ინტერაქტიული მულტიმედია
განათლება, გარემოს დაცვა, სპორტი - პასუხისმგებლობა ბორჯომისთვის „ბორჯომისგან“
„ცენტრმა მოგვცა არა მხოლოდ სტანდარტული განათლება არამედ გვიბიძგა გავზრდილიყავით პიროვნულად. დაგვეხმარა, რომ ჩამოვყალიბებულიყავით ლიდერებად და ამავდროულად ვყოფილიყავით ტოლერანტები. გავიცანი ჩემი თანატოლები, რომლებსაც განსხვავებული გატაცებები აქვთ, მათთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან საინტერესოა“ - ამბობს ბორჯომის ტრენინგ ცენტრის ერთ-ერთი კურსდამთავრებული და ამჟამად უკვე ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ელენე გასიტაშვილი.


ელენე გასიტაშვილი



ელენეს მსგავსად, ბორჯომის ტრენინგ ცენტრმა ამ დრომდე 5000-ზე მეტ ადგილობრივ მოსწავლეს მისცა სწავლის შესაძლებლობა.

კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის #ბორჯომიმომავლისგულშემატკივარი ფარგლებში, 2012 წლიდან შეიქმნა ტრენინგ ცენტრი. ის ემსახურება ადგილობრივ მოსწავლეებს, რომლებსაც სურთ სრულიად უფასოდ გაიღრმავონ ცოდნა შემდეგი მიმართულებებით – უცხო ენები, კომპიუტერული პროგრამები, მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა. გარდა ამისა, ცენტრში არსებობს ხელსაქმის, ხატვის, დრამის, ახალგაზრდა ჟურნალისტების და პიროვნული განვითარების კლუბები. მიღება წელიწადში ორჯერ ხდება. 2015 წლიდან ცენტრში ფუნქციონირებს ერთწლიანი კურსი აბიტურიენტებისათვის. შესაბამისად, ცენტრის აბიტურიენტები წარმატებით აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს.



ბორჯომის ტრენინგ-ცენტრი



აქ განათლების მიღების არჩევანი მრავალფეროვანია. მთავარია, მოსწავლეს ჰქონდეს მოტივაცია, ისწავლოს უფრო მეტი. მაიკო ინასარიძეც უკვე 5 წელია ამ ცენტრის მოსწავლეა. თანატოლებთან ერთად, მას ინტერნეტ გადაცემაც აქვს, რომლის ფარგლებშიც მაყურებელს ბორჯომის საინტერესო ადგილებზე უამბობს.


„ბორჯომის ტრენინგ ცენტრზე მეგობრებისგან გავიგე და 2018 წელს მათემატიკისა და ინგლისურის გაკვეთილებზე დავიწყე სიარული. მოგვიანებით დავინტერესდი ეკო კლუბით, რომელმაც ბევრ საინტერესო აქტივობაში მონაწილეობის შესაძლებლობა მომცა. 2021 წელს ვაკვირდებოდი ახალგაზრდული საკრებულოს მუშაობას და გადავწყვიტე მეც მიმეღო არჩევნებში მონაწილეობა. დღეს ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარე ვარ, რაც ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. მაქვს პერსონალური ინტერნეტ გადაცემაც, სადაც ბორჯომის ღირსშესანიშნავ ადგილებზე ვსაუბრობ. მართალია, პროფესია ჯერ არჩეული არ მაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ტრენინგ ცენტრში შეძენილი უნარები გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარება. ბორჯომის ტრენინგ ცენტრი ჩემთვის მეორე ოჯახია, რომელიც თითოეულ მოსწავლეს უამრავ შესაძლებლობას აძლევს და განვითარებაში ეხმარება.“ - გვეუბნება მაიკო ინასარიძე.


მაიკო ინასარიძე



ცენტრში პედაგოგების უმრავლესობა ადგილობრივია. სწავლების ფორმატი კი თანამედროვე, მოსწავლეები და მასწავლებლები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.

„მოსწავლეებს აქვთ სწავლის სტიმული და დიდი ინტერესი. განსაკუთრებით მათი თავისუფლება მომწონს. ჩვენ არ ვწერთ ნიშნებს, უფრო მეტად მოსწავლეების შემოქმედებით უნარებს ვაკვირდებით. შესაძლოა, ისეთ დასკვნამდე მივიდეს მოსწავლე, რომ მე ვისწავლო მისგან, ეს პროცესი ძალიან საინტერესოა“ - გვპასუხობს ცენტრის მათემატიკის მასწავლებელი დოდო ტაბატაძე.



