ინტერაქტიული მულტიმედია
უნდა გვაღელვებდეს თუ არა კლიმატის ცვლილება და რატომ შეიძლება ველოდოთ ხანძრებს ბორჯომის ტყეში?
ამ სტატიაში მოგიყვებით მსოფლიო გამოწვევის, კლიმატის ცვლილების გავლენაზე სატყეო სექტორზე. როგორ უკავშირდება კლიმატის ცვლილება გახშირებულ ხანძრებს ტყეში. როგორია ნახშირორჟანგის შემცირებით გამოწვეული მოქმედება კლიმატზე და საბოლოოდ რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი ჩვენზე, ადამიანებზე და პირიქით როგორია, ადამიანის ზემოქმედების შედეგი კლიმატის ცვილების გააქტიურებაზე.

სტატიაში კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ნეგატიურ პროცესებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის და უფრო კონკრეტულად, ბორჯომის ტყის ხანძრების მაგალითზე განვიხილავთ.

2020 წელს გამოცხადებულმა მსოფლიო პანდემიამ, სხვა გლობალური გამოწვევები უკანა პლანზე გადაწია, თუმცა კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით ყურადღების მოდუნება, მსოფლიოს ალბათ უდიდესი გამოწვევების პირისპირ დააყენებს.


გახშირებული ტყის ხანძრები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში

სამცხე-ჯავახეთში, ბოლო 15 წლის განმავლობაში, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე, ხანძრის 34 შემთხვევა დაფიქსირდა. ხანძარმა ჯამში 2425,83 ჰა ფართობი მოიცვა.

2008 წლის ხანძრის შედეგად, როდესაც ცეცხლი 950ჰა-ზე გავრცელდა, ბორჯომის ხეობაში 250 ჰექტარი ტყე სრულად განადგურდა.

შემდეგ მასშტაბური ხანძარი 2017 წელს აგვისტოში დაფიქსირდა, როდესაც ცეცხლი 943 ჰა ფართობს მოედო. გარდა აღნიშნული ხანძრისა, 2017 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში ბორჯომ-ბაკურიანში ხანძრის კიდევ 2 შემთხვევა იყო, რამაც 15 ჰა-მდე ფართობი დააზიანა.

შემდეგი ხანძრის 2 კერა 2019 წლის მაისში ბორჯომის მუნიციპალიტეტში, საკირე-ტაძრისის ტყეში წარმოიშვა, როცა ხანძრის გავრცელბის არეალმა 2,5 ჰა შეადგინა.

ბოლოს ხანძარი ბორჯომში, ქვაბისხევის ტყეში 2021 წლის აგვისტოს ბოლოს გაჩნდა.

„ბოლო წლებია ტყის ხანძრები მთელს მსოფლიოში მძვინვარებს. ხანძრები ჩნდება იქ სადაც აქამდე არ იყო. ისეთ დროს, რა პერიოდშიც აქამდე თითქოს არ ფიქსირდებოდა. ეს ხდება მსოფლიოში და რა თქმა უნდა საქართველოშიც“
- ამბობს გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN - ის წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი.

„ტყის ნარჩენებისგან გაუწმენდაობის გამო, ხშირად იქმნება ხანძარსაშიში მდგომარეობა, ტყე უნდა გაიწმინდოს, არ შეიძლება იყოს ჩახერგილი ტოტები, ისინი უნდა შეგროვდეს და გასუფთავდეს ტერიტორია. წიწვოვანი ხეები გამოყოფენ ფისს და ძალიან მაღალი ტემპერატურის დროს ხდება მისი აალება“ - განმარტავს ტელეკომპანია „ბორჯომთან“ საუბრისას დაბა წაღვერში მცხოვრები ბიოლოგი, ვაჟა გელაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბოლო ათწლეულში ტყის ხანძრებმა ყველაზე მეტად წაღვერის თემი დააზარალა.




რა არის კლიმატის ცვლილება და რატომ არის მნიშვნელოვანი ვაცნობიერებდეთ მის გავლენას?

ჩვენს პლანეტაზე კლიმატი მუდმივად იცვლებოდა ბუნებრივი ფაქტორების ზემოქმედებით. თუმცა, ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში კლიმატის ცვლილება ატმოსფეროში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სათბურის აირების კონცენტრაციის უპრეცედენტოდ სწრაფად ზრდის გამო.

