართველოს წინსვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, აუცილებელია, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ენერგია არა დაპირისპირებაზე, არამედ ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებაზე დაიხარჯოს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი", - წერია პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მმართველი პარტიის თანახმად, "ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად", საზოგადოებას უკეთ განუმარტავენ, "რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში".

განცხადებაში წერია, რომ გადაწყვეტილება მიიღეს „კანონის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების“ გამო, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის გამართული კონსულტაციის შედეგად.

საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი უცხოეთიდანაა მიღებული.
Print