ინტერაქტიული მულტიმედია
ბორჯომის კრიტიკული ტყე და დაუცველი გარემო
კობა სილაგაძე უკვე 9 წელია, რაც თავის მეტყევეებთან და ტყის მცველებთან ერთად, ყოველდღიურად იცავს ბორჯომის ტყეებს. აგრარულ უნივერსიტეტში, სატყეო ფაკულტეტი აირჩია, რადგან წარმოშობით ბორჯომიდან იყო და ბავშვობიდან უყვარდა ბუნება. თავდაპირველად ჩარხისწყლის სატყეო უბანზე დაიწყო მუშაობა ტყის მცველად, შემდეგ იყო მეტყევე ბაკურიანის და ბორჯომის უბნებზე, დღეს კი სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსი მეტყევეა და მის დაქვემდებარებაშია რეგიონის ტყე.



როგორც თავად ამბობს, ბორჯომის ტყეები გამოწვევის წინაშეა, რადგან გაუძლო ხანძრებს და რთულ პერიოდებს. გასულ წლებს იხსენებს და ამბობს, რომ ადრე უფრო დიდი ფართობები იყო დასაცავი, გახშირებული იყო ხე-ტყის უკანონო ჭრები, ბრძოლა უწევდათ ბრაკონიერებთან. მისთვის, როგორც დამწყები მეტყევისთვის, მარტივი არ იყო მოსახლეობასთან ურიერთობა, თუმცა მისი თქმით ეს სირთულე ბევრად საინტერესო იყო და მეტ გამოცდილებას სძენდა. კობა სილაგაძე ამბობს, რომ წლებთან ერთად, გარკვეული საკითხების დარეგულირება სახელმწიფო დონეზე მოხდა, თუმცა არის რიგი პრობლემები, რომელიც მას კვლავ აწუხებს.




„ბევრი რამ გადაიტანა ბორჯომის ტყემ, გადაიტანა ხანძრები, გადაიტანა რთული დღეები, 90-იანი წლების შემდგომი პერიოდები, საზოგადოების არასწორი დამოკიდებულება და მიუხედავად ამისა, ტყე მაინც ინარჩუნებს თავის ფუნქციას. დღესდღეობით ბორჯომის ტყე არის ახალი გამოწვევების წინაშე. გავრცელებულია მავნებელი, განსაკუთრებით პლატოს ტყეში. შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება სატყეოს მიმართ. ადრე იყო ბევრი მეტყევე, რომელიც ზრუნავდა გარემოს დაცვაზე. წლებთან ერთად, მოხდა თაობათა შორის წყვეტა. გამოცდილი მეტყევეები მოხუცდნენ, ამ პროფესიამ ახალგაზრდებში დაკარგა პოპულარობა და შესაბამისად, შემცირდნენ ტყეზე მზრუნველი ადამიანები“ - ამბობს გულდაწყვეტით კობა სილაგაძე


ბორჯომის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ტყეს 45 000 ჰექტარი უკავია, აქედან 1200 ჰექტრამდე დამწვარია დაბა-წაღვერის ტყეში, პლატოზე კი მბეჭდავი ქერქიჭამიისგანაა დაზიანებული ფართობები. კობა სილაგაძის თქმით, ეტაპობრივად მიმდინარეობს ნახანძრალი ტყის აღდგენა და სანიტარული ჭრა დაავადებული ხეების.










რაც შეეხება ქვეყანაში ტყეების მდგომარეობას. საქართველოში 3 მილიონ ჰექტარზე მეტი უკავია ტყეებს, აქედან 2 მილიონ 772 000 ჰექტარი არის ტყით დაფარული ზონა, აფხაზეთის და ოსეთის ჩათვლით. ნათია იორდანიშვილი უკვე 15 წელია სატყეო სექტორში მუშაობს. გარემოს დაცვაზე ზრუნვა, მშობლების პროფესიიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რადგან მათთან ერთად ველზე გაიზარდა და ეს სფერო მისთვის კარგად ნაცნობი ოყო. სტუდენტობის დროს კი აქტიურად იყო ჩართული ე.წ. „მწვანე მოძრაობებში“. მუშაობა ჯერ სტაჟიორად დაიწყო, შემდეგ იყო სხვადასხვა პოზიციებზე, ახლა კი ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილეა.



სფეროს ექსპერტი ამბობს, რომ სხვა ტყეებთან შედარებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი და კონკრეტულად ბორჯომის ხეობა ყველაზე კრიტიკული ზონაა სახელმწიფოსთვის. მისი თქმით, აქ ყველა პრობლემა ერთადაა თავმოყრილი, ეს არის უკანონო სარგებლობა, მავნებელ-დაავადებები და ტყის ხანძრები, რომელიც საკმაოდ ხშირია ამ მუნიციპალიტეტში.