ადამიანის სამეწარმეო საქმიანობის გააქტიურებით, ატმოსფეროში გაიფრქვევა სასათბურე გაზები; მათ შორის ყველაზე ხშირია: CO2 (ნახშირორჟანგი), CH4 (მეთანი), NO2 (აზოტის ქვეჟანგი), რომლებიც ინახავენ სითბოს ატმოსფეროში, რაც იწვევს პლანეტის საშუალო ტემპერატურის ინტენსიურ მატებას.

• ტემპერატურის მატებასთან ერთად იზრდება წლის განმავლობაში ცხელი დღეების რაოდენობა.

• ბოლო წლებში გაზრდილია ტყის ხანძრების რიცხვი.

• დედამიწის ყინულოვანი საფარი დნება, რაც თავის მხრივ წყალდიდობების და ღვარცოფების რისკს ზრდის.

• იზრდება ადამიანების დაავადებების რისკი, ეპიდემიების გავრცელება.


სწრაფად მიმდინარე კლიმატის ცვლილება, ცოტა დროს გვიტოვებს მისი უარყოფითი ზემოქმედების შესამცირებლად და არსებულ რეალობასთან ადაპტირებისთვის.





რა კავშირია კლიმატის ცვლილებასა და სატყეო სექტორს შორის?

გახშირებული ტყის ხანძრების გამომწვევ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად, ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ნათია იორდანიშვილი კლიმატის ცვლილებას ასახელებს.

„ბოლო წლების განმავლობაში, გაანალიზებული მასალების საფუძველზე გაკეთდა დასკვნა, რომ კლიმატის ცვლილებამ ხელი შეუწყო ბორჯომ-ბაკურიანის ტყეებში ხანძარსაშიშროების ზრდასა და მავნებლებისათვის გავრცელების ხელსაყრელი კერების გაფართოებას. სავარაუდოდ, ეს ტენდენცია, კლიმატის სამომავლო ცვლილების გათვალისწინებით, კიდევ უფრო გაძლიერდება.

ზოგადად, ტყეებს კლიმატის ცვლილებასთან ორმაგი კავშირი აქვს: ტყეები ნახშირბადის დაგროვების ძირითად სახმელეთო ეკოსისტემას წარმოადგენს, ამიტომ ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კლიმატის ცვლილების პროცესისა და, შესაბამისად, მისი უარყოფითი ზეგავლენის შემცირებაში.

მეორე მხრივ, თვით ტყეები განიცდის კლიმატის ცვლილების უარყოფით ზემოქმედებას, იცვლება მათი შემადგენლობა, ხარისხი, იზრდება მოწყვლადობა სხვადასხვა მავნებლების, დაავადებების და ხანძრების მიმართ.“
- განმარტავს ნათია იორდანიშვილი.

საქართველოში ტყის საფარი, ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის დაახლოებით 40%-ს იკავებს. ტყე გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოს სათბურის აირების ბალანსში. ბოლო წლებში ქვეყანაში არსებულმა სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ, ტყის გაჩეხვამ და ხანძრებმა, უკიდურესად უარყოფითად იმოქმედა ტყეებზე, რამაც მათი ნახშირორჟანგის შთანთქმის პოტენციალის მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია.

მიუხედავად ამისა, საქართველოში სათბურის აირების ეროვნული ინვენტარიზაციის ანგარიში (1990-2017) მოწმობს, რომ ტყეები სათბურის აირების მნიშვნელოვან შთამნთქმელს წარმოადგენს და თანმიმდევრული ღონისძიებების განხორციელების პირობებში, მათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში.


ტყის ხანძრების ნეგატიური გავლენა ბორჯომზე

ბორჯომში, ადგილობრივი მოსახლეობა უკვე გრძნობს ხანძრების შედეგად გამოწვეულ ცვლილებებს. მიკროკლიმატის ცვლილება განსაკუთრებით ნახანძრალი ტყეების მიმდებარე დასახლებებშია შესამჩნევი.

