რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში უკვე 220 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის მიერ დღეს, 3 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დაღუპულია 220 ბავშვი და დაჭრილია 406. ამ დროისთვის ბოლო ფაქტი დაფიქსირებულია ქალაქ ოდესაში, სადაც რუსეთის არმიის მიერ 2 მაისს განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა ორი მოზარდი.

„ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 220 ბავშვი და დაშავდა 406. ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან გრძელდება მუშაობა დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საგამოძიებო უწყების მონაცემებით, უკრაინის ქალაქების და სოფლების დაბომბვის და დაცხრილვის შედეგად დაზიანებულია 1400-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება და მთლიანად დანგრეულია - 118.
Print