ახალი ამბები
"ბავშვების მომართვიანობა გაზრდილია, გადატვირთულია კლინიკები" - თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დღეს საქართველოში, როგორც მთელს მსოფლიოში, ფიქსირდება გრიპის და სხვა სეზონური ვირუსული ინფექციების (რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, რინოვირუსი, ადენოვირუსი და სხვ.) გახშირებული რაოდენობა. მისივე თქმით, პაციენტების, განსაკუთრებით ბავშვების, მომართვიანობა გაზრდილია, კლინიკები გადატვირთულია.

"ეს ინფექციები ზოგჯერ მძიმედ მიმდინარეობს და სერიოზულ ყურადღებას და ძალისხმევას მოითხოვს. მათ შესაძლოა, გამოიწვიონ სერიოზული გართულებები, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში და ასაკოვან (65 წელზე ზემოთ) პირებში, აგრეთვე მათში, ვისაც აქვს სერიოზული თანმხლები ქრონიკული დაავადებები და იმუნოდეფიციტური მდგომარეობები. ეს ასე იყო წინა წლებში და ალბათ ასე იქნება მომავალშიც", - აცხადებს ცერცვაძე.

მისივე თქმით, ამ პრობლემას საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად მომზადებული შეხვდა - ყველა რგოლი დაწყებული ოჯახის ექიმებით და სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალით და დამთავრებული კლინიკებით, გამართულად ფუნქციონირებს. როგორც ცერცვაძე აცხადებს, შემთხვევების დიდი რაოდენობის მიუხედავად, არც ერთხელ არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი სისტემური ხარვეზები.

"არ ყოფილა მედპერსონალის, საწოლების, მედიკამენტების, ჟანგბადის და სუნთქვის აპარატების ნაკლებობა და პრაქტიკულად არ არის სეზონური რესპირაციული ინფექციებისგან გარდაცვალების შემთხვევები. შედარებისთვის, 2009-2010 წლებში ე.წ. ღორის გრიპის ეპიდემიის დროს ქვეყანაში მხოლოდ დადასტურებულ შემთხვევებში გრიპის და მისი გართულებებისგან გარდაიცვალა 50-ზე მეტი პაციენტი. აღსანიშნავია ის, რომ ევროპის და ამერიკის რიგი ქვეყნები, როგორც COVID-ის, ისე სეზონური რესპირაციული ინფექციების მხრივ აწყდებიან გაცილებით უფრო მეტ პრობლემებს, ვიდრე საქართველო. ასე მაგალითად, აშშ-ში მათივე ოფიციალური მონაცემებით, მარტო გრიპისგან გარდაიცვალა 4500 პაციენტი, ხოლო კალიფორნიაში საწოლების დეფიციტის გამო უხდებოდათ კარვების გაშლა და სახელდახელო „ემერჯენსების“ მოწყობა. ასევე ოფიციალური მონაცემებით, განვითარებად ქვეყნებში ხუთ წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით გამოწვეული ინფექციის 50 შემთხვედან 1 შემთხვევა (2%) ფატალურად მთავრდება", - აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი.




Print