„შეიცვალა მიკროკლიმატი, ჰაერი გახდა უფრო მშრალი და კონტინენტალური, მნიშვნელოვნად შემცირდა მტკნარი წყაროების რაოდენობა. არასოდეს ყოფილა, რომ წაღვერში, მარიჯანის და არჯევანიძის ტყეში არსებული ხევი დამშრალიყოს, მაგრამ ამ ხანძრების შედეგად, ზაფხულის გვალვიან დღეებში, დღის განმავლობაში შრება. მოსახლეობა შეწუხებულია, აქ არის ძლიერი დაქანების ფერდობები, ინტენსიური წვიმების დროს მოდის ღვარცოფი, ეტბორებათ ეზოები. ვფიქრობ ამ გლობალური დათბობით გამოწვეული ბუნებრივი კატაკლიზმები, გახშირებული გვალვები და შემდეგ უხვი ნალექი ნეგატიურ გავლენას ახდენს ჩვენს გარემოზე“ - ამბობს დაბა წაღვერში მცხოვრები ვაჟა გელაშვილი.

ბიოლოგი თვლის, რომ თუ ასე გაგრძელდა, წაღვერის და ზოგადად ბორჯომის თემის ტურისტული პოტენციალი შემცირდება. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული და უკვე ხელშესახები ცვლილებები სერიოზულ გავლენას მოახდენს, არა მარტო გარემოზე, არამედ სხვა მნიშვნელოვან სფეროებზე, რაც საბოლოოდ ადამიანების კეთილდღეობის მაჩვენებელს შეამცირებს. კლიმატის ცვლილების გავლენა ტურიზმზე - ეს სხვა სტატიის თემაა.

ახლა კი ვნახოთ როგორია საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება და მიდგომები სატყეო სექტორში კლიმატის ცვლილების შესარბილებლად.



რა ხდება საქართველოში?

2015 წელს პარიზში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში, 195 სახელმწიფო შეთანხმდა, რომ ძალ-ღონეს არ დაიშურებდა, რათა პლანეტის საშუალო ტემპერატურის მატება 2100 წელს ყოფილიყო 2°C-ზე მცირე. შეთანხმებას შეუერთდა საქართველოც.

საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ფარგლებში, საქართველო ოთხ წელიწადში ერთხელ, გაეროს წარუდგენს ეროვნულ ანგარიშს ქვეყანაში კლიმატის ცვლილების მიმდინარე და სამომავლო ტენდენციებისა და მისი შედეგების შესახებ.

ანგარიში მომზადდა 2021 წელს, რიგით მეოთხე ეროვნულ შეტყობინებაში, კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციისადმი ვკითხულობთ:

კლიმატის ცვლილების პროცესი საქართველოში მნიშვნელოვნადაა გააქტიურებული. 1986-2015 წლებში, 1956-1985 წლებთან შედარებით, ქვეყნის ტერიტორიაზე მიწისპირა ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა მომატებულია თითქმის ყველგან, მხარეების შესაბამისად - 0.25– 0.58C ფარგლებში. საშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე ტემპერატურის ნაზრდი 0.47C შეადგენს.“

ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 1956–1985 წლებში, ბორჯომში აგვისტოს თვის მაქსიმალური ტემპერატურების საშუალო იყო 26.6 C, 1986–2015 წლებში კი 28.7C .

ბორჯომის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემების თანახმად, 2017 წლის განმავლობაში ბორჯომში უნალექო დღეთა რიცხვმა 236 შეადგინა.



„შეინიშნება კლიმატის ცვლილების ფონზე სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდის ტენდენცია. ქვეყნის ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა მეწყრულ-გრავიტაციული და ღვარცოფული პროცესების მასშტაბები და რაოდენობრივი მაჩვენებლები. ინტენსიურად დნება საქართველოს მყინვარები.

მომავალში ნეგატიური ეფექტი კიდევ უფრო გაძლიერდება.

ტყის რესურსების და მათი მდგრადი მართვის მნიშვნელობა ქვეყნის უმაღლესი დონის კლიმატურ პოლიტიკაშია აღნიშნული: საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი გამოყოფს ტყეებს როგორც ეროვნული კლიმატური მოქმედებების მთავარ სექტორს, რომელსაც აქვს რაოდენობრივი ვალდებულება, უფრო ფართომასშტაბიანი გახადოს ტყეების მდგრადი მართვა.

