ინტერაქტიული მულტიმედია
ოჯახს მოწყვეტილი პედაგოგები
სოფელ ციხისჯვრის საჯარო სკოლის სამასწავლებლოში შეკრებილი პედაგოგები მსჯელობენ თუ რა სიახლეებით შეხვდნენ ახალ სასწავლო წელს სექტემბრიდან. სასიამოვნო სიახლეები ამ სკოლის მოსწავლეებისთვის უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა. აქ ყველაფერი ბავშვების საჭიროებებზეა გათვლილი და მორგებული. სკოლა 9 კლასიანია და სულ 31 ბავშვი სწავლობს.


სკოლის შესასვლელში განთავსებული ეს ფერადი სახლი პირველკლასელებისთვის არის განკუთვნილი. სოფელში სადაც მუდმივად მაცხოვრებელი 120 ოჯახი ცხოვრობს საბავშვო ბაღი არ არის. ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრაცია პირდაპირ სკოლიდან იწყება. სკოლა კი ახალ გარემოს თამაშ-თამაშით აჩვევს.





ყველა საკლასო ოთახს დაწყებით კლასში თავისი სცენა აქვს. აქ პატარები ლექსებს ყვებიან. სცენა და ყველა საჭირო ტექნიკაა მუსიკის კლასშიც. ბავშვებმა რომ კომფორტულად იგრძნონ თავი ინდივიდუალურად კარადები აქვთ ტანსაცმლისა და ნივთების შესანახად. აქვეა კარადაში დამონტაჟებული ხელსაბანები.






სიახლეების ავტორი ამავე სკოლის დირექტორია, რომელიც პედაგოგებთან ერთად მუდმივად ახლის ძიებაშია. ჯული მაისურაძე ციხისჯვრის საჯარო სკოლაში 1997 წლიდან მუშაობს. ძირითადად ეთნიკური ბერძნებით დასახლებულ სოფელში წლების წინ პროგრამის ფარგლებში ჩამოვიდა. არაქართულ სოფელში ბავშვებისთვის ქართული ენა უნდა ესწავლებინა.

იხსენებს, რომ იმ პერიოდში სკოლაში სწავლა და გარშემომყოფებთან კომუნიკაცია რუსულ ენაზე ხდებოდა. სოფელმა კარგად მიიღო. არაქართულ გარემოში ძალიან გაუჭირდა, მაგრამ ბერძნული ისწავლა. საქმის სიყვარულმა ყველა პრობლემა დააძლევინა.



ჯული მაისურაძე-სკოლის დირექტორი

ოჯახისგან მოშორებით სამუშაოდ წასვლა თავდაპირველად ფინანსურმა დაინტერესებამ განაპირობა. შემდეგ კი როცა შედეგი დაინახა და ბავშვებმა ქართულად საუბარი დაიწყეს ფინანსებმა ბოლო ეტაპზე გადაიწია და გადაწყვიტა რამდენიმე წელი დარჩენილიყო.

2004 წლიდან სკოლის დირექტორი გახდა და მთელს სკოლაზე დაიწყო ზრუნვა.

ამავე წელს სკოლაში პირველი ქართული სექტორი გაიხსნა. რუსული სექტორი კი თანდათან შემცირდა და საბოლოოდ 2011 წელს მთლიანად დაიხურა. სკოლას რამდენიმე ქართულის მასწავლებელი დაემატა. მათ შორის სამინისტოს მიერ გამოგზავნილი პედაგოგები.


„ბედნიერი ვარ რომ ბერძნების სოფელში ქართულს ვასწავლით მთელი კოლექტივი ერთიანი ძალებით. ძნელია ბერძენი ბავშვისთვის, რომელსაც სახლში ქართული სიტყვა არ ესმის, ბერძნულ-რუსული ურთიერთობა აქვთ მშობლებს და ბავშვებს ერთმანეთთან, მხოლოდ სკოლის იმედად არიან. ჩვენ შევძელით ქართულ ენაზე მათ მათემატიკა, ბიოლოგია, ფიზიკა და სხვა საგნები ისწავლონ.
ხელფასმა ბოლო ადგილზე გადაინაცვლა. მე ვმუშაობ ენთუზიაზმით. ვფიქრობ რომ ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ საქართველოსთვის“.