იორდანიშვილის თქმით, ამ პრობლემებს თან ერთვის ბორჯომის და მისი ხეობის ბუნებრივი უნიკალურობა, რადგან ბორჯომი საკურორტო ზონაა და ძალიან მნიშვნელოვანი ეკოლოგიური ფუნქციური დანიშნულების ტყეებია აღნიშნულ ხეობაში. როგორც თავად ამბობს, სახელმწიფოს სამოქმედო გეგმა მიმართულია ბორჯომის ტყეების პრობლემების მოგვარებაზე.

„ყველას კარგად გვახსოვს 2008 და 2017 წლების ხანძრები ბორჯომის ტყეში, რამაც უდიდესი ზიანი მიაყენა ამ ხეობას. ახლა სიხარულით შემიძლია ვთქვა, რომ პროცესები წარმატებულად მიმდინარეობს. დამწვარი ტყის პირველი კრიტიკული მონაკვეთები უკვე აღდგენილია და სამუშაოები აქ მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაშიც გაგრძელდება. ასევე გვაქვს საკმაოდ კარგი შედეგი მბეჭდავ ქერქიჭამიასთან ბრძოლის, რომელიც ასევე პრობლემას წარმოადგენს ამ რეგიონისთვის და გვაქვს კარგი გაუმჯობესება, ორგანიზებულ ტყითსარგებლობასთან დაკავშირებით. გვაქვს ძალიან ბევრი პროექტი დაგეგმილი, რაც ხელს შეუწყობს ტყეების რეკრეაციულ მართვას და დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას ეკონომიკური გაძლიერების კუთხით“ - ამბობს ნათია იორდანიშვილი



ნათია იორდანიშვილი ღიად საუბრობს, იმ პრობლემებზე რაც საქართველოს ტყეებს აწუხებს. მისი თქმით, ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, ყველა ეკონომიკური და სოციალური სიდუხჭირე აისახა ტყეების მდგომარეობაზე, რის შედეგადაც, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბევრი გამოწვევა დაგროვდა. სააგენტოს უფროსის მოადგილე იმ ქმედით ნაბიჯებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მათი მხრიდან, პრობლემების მოგვარებაზეა ორიენტირებული.
კითხვაზე თუ რას ნიშნავს მისთვის ტყე? ნათია იორდანიშვილი ამბობს, რომ გაუჭირდება ზუსტად ახსნა თუ რას ნიშნავს მისთვის ტყე? ის თვლის, რომ ტყე მისია, მშობლიურია და ტყის პრობლემა - მისი პრობლემაა.





ნათია იორდანიშვილიც და კობა სილაგაძეც თვლიან, რომ მოსახლეობის აქტიური ჩართულობა გარემოს დაცვის საკითხებში საკმაოდ მნიშვნელოვანია და მათი მხარდაჭერის გარეშე, სახელმწიფოს გაუჭირდება ეფექტურად მუშაობა. ისინი ფიქრობენ, რომ მოქალაქეებს ტყების მიმართ არ აქვს საკუთრების განცდა და თვლიან, რომ მის დაცვაზე სხვამ უნდა იზრუნოს, სფეროს ექსპერტები მოსახლეობას მოუწოდებენ, მათთან ერთად დაიცვან ტყე და მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ თუნდაც პიკნიკის დროს, განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც ხანძრის გაჩენის რისკი იზრდება.




აღსანიშნავია ის, რომ დღეს, ტყის დაცვის საერთაშორისო დღეა. 1971 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 21 მარტი გამოცხადდა ,,ტყეების საერთაშორისო დღედ“ და ეს თარიღი მთელ მსოფლიოში აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება ტყის მნიშვნელობის თაობაზე და გამეჩხრებული ტყის ტერიტორიის შევსება-აღდგენა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2018 წელს ახალი „ტყის კოდექსის“ კანონპროექტი შეიმუშავა,რომელიც საქართველოს მთავრობამ დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნა. ახალი კოდექსის მიზანია შექმნას ტყის მდგრადი მართვის სამართლებრივი საფუძვლები, რამაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს ტყის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების განსახორციელებლად ტყის თვისებებისა და რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება. ახალი „ტყის კოდექსი“ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტყის მდგრად მართვას, რაშიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა. როდის დაამტკიცებს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო ტყის ახალ კოდექსს და ტყეებს შეუმცირებს თუ არა პრობლემებს, გაწერილი გეგმა, ამას უკვე მომავალი გვიჩვენებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.