სატყეო სექტორში კლიმატის ცვლილების შესარბილებლად საქართველოს მთავრობა შემდეგ სამ ღონისძიებას მიიჩნევს პრიორიტეტულად: (ა) ტყის მდგრადი მართვის პრაქტიკის დამკვიდრება; (ბ) ტყის გაშენების/ტყის აღდგენის განხორციელება და ბუნებრივი აღდგენის ხელშეწყობა; და (გ) დაცული ტერიტორიების გაზრდა.“
- ნათქვამია მეოთხე ეროვნულ შეტყობინებაში.


რა კეთდება ტყის ხანძრების შესამცირებლად?


ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით კლიმატის ცვლილების შერბილებასა და ადაპტაციისათვის ქვეყანას მომზადებული აქვს რიგი დოკუმენტები, რომლებიც განსაზღვრავენ სამიზნე მაჩვენებლებს და წლების მიხედვით განსახორციელებელ ქმედებებს.

ასეთია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის „პარიზის შეთანხმებით“ გათვალისწინებული – „საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC)“,
საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიის 2021 – 2023 წლების სამოქმედო გეგმა. ეს დოკუმენტები მოიცავს განსახორციელებელ ქმედებებს არამხოლოდ ხანძრების პრევენციასთან მიმართებაში.

რაც შეეხება ხანძრებს, პრობლემა რომ აქტიურდება და მასთან ადაპტირებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი, არ უარყოფს ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ნათია იორდანიშვილი. იორდანიშვილი იმ ქმედებებს განმარტავს, რაც სააგენტომ უკვე განახორციელა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ყოვეწლიური საოპერაციო გეგმის შემადგენელი ნაწილია ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები:

• ხანძარსაწინააღმდეგო გზებისა და ბილიკების მოწყობა,

• ტყეების ჩახერგილობისაგან გაწმენდა,

• ადრეული შეტყობინებისა და აღმოჩენის სისტემების განვითარება.

დღეისათვის სააგენტოს მომზადებული აქვს ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ოპერატიული გეგმები სატყეო უბნების დონეზე, მომზადდა ტყის ხანძრების რისკების შეფასების მეთოდოლოგიაც, იდენტიფიცირებულია ხანძარსაშიში უბნები, სადაც ხანძარსაშიშ პერიოდში მკაცრდება მონიტორინგი, მათ შორის, დამატებით დაქირავებული მეხანძრე-დარაჯების მეშვეობით, იდენტიფიცირებულია კოცონის დასანთები ადგილებიც და განთავსებულია საინფორმაციო დაფები.

ასევე, 2021 წელს ტყის ხანძრების მართვის მიმართულებით გადამზადდა სააგენტოს 107 თანამშრომელი და 30 მოხალისე ყველა რეგიონში.“
- ამბობს ნათია იორდანიშვილი.


რა უნდა გაკეთდეს?

გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN - ის წარმომადგენელი, რეზო გეთიაშვილი განმარტავს, რომ კლიმატის ცვლილებაზე რეაგირება რთული პროცესია და რთული გადაწყვეტილებებია მისაღები. მსოფლიოსაც უჭირს გამონახოს გზები, როგორ შეიძლება გაუმკლავდეს კლიმატის ცვლილებას და იმ შედეგებს რომელიც უკვე სახეზეა.

„არც ჩვენს ქვეყანაში არ არის იდეალურად საქმე. თუმცა თანდათან ხდება როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოების მხრიდან პრობლემის გაცნობიერება. ბოლო წლებში კლიმატის შერბილების და ადაპტირების კუთხით, ყველაზე თანმიმდევრული რეფორმები სატყეო კუთხით მიმდინარეობს, მაგრამ სახელმწიფოს მაინც უჭირს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება და აღსრულება, რომელიც დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს. რომელიც მოითხოვს საკითხის გატანას ერთი სააგენტოს ან სამინისტროს გარეთ.“ - ამბობს რეზო გეთიაშვილი.

გარემოსდამცველი ასახელებს იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებს რაც პროაქტიულად არის გადასადგმელი.

