ახალი ამბები
უერთდებიან თუ არა ბორჯომიდან საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციას
თბილისში, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებული, ევროპული კურსის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. მოქალაქეები ევროპის მოედანზე დღეს, 16 ივნისს, 19:00 საათზე შეიკრიბებიან. აქციის თაობაზე მოწოდება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 14 ივნისს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მან მოქალაქეებს მიმართა, შეიკრიბონ, რიყეზე, რათა „დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა“.

იმის გასარკვევად, უერთდებიან თუ არა ბორჯომიდან პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ დღევანდელ აქციას, ტელეკომპანია "ბორჯომი" დაუკავშირდა როგორც "ქართული ოცნების", ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ბორჯომის მერმა და "ქართული ოცნების" ბორჯომის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ოთარ არბოლიშვილმა გვიპასუხა, რომ ის ვერ ახერხებს აქციაზე დასწრებას. მისი თქმით, ეს არის ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო. მისთვის უცნობია, პარტიის სხვა წევრები შეუერთდებიან თუ არა დღეს თბილისში პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციას.

"მე პირადად ვერ ვახერხებ დასწრებას. არ ვიცი, პარტიიდან ვინმე თუ შეუერთდება, არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია. ეს არის ნებაყოფლობითი" - განაცხადა ოთარ არბოლიშვილმა.

ტელეკომპანია "ბორჯომი" საკრებულოს თავმჯდომარესაც დაუკავშირდა. დავით ზაალიშვილის თქმით, სამუშაო საათების განმავლობაში იმყოფება სამსახურში და არ იცის, შეძლებს თუ არა დღეს აქციაზე დასწრებას. მისთვის ასევე უცნობია, ადგილობრივი თვითმმართველობიდან შეუერთდება თუ არა ვინმე დღევანდელ აქციას.

"არ მაქვს ინფორმაცია, ადგილობრივი ხელისუფლებიდან შეუერთდება თუ არა ვინმე აქციას. მე პირადად, სამსახურში ვარ, ვმუშაობ და წინასწარ ვერ გეტყვით, რამდენად შევძლებ დასწრებას" - ამბობს დავით ზაალიშვილი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურშიც გვიპასუხეს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობიდან სავარაუდოდ არავინ აპირებს აქციაზე წასვლას.



Print