ინტერაქტიული მულტიმედია
წარმატებამდე მისასვლელი რთული გზა
„ბედი“ - ხშირად ეს სიტყვა არც თუ სახარბიელო ვითარებაში აღმოჩენილი ქალების მდგომარეობის აღწერისთვის გამოიყენება. თუმცა, ბედს ყველა არ ეგუება, ვითარებისა და სირთულის მიუხედავად. არიან ქალები, რომლებიც არაერთხელ თავიდან იწყებენ ცხოვრებას, ისახავენ მიზნებს და ყველაზე წარმოუდგენელსაც კი აღწევენ, მაშინაც, როცა გარემო ხელს არ უწყობს. ასეთები ბორჯომშიც ბევრნი არიან, თუმცა ამჯერად ორ მათგანზე გიამბობთ.

მის ჩანთაში ყოველთვის წიგნებია, ბუღალტრის და აუდიტის სასწავლო სახელმძღვანელოები, სულ მცირე დროის გამონახვის შემთხვევაშიც მეცადინეობას იწყებს, მუდმივ განვითარებაზე, წინსვლაზე და სწავლაზე ზრუნვა მაშინ დაიწყო, როცა ამას სხვები ამთავრებდნენ, ახლა 38 წლისაა და სწავლას აგრძელებს. იქამდე კი იყო ქორწინება 17 წლის ასაკში

ნინო მამასტარაშვილმა სკოლის დამთავრების შემდეგ ჟურნალისტობა გადაწყვიტა, გამოცდები წარმატებით ჩააბარა, სტუდენტობიდან ორ თვეში კი ოჯახი შექმნა. პირველი კურსი ფეხმძიმობის ფონზე დახურა და სწავლა ვეღარ გააგრძელა. ოჯახი და შვილი დიდ დროს და ენერგიას მოითხოვდა. ასე გახდა ჟურნალისტობაზე მეოცნებე გოგო დიასახლისი, განათლებაში დროებითი წყვეტა 13 წელს გაგრძელდა.

„ოჯახში ბევრი პრობლემა იყო, ქვეყანაში გაჭირვება, სწავლა კი შევწყვიტე მაგრამ, უქმად არასოდეს ვყოფილვარ, სახლში ნამცხვრების ცხობა და მაღაზიაში ჩაბარება დავიწყე, ელექტრო ენერგია არ იყო, მაღალი ძაბვა ღამის თორმეტ საათზე მოდიოდა და მეც ცხობას მაშინ ვიწყებდი, ცოტა ფულს აქედან ვიღებდი, ისეთი რამეები გავაკეთე იმ პერიოდში რაც ალბათ ბევრისთვის წარმოუდგენელია, გოჭები გამიზრდია და გამიყიდია, ეზოში მწვანილი მომყავდა და იმას ვყიდდი, ეს ის საქმიანობაა რომელზეც ჩემი ოჯახის წევრების მეტმა არც არავინ იცის, მაშინ სხვა გზა არ მქონდა, არანაირი განათლება და გამოცდილება”, - გვიყვება ნინო მამასტარაშვილი

შვილი რომ სკოლაში მიიყვანა მუშაობა ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაიწყო, ამბობს, რომ მისი მეორე ცხოვრება აქედან იწყება, სადილების და კონსერვების კეთების მიღმა სხვა ცხოვრება დაინახა, სწავლის გაგრძელება მოუნდა და ცხოვრების შეცვლა გადაწყვიტა. თანაკურსელებზე 10 წლით უფროსი იყო, თუმცა ამას არ შეუშინებია და უნივერსიტეტი წარმატებით დაასრულა. შემდეგ კი იყო პრობლემები ოჯახში, რაც განქორწინებით დასრულდა.

„ისეთი სიტუაცია მქონდა მაშინ, რომ შინაგანადაც ძალიან სუსტი ვიყავი, ფინანსურადაც არ ვიდექი მყარად ფეხზე, ჩვენ საზოგადოებაში ასეა მიღებული, რომ ოჯახის დანგრევის შემთხვევაში ქალს იცოდებს საზოგადოება, ვაიმე საწყალი, მარტო დარჩა და რა ეშველება, ამ ყველაფერმა კი მე უფრო გამაძლიერა, პირველ რიგში გადავწყვიტე საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ შემეძლო დამოუკიდებლად შვილის გაზრდაც და მომავლის მოწყობაც“


ნინოს ოჯახს მცირე ბიზნესი ჰქონდა, სამშენებლო მასალების მაღაზია. მუზეუმიდან წამოვიდა და ოჯახურ ბიზნესში ჩაება, აქ კი აღმოაჩინა, რომ ფინანსების და ბუღალტერიის ცოდნა სჭირდებოდა და მის ცხოვრებაში სწავლის ახალი, გრძელვადიანი ეტაპი დაიწყო.