დარეჯან ხაჩიძე ციხისჯვრის საჯარო სკოლაში 10 წელია ქართულს ასწავლის. აქ სადგერის სკოლის დახურვის შემდეგ გადმოვიდა. ბავშვების სიყვარულის გამო პირველივე შეთავაზებას დათანხმდა. სამი შვილი დატოვა, რომლებიც მის გარეშე გაიზარდნენ. ოჯახის გარეშე ყოფნა გაუჭირდა. ამბობს, რომ თითოეული მოსწავლე მისი შვილია. მათში დიდი სიყვარულს დებს და ეს აძლებინებს.



დარეჯან ხაჩიძე-პედაგოგი


„პირველად რომ მოვედი მითხრეს გაგიჭირდება ბერძენ ბავშვებთან კომუნიკაციაო. ჩემს პირველ მოსწავლესთან ერთად ვსწავლობდი. მე ქართულს ვასწავლიდი კომპიუტერის საშუალებით, ის ბერძნულს მასწავლიდა. პირველი ნაბიჯები ერთად გადავდგით. ახლა ჩვეულებრივად, შევეჩვიეთ ერთმანეთს. გაკვეთილზე თემის აღქმა და გააზრება არ უჭირთ“.


ლალი ტალახაძეც 10 წელია ციხისჯვრის სკოლის მოსწავლეებს მუსიკას ასწავლის. ბორჯომის პოლიტექნიკური კოლეჯის დახურვის შემდეგ შეთავაზება მიიღო და წამოვიდა.



ლალი ტალახაძე-პედაგოგი


„თავიდან მეგონა ნეტა სად მივდივარ მეთქი, მაგრამ სკოლაში რომ შემოვედი თქვენც ხედავთ როგორი სკოლაა. გული გაგინათდება. ნებისმიერი ქალაქის სკოლას არ ჩამორჩება. გავძელით აქამდე და ვართ. კი მივატოვე ოჯახი, მაგრამ რა ვქნა. კოლექტივია ისეთი, რომ გაგვაძლებინა. ბავშვები ერთმანეთში ქართულად საუბრობენ. სკოლა რომ გადაქართულდა ეს ძალიან დიდი წარმატება და წინსვლაა“.


ლიკა ხურცილავა ციხისჯვარში „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის ფარგლებში ჩამოვიდა. ბავშვებს ინგლისურს ასწავლის. მეოთხე წელია შვილთან ერთად არის და შეგუება არ გაუჭირდა.



ლიკა ხურცილავა-პედაგოგი


„დადებითი გარემო და კოლექტივი შემხვდა. რომ შევადაროთ 4 წლის წინანდელი და დღევანდელი რეალობა დადებითი ძვრები და შედეგები არის. თუმცა სასურველი იქნებოდა უფრო მეტი შედეგები, მაგრამ რასაც მივაღწიეთ ამ პერიოდის განმავლობაში მაგის დანახვაც არ შეიძლება“.



ციხისჯვრის საჯარო სკოლაში სულ 12 პედაგოგი მუშაობს. აქედან მხოლოდ სამია ადგილობრივი. პედაგოგებს პრობლემებთან გამკლავებაც უწევთ. ოჯახს მოწყვეტილი მასწავლებლების ნაწილი სოფელში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ნაწილი კი მასწავლებელთა სახლში სადაც შესაბამისი საცხოვრებელი პირობები არ არის. არ აქვთ საჭირო ინვენტარი. შენობა რემონტს საჭიროებს. მოსაწესრიგებელია სველი წერტილი.



მასწავლებელთა სახლი ციხისჯვარში

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც წლებია აწუხებთ ტრანსპორტია. მათი განრიგი ციხისჯვრის ტრანსპორტს არ ემთხვევა. ამიტომ ორშაბათობით მაღალმთიან სოფელში ტაქსით მიდიან. პარასკევს კი უკან ბრუნდებიან. ხშირად კეთილი ადამიანების იმედად არიან, რომელთაც ბაკურიანამდე გადაჰყავთ. ყოფილა შემთხვევა, რომ ბაკურიანამდე ფეხით გადასულან.

ამ პრობლემების მოსაგვარებლად პედაგოგებს დაპირება ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან მიღებული აქვთ. სანამ დაპირება რეალობად იქცევა იგივე პირობებში უწევთ ცხოვრება.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.