აშშ უკრაინას საარტილერიო სარაკეტო სისტემებს დამატებით მიაწვდის
თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ემზადება უკრაინას HIMARS-ის სარაკეტო საარტილერიო სისტემებისა და შესაბამისი საბრძოლო მასალის დამატებითი რაოდენობა მიაწოდოს.


„მიმდინარე კვირის ბოლოს, ადმინისტრაცია გამოაცხადებს იარაღისა და აღჭურვილობის მორიგ პაკეტს უკრაინისთვის. ეს იქნება მეთექვსმეტე ასეთი დახმარების განაწილება უკრაინის მხარდასაჭერად მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა თანამდებობა დაიკავა. პაკეტი მოიცავს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების, HIMARS-ის დამატებით რაოდენობას, რომელსაც უკრაინელები ძალიან ეფექტურად იყენებენ“, - განაცხადა კირბიმ.

მან ასევე განაცხადა, რომ ახალი დახმარების პაკეტის ფარგლებში უკრაინას, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისთვის, ჭურვებსა და საბრძოლო მასალას გადასცემენ.

Print