დოდო ტაბატაძე



ამ ყველაფერთან ერთად, არიან „ბორჯომის“ სტიპენდიანტებიც. 2000 წელს, IDS ბორჯომი საქართველოს მაშინდელი გენერალური დირექტორის, ზაზა კიკვაძის გადაწყვეტილებით, ბორჯომსა და მის შემოგარენში მცხოვრებ, წარჩინებულ მოსწავლეებს მარჩენალდაკარგული ოჯახებიდან, ყოველთვიური სტიპენდია დაუწესდათ. სტიპენდიის მიღების უმთავრესი პირობაა უმაღლესი შეფასება ყველა საგანში. მათი რიცხვი სისტემატურად იცვლება. კომპანიის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ზრდას და, ხშირ შემთხვევაში, მძიმე სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, შეუნარჩუნოს მათ სწავლის ხალისი. აგრეთვე, წაახალისოს ფრიადოსანი ბავშვები და მათი ოჯახები.

კომპანია IDS ბორჯომი საქართველომ, რომელსაც ბორჯომში მინერალური წყლის ჩამომსხმელი ორი ქარხანა აქვს, პასუხისმგებლობა სწორედ იმ ქალაქის ახალგაზრდების განათლებაზე, სპორტულ ცხოვრებაზე და გარემოს დაცვაზე აიღო, სადაც ოპერირებს. მიღებული რესურსით ის დებს ინვესტიციას მდგრადი განვითარების 3 მიზნის შესრულებაში.




#სპორტისგულშემატკივარი



კომპანია IDS ბორჯომი საქართველოსა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის პირველი მემორანდუმი ჯერ კიდევ 2011 წელს გაფორმდა. მას შემდეგ, „ბორჯომი“, საქართველოს კალათბურთის ნაკრების პარტნიორი და გულშემატკივარია. 2017 წლის 3 აპრილს კი, საქართველოს სათხილამურო ფედერაციასა და კომპანია „ბორჯომს“ შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა. 

სათხილამურო ფედერაციისა და „ბორჯომის“ თანამშრომლობა 2022 წელს, ბაკურიანში გამართული ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში გაგრძელდა. ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი“ ჩემპიონატის მინერალური წყალი იყო, სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ლიმიტირებული შეფუთვით შეიქმნა.




ჩემპიონატი ბაკურიანში



2023 წლის 18 ივლისს, პირველი ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი“ საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპონსორი გახდა. შეთანხმების თანახმად, ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი,“ ბორჯღალოსნების და ყველა ასაკობრივი ეროვნული ნაკრების (20 წლამდე, 18 წლამდე, შვიდკაცა, შვიდქალა) გენერალური სპონსორი და ასევე კლუბ „შავი ლომის“ ოფიციალური მინერალური წყალი გახდა. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ხელი შეეწყობა სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარებას. კერძოდ რაგბის კლუბ „ბორჯომისა“ და „ასპინძის“ მორაგბეებისთვის გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურა, სავარჯიშო პირობები და ხელი შეეწყობა რაგბის პოპულარიზაციას.


საქართველოს რაგბის კავშირისა და მინერალური წყალი „ბორჯომის“ თანამშრომლობა, მიზნად ისახავს ორი ქართული, დიდი ისტორიის მქონე ბრენდის გაერთიანებას და კიდევ უფრო გაძლიერებას. „ბორჯომი“ ბორჯღალოსნებთან ერთად, ხელს შეუწყობს ქართული რაგბის განვითარებას და ამავდროულად ქვეყნის პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით.



მორაგბეები



კომპანიაში გვეუბნებიან, რომ „ბორჯომი“ დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენის საკითხს და თავს ვალდებულადაც კი თვლის, რომ გვერდში დაუდგეს გუნდს, რომელიც ამავე მისიას ემსახურება.





#ბუნებისგულშემატკივარი



მოგეხსენებათ, ჩვენი პლანეტის ეკოლოგია სულ უფრო და უფრო დიდი საფრთხის ქვეშ არის. დაბინძურებული ჰაერი, ტემპერატურის მკვეთრი ზრდა, წყლის ინტენსიური აორთქლება, ხშირი გვალვა, ღვარცოფები, მეწყერები და წყალდიდობები, მწვანე საფარის განადგურებით არის გამოწვეული. დღესდღეობით, კლიმატის ცვლასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა სწორედ მწვანე საფარის აღდგენა, შენარჩუნება და გაშენებაა.


კომპანია IDS ბორჯომი საქართველო, 2012 წლიდან, ბორჯომის ტერიტორიაზე, მწვანე საფარის აღდგენის მიზნით, ახორციელებს ხეების დარგვის პროექტს. ამ დრომდე კომპანიამ პროექტის #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი ეგიდით, ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე, მუხის, ნეკერჩხლის და ფიჭვის 25 000-ზე მეტი ნერგი დარგო და აღადგინა 5 ჰექტარი მიწის ფართობი. ხეების დარგვის აქცია პერმანენტულია და წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე იმართება.




