ახალი ამბები
"ივნისის ბოლოს საქართველო მიიღებს ევროკავშირში წევრობის სტატუსს" - ირაკლი ზარქუა
"ვფიქრობ, ივნისის ბოლოს საქართველო ევროკავშირში წევრობის სტატუსს მიიღებს - საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და ეს იქნება თითოეული ქართველის დამსახურება, წინასწარ გილოცავთ" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


როგორც ზაქრუა განმარტავს, საქართველოსთვის გადაცემული ევროკომისიის კითხვარის შევსებაში ყველა უწყება დიდი პასუხისმგებლობით იყო ჩართული.


"ევროკავშირის წევრის სტატუსის მისაღება ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული შანსია. დღეს კითხვარის მეორე ნაწილს ევროკავშირის წარმომადგენელს გადასცემენ. მინდა გითხრათ, რომ ყველა უწყება დიდი პასუხისმგებლობით იყო ჩართული. ვფიქრობ, ივნისის ბოლოს საქართველო ამ ისტორიულ შანსს მიიღებს, კერძოდ, მიიღებს ევროკავშირში წევრობის სტატუსს. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა და უკვე სტატუსის მინიჭება დაგვირგვინება იქნება. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ის რეფორმები და მიდგომები, რაც გვქონდა ეკონომიკასა და კონსტიტუციაში, ყველაფერი, ასეთი ლამაზი დასასრულით დაგვირგვინდა. საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და ეს იქნება თითოეული ქართველის დამსახურება. წინასწარ გილოცავთ",- აღნიშნავს ზარქუა.


ცნობისთვის, დღეს ევროკავშირის წარმომადგენელს, ევროკავშირის მიერ გამოგზავნილი კითხვარის მეორე ნაწილი ოფიციალურად გადაეცემა, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირის წევრის სტატუსის მისაღებად შეავსო.
Print