ნინო მამასტარაშვილი

„ინტერვიუს ჩაწერა და სტატიებზე მუშაობა კი ვიცოდი, მაგრამ აღმოვჩნდი ისეთ სასწავლებელში, (ინგლისისა და უელსის ნაფიც სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაცია ACCA) სადაც სწავლას ეკონომიკური განათლების მქონე ადამიანები აგრძელებენ, ისეთი ტერმინები მესმოდა, რომლებიც საერთოდ არ გამეგო, მეგონა ერთ ეტაპსაც ვერ გავივლიდი, მაგრამ არ დავნებდი და ახლა უკვე იმაზე მეტი ვისწავლე ვიდრე მე მაღაზიაში მჭირდება“

ოთხი წელია სასწავლებლად ბორჯომიდან თბილისში დადის, კვირაში 2 დღეს დილით ადრე მაღაზიაში მიდის, იქ საქმეებს მოილევს და თბილისში გარბის, ხშირად დედაქალაქში პროდუქციის წამოსაღებადაც უწევს წასვლა, ოჯახურ ბიზნესს, საოჯახო მაღაზიაც მიამატა, რომლის მართვაც თავიდან ბოლომდე საკუთარ თავზე აიღო

„თბილისში დავდივარ და თვითონ ვარჩევ რა ჩამოვიტანო მაღაზიისთვის, მე თვითონ უნდა ავარჩიო რომელი ჭაღი, ჭურჭელი თუ სუვენირი უნდა წამოვიღო“
- ამ საქმეს საოჯახო ბიზნესში ჩართულ ოჯახის კაცებს, მამას, ძმას და შვილს ვერ ანდობს.


ნინო მამასტარაშვილი 

ამბობს, რომ ძალიან მტირალა და სენტიმენტალურია, თუმცა გარედან მკაცრი ჩანს. სხვებისგან და საკუთარი თავისგან მაქსიმუმს ითხოვს. მისი მაქსიმუმი კი ამ ეტაპზე სერთიფცირებული აუდიტის სტატუსია, რომლის მოსაპოვებლად სწავლას აგრძელებს, სახლშიც, სამსახურშიც და ყველგან სადაც სულ მცირე დროს მაინც გამონახავს.

„ახლა უკვე ის მშიშარა გოგო აღარ ვარ, ახლა ზუსტად ვიცი რა მინდა ცხოვრებაში და როგორ მივაღწიო დასახულ მიზნებს“
- გვეუბნება ნინო და დამშვიდობებამდე მაღზიის პატარა სამზარეულოში, მაგიდაზე დაწყობილ წიგნებს შლის, თბილისში წასვლამდე რამდენიმე საათი აქვს სამეცადინოდ.

--------

წლების განმავლობაში შვილს მარტო ზრდიდა მაკა ნოზაძეც   „ჩემი პირველი ქორწინების ერთადერთი პლიუსი და უდიდესი პოზიტივი შვილია“ - გვიყვება ქალი, რომელიც მომავალმა მეუღლემ 16 წლის ასაკში მოიტაცა და საცხოვრებლად აშხაბადში წაიყვანა. წელიწადნახევრის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, ამ დროს ქვეყანაში მძიმე და გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობაა.

„ჩვენი ოჯახი მალევე დაინგრა, იმიტომ რომ აწყობილი იყო არაფერზე, დავრჩით მე და ჩემი შვილი ყველანაირი შემოსავლის გარეშე, მე სამხატვრო სკოლა მაქვს დამთავრებული, ამ მიმართულებით მაშინ დასაქმება რთული იყო, ერთადერთი გამოსავალი იყო რამე პროფესიისთვის მომეკიდა ხელი“
- გვიყვება მაკა ნოზაძე

მაკას მშობლები დაეხმარნენ, რამდენიმე თვით ბავშვი დაიტოვეს და შეძლო თმის შეჭრაში დახელოვნებულიყო. მალევე ბორჯომში დაბრუნდა, გარისკა და სილამაზის სალონი გახსნა.

„კარგად მახსოვს მაკრატელი ახლობელმა მაჩუქა, სავარცხელი თვითონ ჩემმა მასწავლებელმა, ფენი არ მქონდა და ვიქირავე, თვეში 20 ლარს ვიხდიდი“
- მაკა ახლა ღიმილით იხსენებს პირველ დამოუკიდებელ და ძალიან რთულ ნაბიჯებს.

ამ სფეროში 12 წელი იმუშავა. ერთ დღესაც მიხვდა, რომ ვეღარ ვითარდებოდა, ახალს ვერაფერს სწავლობდა, სალონი დახურა და სამუშაოდ კვიპროსზე წავიდა. სახლის ყიდვაზე ოცნებობდა. საზღვარგარეთ კვების ობიექტებში მოუხდა მუშაობა, ამ სფეროში გარკვეული გამოცდილება დაუგროვდა და ისევ უკან სამშობლოში დაბრუნდა.