გამწვანების აქცია ბორჯომის ხეობაში



უნდა ითქვას ისიც, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ოკუპანტების მიერ ბორჯომის ხეობაში, დაბა-წაღვერის ტყეში 1000 ჰექტრამდე ტყის ფართობი დაიწვა. მისი აღდგენის პროცესში კი როგორც „ბორჯომი“, ასევე სხვა ბიზნეს კომპანიებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები. ისევე როგორც 2008-ში, ასევე, 2017 წელს ხელახალი ხანძრის გაჩენის შემდეგ, ბორჯომის ტყის გამწვანებაზე ერთობლივად ზრუნავდნენ ბანკები, სასტუმროები, ფარმაცევტული კომპანიები და სხვადასხვა ტიპის ბიზნეს კორპორაციები. მათი მთავარი მიზანი იყო პასუხისმგებლობის აღება გარემოს დასაცავად და მდგარდი განვითარების მიზნების მისაღწევად.





რას გულისხმობს მდგრადი განვითარების მიზნები?


მდგრადი განვითარების მიზნები 17 მიზნისა და 169 ინდიკატორის ნაკრებია, რომლებზეც თანხმდება გაეროს ყველა წევრი ქვეყანა უკეთესი და უფრო მდგრადი მომავლის მისაღწევად.


ეს მიზნები ჩვენ წინაშე არსებულ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს ეხება: სიღარიბის, უთანასწორობის, კეთილდღეობის, მშვიდობისა და სამართლიანობის საკითხებს, ასევე კლიმატურ და ეკოლოგიურ გამოწვევებს. მიზნები მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს და იმისთვის, რომ არავინ დარჩეს მათ მიღმა, მნიშვნელოვანია, თითოეული ეს მიზანი და ინდიკატორი 2030 წლამდე შესრულდეს.




მდგარდი განვითარების 17 მიზანი



2030 წლამდე, გაეროს განვითარების თითოეული მიზნის შესასრულებლად, საქართველოში მოქმედ ბიზნეს კომპანიებს პასუხისმგებლობა თითოეულ ან რამდენიმე მათგანზე აქვთ აღებული. ეს არის მათი კორპორაციული მდგრადობა - SR, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ბიზნესის კეთილი ნება - საკუთარი საქმიანობით არ მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ადამიანებსა და ბუნებრივ გარემოზე და წვლილი შეიტანოს საზოგადოების კეთილდღეობაში.


თუმცა, რამდენად იცის საზოგადოებამ ბიზნესის ამ სიკეთეების შესახებ და საერთოდ სმენიათ თუ არა, რას ნიშნავს ბიზნესის კორპორაციული პასუხისმგებლობა, ამის გარკვევას ბორჯომის ქუჩებში შევეცადეთ. შემთხვევითობის პრინციპით გამოკითხულები გვპასუხობენ, რომ:

„არ ვიცი რას ნიშნავს ბიზნესის კორპორაციული პასუხისმგებლობა, არც არსად მსმენია...“


„ზუსტად არ ვიცი, სახელიდან გამომდინარე ალბათ ნიშნავს ბიზნესის გარკვეულ პასუხისმგებლობას. მაგრამ, რაზე და როგორ, ვერ გეტყვით“.


„ალბათ ნიშნავს იმას, რომ ბიზნესის ქცევა იყოს უფრო მეტად პასუხისმგებლიანი როგორც თავის დასაქმებულებთან, ასევე მომხმარებლებთან. არსებობენ უპასუხისმგებლო კომპანიებიც და აუცილებელია მოხდეს მათი გარჩევა ერთმანეთისგან“ - გვიპასუხეს ადგილობრივებმა.



დიახ, რომ გავარჩიოთ ერთმანეთისგან პასუხისმგებლიანი და უპასუხისმგებლო ბიზნეს კომპანიები, ამისათვის საჭიროა საკმარისი ინფორმაცია, რაც ამ დრომდე ჯერ კიდევ გამოწვევაა. კომუნიკაციის და CSR სპეციალისტი თამუნა კვარაცხელია იმ რამდენიმე მიზეზს ხსნის, თუ რატომ არის აუცილებელი ბიზნესის მხრიდან მათი კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება.


