ინტერაქტიული მულტიმედია
მემკვიდრეობა - და-ძმას შორის კონფლიქტის მიზეზი
„მშობლების გარდაცვალების შემდეგ ძმამ და ძმის ცოლმა მშობლიური სახლიდან გამომაგდეს, ახლა სხვის ნახევრად დანგრეულ საცხოვრებელს ვაფარებ თავს“ - გვიყვება ნინოწმინდის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ხანდაზმული ქალი. პირობითი სახელით გაიანე. (ფაქტი რეალურია, თუმცა არ ვახდენთ რესპონდენტის იდენტიფიცირებას, რადგან ამ ეტაპზე, ამ სტატის თემა არა კონკრეტული საკითხის გასაჯაროება, არამედ არსებული გამოწვევის ფართო კუთხით ჩვენებაა).

მშობლების სახლში ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად, რამდენიმე წელია უშედეგოდ იბრძვის. გაიანეს ამბავი კი ქრონოლოგიურად ასე ვითარდებოდა.
ოჯახში ოთხნი ცხოვრობდნენ, მშობლები და და-ძმა. გაიანეს ბავშვობიდან ქრონიკული დაავადება აქვს და მედიკამენტებს და მუდმივ სამედიცინო კონტროლს საჭიროებს. ძმა რომ დაოჯახდა, გაიანე დროებით მშობლებთან ერთად ქირით ნინოწმინდაში გადავიდა საცხოვრებლად. მალე გაიანეს დედ-მამა გარდაეცვალა, ნინოწმინდაში ბინის ქირა ვეღარ გადაიხადა და გადაწყვიტა მშობლების სახლში, სოფელში დაბრუნებულიყო, სადაც იმ დროისთვის ძმა და რძალი შვილებთან ერთად ცხოვრობდნენ. რძალმა, მულის სახლში შეშვებაზე უარი თქვა. როგორც გაიანე ირწმუნება, ძმამ მშობლების სახლი უკანონოდ, დის ნებართვის გარეშე გადაიფორმა, გაიანეს - როგორც თანასწორ მემკვიდრეს, არ აღიარებს.

„ღარიბად ვცხოვრობდით, მშობლებს განათლება არ ჰქონდათ, არც კანონი იცოდნენ და ვერც ჩემს მომავალზე იფიქრეს. თავის დროზე ჩვენი სახლი ორ ნაწილად რომ გაეყოთ და ჩემთვის და ჩემი ძმისთვის ჩვენი კუთვნილი ნაწილი მოეცათ, დღეს ეს პრობლემა აღარ შემექმნებოდა და ავადმყოფი არც ღია ცის ქვეშ დავრჩებოდი“ - ამბობს გაიანე.

ბოლო რამდენიმე წელია ქუჩაში, მემკვიდრეობის გარეშე დარჩენილმა გაიანემ დახმარების თხოვნით არაერთ ინსტანციას მიმართა, მაგრამ უშედეგოდ.

„არ ვიცი რა მაქინაციებით მოახერხა ჩემმა ძმამ სახლის გადაფორმება, არ ვიცი როგორ იმოქმედა, მაგრამ ფაქტია, რომ მე არანაირი ნებართვა ჩემი წილი მემკვიდრეობის გადაცემაზე არ მიმიცია. ახლა რა უნდა ვქნა არ ვიცი, ნათესავები როდემდე შემიფარებენ, მათაც საკუთარი პრობლემები აქვთ“ - გვიყვება გაიანე.






მშობლების მემკვიდრეობა და-ძმას შორის კონფლიქტის მიზეზი არაერთხელ გამხდარა - ამბობს „საფარის“ იურისტი სამცხე-ჯავახეთში დიმიტრი ჩხიტუნიძე.

„ასეთი შემთხვევები ხშირია, ხანდახან პირდაპირ მიჰყავთ ძმებს დები ნოტარიუსთან და უარს ათქმევინებენ მემკვიდრეობაზე, რადგან და არის გათხოვილი და მას არ აქვს უფლებაო. კანონით რა თქმა უნდა აქვს უფლება, მაგრამ ხან ტყუილით ხდება გადაფორმება უძრავი ქონების, ხან იძულებით, ხშირად ნებაყოფლობით და საბოლოოდ ოჯახის უძრავი ქონების ერთადერთი მემკვიდრე ხდება ბიჭი შვილი“

კანონით, თუ არ არსებობს მშობლის მიერ დაწერილი ანდერძი,მაშინ ყველა შვილი, მისი სქესის თუ ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, არის თანაბარუფლებიანი მემკვიდრე. იურისტი ქალ მემკვიდრეებს ურჩევს:

„მშობლების გარდაცველებიდან 3-დან 6 თვემდე ვადაში, ქალმა მემკვიდრეებმა უნდა იცოდნენ, რომ მიმართონ ნოტარიუსს, დაწერონ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გასახსნელია სამკვიდრო და ყველა ინფორმაცია მიაწოდონ ნოტარიუსს. მშობლებს კი სამომავლოდ შვილებს შორის კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად შეუძლიათ დაწერონ ანდერძი და სიცოცხლეშივე მოხდეს ქონების განაწილება. ანდერძის დაწერის შემთხევაშიც კი არსებობს ნიუანსები და ამ საკითხებში გასარკვევად იურისტთან კონსულტაცია მნიშვნელოვანია“

ხშირად ასე, ძმები საკუთარი ხელით შლიან მემკვიდრეების სიიდან დებს. კიდევ უფრო ხშირად, დები თვითონ ამბობენ უარს მემკვიდრეობაზე, იმიტომ რომ ბავშვობიდან ასე გადაწყვიტა ოჯახმა. სააბოლოოდ ქალები შეფარულად, მაგრამ მაინც ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლად გვევლინებიან. მათ მუდმივად უწევთ ბრძოლა საკუთარი უფლებების დასაცავად და იმის მტკიცება, რომ ისინიც შვილები არიან.








Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.