ახალი ამბები
მთავრობა "ფუფუნებისთვის განკუთვნილი ვერტმფრენის" დაბრუნებას და მის ნაცვლად 3 ახლის ყიდვას აპირებს
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, წინა ხელისუფლების დროს, ყოფილი პრეზიდენტისთვის შეძენილ ვერტმფრენ "სუპერ პუმას" ქარხანას დაუბრუნებენ და სანაცვლოდ 3 ახალ ვერტმფრენს იყიდიან. 29 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი ვერტმფრენები სამაშველო ოპერაციებისთვის იქნება განკუთვნილი.



"გომელაურის უწყება აქტიურად მუშაობს 3 ახალი ვერტმფრენის შეძენისთვის. იმის მიუხედავად, რომ ყველა ვერტმფრენი აბსოლუტურად გამართულია, კარგ მდგომარეობაშია, ეს განვიხილეთ. სახელმწიფოს ჰყავს ერთი ძვირადღირებული, ფუფუნებისთვის განკუთვნილი ვერტმფრენი, რომელიც შეძენილ იქნა წინა მთავრობის დროს, ყოფილი პრეზიდენტისთვის, რამდნეიმე ათეული მილიონი ევროა გადახდილი ამ ვერტმფრენისთვის. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ამ ვერტმფრენით არავინ არ ისარგებლა...

რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა განხილვა და მივიღეთ გადაწყვეტილება. ახალ ვერტმფრენს გადავცემთ უკან მის გამომშვებ ქარხანას და გავყიდით და სანაცვლოდ 3 ახალ ვერტმფრენს შევიძენთ. ისეთებს, რომლებიც გამოგვადება სამაშველო ოპერციებში და სხვადასხვა ოპერაციებისთვისაც. ფინანსთა სამინისტროცაა ჩართული ამ პროცესში",
- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.



მანვე "სპეკულაციები" და "ტყუილი" უწოდა იმას, რომ ყოფილი ხელისუფლების დროს შეძენილი ვერტმფრენი გამოიყენება სამაშველო ოპერაციებში.


მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საფრანგეთიდან საქართველოში 3 ევროკოპტერი "სუპერ პუმა" ჩამოიყვანეს. "ქართული ოცნების" ხელისუფლება ამ ვერტმფრენებს სამაშველო ოპერაციებსა თუ დელეგაციების გადასაყვანად არ იყენებს, რის გამოც ხშირად აკრიტიკებენ.



შსს-ში ამტკიცებენ, რომ ამჟამად სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე არსებული 2 სუპერ პუმა 2011 წელს სამაშველო ფუნქციებისთვის საჭირო აღჭურვილობის გარეშე შეისყიდეს.


"სწორედ ამიტომ სუპერ პუმის გამოყენება ვერ ხდება სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში (ხალხის ამოსაყვანად და ვერც ხანძრების ჩასაქრობად). განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ერთ-ერთი სუპერ პუმა, რომელიც სპეციალური შეკვეთით, მაღალი კლასის სალონითა და დიზაინითაა დამზადებული და რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მაღალი რანგის პირების გადაადგილების მიზნით გამოიყენებოდა", - წერია შსს-ს განცხადებაში, რომელიც მათ 29 ივლისს გუდაურში სამაშველო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შემდეგ გაავრცელეს.



Print