„პირადად ჩემი აზრია რომ მომხმარებლის ინფორმირება ბიზნესის მიერ გაწეულ საქმიანობაზე აუცილებელია. ამით ბიზნესს შეუძლია ასე გაუწიოს ჯანსაღი კონკურენცია სხვა, მსგავს ბიზნესს: მაგალითად, მე, როგორც მომხმარებელი, უპირატესობას ვანიჭებ ისეთ კომპანიას, სადაც ვიცი რომ ჩემი გადახდილი თანხა მხოლოდ დამფუძნებლების ჯიბეში კი არ მიდის, არამედ კარგ საქმესაც ხმარდება. ამით მექმნება შეგრძნება რომ მეც ვარ იმ კარგი საქმის მონაწილე. თუმცა, ასევე ყურადღებით ვაკვირდები, ვინ რას აკეთებს და რამდენად ღირებულია მართლაც მათი გაწეული მხარდაჭერა ამა თუ იმ საკითხისადმი. მაგრამ, ვინაიდან ყველა მომხმარებელს არ აქვს დრო იქექოს კონკრეტული კომპანიის ანგარიშებში, კარგი იქნება ბიზნესმა მეტად მიიტანოს ინფორმაცია მის მომხმარებლებამდე. თუმცა, მეორე მიზეზიც არსებობს, რის გამოც ბიზნესმა უნდა გააცხადოს მისი საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის შესახებ: მაშინ, როცა ჩვენთან კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ახლა იკიდებს ფეხს, აუცილებელია კარგი მაგალითების გაზიარება და კარგი პრეცედენტების შექმნა. თუ კომპანიები ერთმანეთს გაუზიარებენ კარგ მაგალითებს, იმედი მაქვს, თანდათან სხვებიც მიბაძავენ და ასეთი ქცევა უკვე კარგ ტონად იქნება მიჩნეული“ - გვპასუხობს კომუნიკაციის და CSR სპეციალისტი თამუნა კვარაცხელია.


იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე არ იქნება შესაბამისად ინფორმირებული, არც ის მოთხოვნები ექნება კომპანიასთან, რომლის გათვალისწინებაც მას პასუხისმგებლიანი ქცევისკენ უბიძგებს. ეს ყველაფერი კი ერთმანეთთან ჯაჭვურად არის კავშირში. ბიზნესი, სახელმწიფო, ხალხი და მედია არის ერთობლივი ჯაჭვი ამ მიზნების მისაღწევად. თამუნა კვარაცხელია აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ კომპანიამ საქმეში უფრო მეტი რესურსი უნდა ჩადოს, ვიდრე რეკლამაში.

„ვერაფრით გავამართლებ „რეკლამაზე“ უფრო მეტი თანხის დახარჯვას, ვიდრე თავად საქმეზე. ექსპერტები ამბობდნენ, 1 / 3 შეფარდება ყველაზე ნორმალურიაო, ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, თუ საზოგადოებრივად სასიკეთო საქმეზე 100 ლარს ხარჯავთ, მაშინ რეკლამაში 30 ლარის დახარჯვა მართებულია. მინდა საქართველოშიც ვნახო ისეთი გარემო, სადაც, მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნების მსგავსად, ბიზნესის მიერ სოციალური პასუხისმგებლობის აღება ჩვეულებრივი, ბიზნესის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია“ - ამბობს თამუნა კვარაცხელია.


ახლა კი გავცდეთ საქართველოს საზღვრებს. უნდა ითქვას, რომ 1992 წლიდან დასავლეთში სულ უფრო პოპულარული ხდება შეხედულება, რომ კომპანიებმა საკუთარი ინიციატივით უფრო მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ საზოგადოებრივი მიზნების მიღწევაში. კომპანიებმა ბიზნესი უნდა აწარმოონ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით, რომ ერთობლივი ძალისხმევით მიღწეული იქნეს საერთო მიზანი – მდგრადი განვითარება.

დღეს თანამედროვე მსოფლიოში წარმოუდგენელია ნორმალური რეპუტაციის მქონე კომპანია, რომელიც არ აქტიურობს ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით. აღსანიშნავია, რომ ევროპულ ქვეყნებში ყველაზე მაღალი წილი სკანდინავიურ ქვეყნებს უჭირავთ, რომლებიც ცხოვრების და კეთილდღეობის დონით ლიდერები არიან მსოფლიოში. დღევანდელი მონაცემებით მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიების 3/4 ევროპულია, 1/4 კი ამერიკული.

CSR-ის კონცეფციის ჩამოყალიბება და დანერგვა დასავლეთის განვითარებულ, ინდუსტრიულ ქვეყნებში დაიწყო, თუმცა დღესდღეობით კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა სულაც არ არის მხოლოდ მაღალგანვითარებული ქვეყნების პრივილეგია. უკანასკნელ ხანებში სულ უფრო მზარდია CSR-ის ტენდენციები აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის, აგრეთვე, აღმოსავლეთი ევროპის განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში. პასუხისმგებელი ბიზნესსაქმიანობა სულ უფრო მეტად გაიაზრება კომპანიის მდგრადობის და წარმატების წინაპირობად.






Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.