ახალი ამბები
ასპინძის სამ სოფელში ბრუცელოზით დაავადებული ადამიანების რიცხვი გაიზარდა
ზოონოზური (ცხოველიდან ადამიანზე გადამდები) ინფექციური დაავადება ბრუცელოზი ასპინძის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში – ზველში, საყუდაბელსა და ორგორაში, ჯამში, 27 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. 

მათი ნაწილი მკურნალობის მიზნით სამედიცინო დაწესებულებაში იყო მოთავსებული, თუმცა კლინიკა ყველა მათგანმა დატოვა და ბინაზე აგრძელებენ შესაბამის მკურნალობის კურსს.


ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მზია პაპაშვილის თქმით, ბრუცელოზით ადამიანების დაინფიცირების 27 შემთხვევა შემდეგნაირად ნაწილდება:


საყუდაბელი – 12 დაავადებული ადამიანი;
ზველი – 13 დაავადებული ადამიანი;
ორგორა – 2 დაავადებული ადამიანი.


მზია პაპაშვილის ინფორმაციით, დაავადების გავრცელების კერებში მცხოვრებ მოქალაქეებს ბოლო სინჯები 9 ივნისს აუღეს. მათ, ვისაც პირველადი ტესტით დაავადება დაუდასტურდა განმეორებითი ტესტირება უტარდებათ. მათი ანალიზის პასუხები ეტაპობრივად გახდება ცნობილი.



მიმდინარე წელს, გარდა ადამიანებისა, ბრუცელოზი ათობით პირუტყვს დაუდასტურდა.




რა უნდა ვიცოდეთ ბრუცელოზის შესახებ:

ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი, მათ შორის მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი. ადამიანზე გადადის ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტით, ან მისგან მიღებული პროდუქტით.

დაკლული პირუტყვის ხორცი საკვებად მხოლოდ თერმული დამშავების შემდეგ არის შესაძლებელი.

მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს დაავადებული ცხოველის უმი (აუდუღარი) რძე და მისგან დამზადებული პროდუქტი.



ბრუცელოზის ადამიანზე გადაცემის გზებია:

• კონტაქტური - ავადმყოფი ცხოველის აბორტულ მასალასთან, სისხლთან, შარდსა და განავალთან შეხება, პირუტყვის ტყავისა და მატყლის დამუშავება;

• საკვებით - ინფიცირებული თერმულად დაუმუშავებელი (აუდუღარი, მოუხარშავი) ცხოველური პროდუქტების გამოყენება (რძე, რძის პროდუქტები, ხორცი);

იშვიათად:

• ასპირაციული - ბრუცელას ბაქტერიებით დასენიანებული მტვრის, მშრალი ნაკელის, მატყლის ნაწილაკების მოხვედრა პირის, ცხვირისა და თვალის ლორწოვანში.

ძალზედ იშვიათად! - ბრუცელოზის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე შეიძლება მოხდეს სისხლის გადასხმის ან ორგანოთა ტრანსპლანტაციის, სქესობრივი კონტაქტის და ძუძუთი კვების დროს.



როგორ მივიტანოთ ეჭვი ბრუცელოზზე?

ადამიანის ბრუცელოზი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ინკუბაციური (ფარული) პერიოდი გრძელდება ერთი კვირიდან რამდენიმე თვემდე.
ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომებია:

• ცხელება;
• ზოგადი სისუსტე;
• ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამით (სპეციფიკური, არასასიამოვნო სუნის ოფლი)
• ტკივილები - განსაკუთრებით თავის და ზურგის კუნთების.




Print