„ე.წ ხანძრების სეზონზე, როდესაც საფრთხეები იზრდება ივლისის ბოლოდან აგვისტოს ბოლომდე, ხანძარსაშიში დამატებითი ზომები უნდა იქნას მიღებული, მაგალითად უნდა იკრძალებოდეს ცეცხლის დანთება, შეიძლება ასეთ დროს ტყეში გადაადგილებაც კი აიკრძალოს.
ზოგადად საჭიროა ტურისტულ რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობა ტყეებში, მათ შორის ხანძრის დასანთები ადგილის მინიმალური ინფრასტრუქტურის მოწყობა. ტყეში ანთებულ კოცონს სჭირდება მართვა და მოვლა ბოლომდე, მის მიტოვებამდე.
სასოფლო სამეურნეო ნაკვეთებში ნარჩენების დაწვა, საქართველოში მავნე პრაქტიკაა, რაც დიდ წილად ხდება ხანძრის გაჩენის კერა. 2015 წლიდან არსებობს კანონი და შესაბამისი სანქციები, მაგრამ არ გვაქვს აღსრულება. ვფიქრობ საჭიროა აღსრულების ეფექტური მექანიზმის ამოქმედება“

ჩვენი სტატიის რესპონდენტები თანხმდებიან, რომ უმნიშვნელოვანესია მოქალაქეების ჩართულობა და თითოეული ადამიანის წვლილი, თუმცა იქამდე მათი ინფორმირებაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.



რა ვიცით და რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ, მოსახლეობას?

კლიმატის ცვლილება ადამიანის საქმიანობით არის გამოწვეული, შედეგები კი ისევ ადამიანებზე ახდენს ნეგატიურ გავლენას. რა იციან მოქალაქეებმა კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ უარყოფით გავლენებზე და როგორ წარმოუდგენიათ საკუთარი როლი პროცესის შენელებაში.

„ვიცი, რომ გლობალური დათბობაა მოსალოდნელი და შეიძლება გვალვები დაიწყოს“,

„ჩვენს თაობას ეს ცვლილებები არ შეეხება, ამას საუკუნეები დასჭირდება“,

„მყინვარების დნობა უკვე დაწყებულია, წყალდიდობებია მოსალოდნელი და კიდევ სხვა კატასტროფები“,

„ჩვენ რიგით მოქალაქეებს არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია“
- ამბობენ რესპონდენტები ბორჯომიდან.

კავკასიის გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მიერ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით, საქართველოში, 2020 წლის აგვისტო-სექტემბერში ჩატარებული კვლევის შედეგად:

• გამოკითხული მოქალაქეების 97.6%-ს სმენია კლიმატის ცვლილების შესახებ.

• მოსახლეობის 91.35% მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილება რეალური პროცესია, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს დედამიწაზე.

• რესპონდენტების 25.9% თვლის, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგების მართვას საერთაშორისო ორგანიზაციები შეძლებენ.

• მოსახლეობის 36.19% თვლის, რომ ვერაფერს გააკეთებს კლიმატის ცვლილების დასაძლევად.


ტყის ხანძრების შესამცირებლად და ხშირ შემთხვევაში თავიდან ასაცილებლადაც კი თითოეულ ჩვენგან შეგვიძლია, საკუთარი წვლილის შეტანა:


• ხელოვნურად არ გავაჩინოთ ხანძარი

• უარი ვთქვათ გვალვიან ზაფხულში, ტყეში კოცონის ანთებაზე

• ტყეში ყოფნისას დავიცვათ სახანძრო უსაფრთხოების წესები

• უარი ვთქვათ სასოფლო სავარგულებზე არსებული ნარჩენების გადაწვაზე

• შევამციროთ საშეშე მერქნის ჭარბი მოხმარება

• ხის მოჭრის შემდეგ გავასუფთაოთ ტერიტორია ნარჩენი ტოტებისგან

• გამოვიყენოთ ენერგოეფექტური ღუმელი


წარმოგიდგენიათ ბორჯომი ტყისა და სიმწვანის გარეშე? - ალბათ არა. ხოდა თუ მინიმუმ ზემოთ ჩამოთვლილ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, ამით ჩვენ წვლილს შევიტანთ ტყის ხანძრების შემცირებაში და შესაბამისად კლიმატის ცვლილების შერბილებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა ველოდეთ დედამიწის ე.წ „გადახურებას“ და „ტყის კარგვას“.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.