ინტერაქტიული მულტიმედია
მარათონი სოფლებში ვაქცინაციის იმედით
ბორჯომის მუნიციპალიტეტში აცივდა. მოსახლეობა მკაცრი ზამთრისთვის ემზადება. იმარაგებენ პროდუქტებს, ბოსტანში მოწეული მოსავლით ამზადებენ ზამთრის საკვებს. ყოფითი პრობლემებით დამძიმებულებს კორონავირუსის ეშინიათ, თუმცა აცრას არ ჩქარობენ. ზოგს რა მიზეზი აქვს, ზოგს რა. ნაწილს ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, ნაწილს ეშინია, დანარჩენებს კი სხვადასხვა მითის სჯერა.

ნანა გრძელიძე ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბის, წაღვერის, მზეთამზესა და ტიმოთესუბნის ოჯახის ექიმია. ვაქცინაციის საწყის ეტაპზე ბევრი ადამიანი კითხვებით მიმართავდა. ექიმი მათ ან შესაბამის ინფორმაციას აწვდიდა, ან კომპეტენტურ პირებთან ამისამართებდა.

დაბა წაღვერის ამბულატორიის სამედიცინო პერსონალს, იმავე შენობაში განთავსებული წაღვერის საქალაქო კულტურის სახლის თანამშრომლები, მოქალაქეების დარეგისტრირებაში ეხმარებოდნენ. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ვებგვერდზე დღეში 20-25 ადამიანის ინფორმაცია შეჰყავდათ. ადგილობრივი თვითმმართველობა მოქალაქეების ტრანსპორტირებით ეხმარებოდა.
მოგვიანებით აცრის მსურველთა რაოდენობამ იკლო.
უბნის ექიმის მონაცემებით, ამ დროისთვის წაღვერის თემის ოთხ სოფელში ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 30%-ია აცრილი.

„ამ პერიოდში, ფაქტობრივად, აღარ მიმდინარეობს აცრები, მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო ვაქცინები, ვადაგასული დაგვრჩება, ალბათ, „ფაიზერს“ ვგულისხმობ“, -ამბობს ნანა გრძელიძე.

ექიმი ფიქრობს, სოფლის მოსახლეობა აცრის პროცესში უფრო აქტიურად რომ ჩაერთოს, ამისათვის სამედიცინო პერსონალი მაქსიმალურად უნდა აწვდიდეს ინფორმაციას. ვაქცინის პროცესი სწორად უნდა გააშუქოს მედიამაც, რომ ანტივაქსერების მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული ყალბი ინფორმაცია გააბათილოს. ახლა, მარათონის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლის და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები სოფლებში დადიან და მოსახლეობას უყვებიან, თუ რა სიკეთე მოაქვს ვაქცინას. ნანა გრძელიძეს მიაჩნია, რომ მარათონი ეფექტიანია. „100 ადამიანიდან დამატებით 10 თუ აიცრა მობილური ჯგუფების მიერ, ეს უკვე 10%-ია რაც ძალიან კარგია“.

დალი ქასაშვილი წაღვერის საქალაქო კულტურის სახლის დირექტორია. სამსახურში პირველი აიცრა, რათა თანამშრომლებისთვის სტიმული მიეცა. მაგალითმა იმუშავა და დღეს მისი თანამშრომლების 75% აცრილია. “მე არ მინდა ვიყო ადამიანი, რომელმაც შეიძლება სხვას ზიანი მოუტანოს”, -აღნიშნავს დალი ქასაშვილი, რომლისთვისაც ვაქცინაცია პანდემიის დამარცხების ერთადერთი საშუალებაა.



დალი ქასაშვილი

ადამიანებამდე სწორი ინფორმაციის მიტანას ცდილობს. სოციალურ ქსელში საინფორმაციო ჩატი შექმნა, სადაც აცრებთან დაკავშირებით ინფორმაციას ანთავსებს და მოსახლეობას ვაქცინაციაზე რეგისტრაციაში ეხმარება. სოფელ მზეთამზეში ცხოვრობს და თანასოფლელებს აცრის აუცილებლობაში პირადად არწმუნებს. მისი ინიციატივითა და ჩართულობით სოფელში რამდენიმე ადამიანი აიცრა.

83 წლის გურამ თედიაშვილი ვაქცინაციაზე ნათესავმა დაარეგისტრირა. ის „ფაიზერის“ ორივე დოზით უკვე აიცრა. თუ რატომ, ამის მყარი არგუმენტი თავისი ახალგაზრდობის დროინდელი ეპიდემიებიდან აქვს.




ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია ბორჯომის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში. სუსანა აკოფიანი ტაბაწყურის სოფლის ექთანია. სამედიცინო დახმარებას, ყოველდღიურად, თემის ოთხ სოფელს  უწევს. სუსანა ამბობს, რომ კოვიდვაქცინაციის მსურველები მობილური ტელეფონის საშუალებით რეგისტრირდებიან. მაღალმთიანი სოფლის მცხოვრებლები ასაცრელად  ბორჯომში ან მეზობელ მუნიციპალიტეტში,  ახალქალაქში მიდიან. სუსანას ინფორმაციით, ოთხივე სოფელში მოსახლეობის სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის  35%-მდეა აცრილი. სოფლის ექთანი ფიქრობს,  ვაქცინაცია  სოფელში რომ იყოს შესაძლებელი, უფრო მეტი ადამიანი აიცრებოდა. ბორჯომის მაღალმთიანეთში მალე მოთოვს და მისასვლელი გზაც ჩაიკეტება. მანამდე კი იქ ასვლას მარათონის ფარგლებშიც არ გეგმავენ.




ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე ბორჯომში სულ 9 400-მდე ადამიანი აიცრა. 12 აგვისტოდან ვაქცინაცია ბაკურიანშიც მიმდინარეობს და ამ დროისთვის იქ 451 მოქალაქე აიცრა. ბოლო პერიოდში, ისევე, როგორც მთელ ქვეყანაში, ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობამ მუნიციპალიტეტში მკვეთრად იკლო. თუ აქამდე სამივე ვაქცინით, „ფაიზერით“, „სინოფარმით“ და „სინოვაკით“, დღეში 300-მდე მოქალაქეს ცრიდნენ, ამჟამად ეს მაჩვენებელი 20-მდე შემცირდა. განსაკუთრებით პასიურობს სოფლის მოსახლეობა. ამის სავარაუდო მიზეზად, ბორჯომის სამედიცინო ცენტრის დირექტორი ირაკლი დიასამიძე სოფლად ინფორმაციის ნაკლებობას ასახელებს.

ვაქცინაციის მსურველ მოსახლეობას ტრანსპორტით უზრუნველყოფას ჰპირდება ადგილობრივი ხელისუფლება. მოქალაქეებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტს უნდა მიმართონ. მერია მათ სამედიცინო ცენტრამდე მიყვანას და უკან დაბრუნებას უზრუნველყოფს. „დახმარების კუთხით ძალიან ცოტა მოქალაქე მოგვმართავს, ჩვენი სოფლის წარმომადგენლები ჩართულები არიან ყველა კუთხით მოსახლეობის ინფორმირებაში და რა ვიცი, მსურველების რაოდენობა თანდათან მცირდება“, - ამბობს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ რაზმაძე.

სოფლის მცხოვრებლების ჩართულობისა და გააქტიურების მიზნით 18 ოქტომბრიდან საქართველოში ვაქცინაციის მარათონი დაიწყო. კამპანია ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება და 50-მდე სოფელს მოიცავს. აცრების მარათონში ბორჯომიდან მხოლოდ დაბა ბაკურიანია ჩართული. დღეს, 29 ოქტომბერს, საკურორტო ზონის ვაქცინაციის პუნქტს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ეწვია. ბაკურიანის ჯანდაცვის ცენტრში ამირან გამყრელიძის ყოფნის პერიოდში ორი, დღის განმავლობაში კი სულ ხუთი ადამიანი აიცრა. ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მანანა რატიანი ამბობს, რომ უბნის ექიმების მიერ ინფორმაციის გავრცელების მიუხედავად, აქტივობა მაინც დაბალია. ვაქცინაციის მიმართ მოსახლეობის ნეგატიური დამოკიდებულება არა ინფორმაციის დეფიციტის, არამედ არსებული ინფორმაციის არასწორი აღქმის შედეგია.

„ძალიან ბევრი დაუსაბუთებელი ინფორმაცია აქვთ მიღებული და მაქსიმალურად, ამ მარათონის ფარგლებში, ვცდილობთ, რომ ეს არასწორი ინფორმაცია გავუქარწყლოთ. არასწორი ინფორმაცია ჩავანაცვლოთ მაქსიმალურად სწორი ინფორმაციით“.

ქვეყანაში ვაქცინაციის მარათონის დაწყებიდან ერთ კვირაში სოფლებში დამატებით 1200 ადამიანი აიცრა, რაც სპეციალისტების შეფასებით, იმუნიზაციის მსურველთა აქტივობას არ ნიშნავს. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, შემდეგ ეტაპზე მარათონი შედარებით მცირე ზომის სოფლებში გაგრძელდება. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები „რთულ ნოემბერს“ აანონსებენ. პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის 25 214 მოსახლიდან აცრილი მხოლოდ 9851 ადამიანია.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.