მაკა ნოზაძე უმცროს შვილთან ერთად

საქართველოში ის ადამიანი ელოდა ვისთან ერთადაც ოჯახის შექმნა ამჯერად საკუთარი ნებით და დიდი სიყვარულით გადაწყვიტა. დაოჯახებასთან ერთად ახალი მიმართულებით დასაქმება გადაწყვიტა, ბორჯომის მინერალური წყლების პარკში ოჯახთან ერთად რესტორნის მართვა ითავა.

„ჩემი დაგროვებული ცოდნა და მცირე გამოცდილება კვების სფეროში აქ გამომადგა, 49 თანამშრომელი მყავდა და 5 წლის განმავლობაში რესტორანმა წარმატებით იმუშავა“


მერე იყო დამოუკიდებლად, ბანკიდან აღებული სესხი და ახალი კვების ობიექტი

„ყოველთვის ვა ბანკზე მივდიოდი, ვრისკავდი მაგრამ საკუთარი შრომის ხარჯზე ვაღწევდი წარმატებას, უკან დასახევი გზა არ მქონდა, ფიზიკურად ვმუშაობდით მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც, ხშირად იმას ვაკეთებდი, რაც მეგონა, რომ ჩემს ძალებს აღემატებოდა“.


ერთ ადგილზე გაჩერება ყველაზე დიდ დანაშაულად მიაჩნია, მალევე მიხვდა, რომ ბორჯომში ჩამოსული ვიზიტორების მოთხოვნებს რესტორანი ვეღარ პასუხობდა. გადაწყვიტა ახლადგახსნილ, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ეცადა ბედი, ისევ კვების სფეროში. აქ ჯერ თვითონ სწავლობდა, შემდეგ უკვე სხვებს ასწავლიდა, კვალიფიკაცია აიმაღლა, სასტუმროს ხუთ ვარსკვლავს მენეჯმენტთან ერთად თვითონაც ქმნიდა.

სამსახურის დატოვება მალევე მოუხდა, მესამე შვილის ჯანმრთელობის პრობლემების გამო საქმე გვერდით გადადო.

„ძალიან მძიმე მისაღები და გადასატანი იყო ჩემთვის გიორგის დიაგნოზი აუტიზმი, სიმსივნესთანაც გვქონდა შეხება, ამ პერიოდში ფაქტობრივად მე და ჩემი მეუღლე ბავშვთან ერთად მანქანაში ვცხოვრობდით, ექიმებთან თბილისში დავდიოდით, ბავშვი სხვა სახლში ვერ ჩერდებოდა, ღიზიანდებოდა, ამიტომ მანქანაში ვუცვლიდი, ვაჭმევდი, ეს მდგომარეობა გაგრძელდა ოპერაციამდე“,
- შვილზე ცრემლების გარეშე ლაპარაკი უჭირს, თუმცა ზუსტად იცის, რომ ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება.


მაკა ნოზაძე ოჯახთან ერთად

ამბობს რომ ოჯახი, მეუღლის და ახლობლების სიყვარული, ყველა პრობლემის დაძლევაში ეხმარება, შვილის მოვლის და მუდმივად ექიმებთან სიარულის პარალელურად ახალი რესტორნის განვითარებაზეც მუდმივად ზრუნავს. მომხმარებლებს ღიმილით ეგებება, ცდილობს მათ ყოველთვის სიახლეები შესთავაზოს, მისი სითბო და ყურადღება ყველას ჰყოფნის.

თვლის, რომ მისთვის მაინც ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო სამი ბიჭის დედობაა. იმასაც ამბობს, რომ სახლში ერთადერთი ქალია და მეუღლის ჩათვლით ოთხი „შვილის“ მოვლა უწევს, ამ პასუხისმგებლობასაც დიდი სიყვარულით და მოთმინებით უმკლავდება.

ზუსტად იცის 8 მარტს 12 წლის დადა, დედისთვის ყველაზე დიდ ლექსს ისწავლის, დილით გააღვიძებს და ქალთა დ
ღეს ლექსით მიულოცავს. მეუღლემ გადაწყვიტა ყველა კაცს არ დაემსგავსოს და მაკას საჩუქარს არ ჩუქნის

„ჩვეულებრივი ხომ არ ვიქნებიო, ამიტომ ორიგინალური ვიქნები და არაფერს გაჩუქებო, ზოგადად ძალიან საინტერესო და მაგარ საჩუქრებს მიკეთებს ჩემი მეუღლე, არასოდეს ყვავილებს არ მჩუქნის, ერთი ორჯერ სუნამო მაჩუქა, საოჯახო ნივთებს არ მჩუქნის რვა მარტს და ამას ძალიან ვაფასებ ჩემს მეუღლეში, მაგრამ დღესასწაულებზე სიტუაციებს ვჩუქნით ერთმანეთს, მაგალითად ვიპარებით ბორჯომიდან და განტვირთვის დღეებს ვიწყობთ, რეალობას ვწყდებით“


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.