მასწავლებელთა ანაზღაურების გაზრდა იგეგმება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, სადაც პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკის გაუმჯობესებაზე და ამ მიმართულებით არსებულ სიახლეებზე ისაუბრა.

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, მიმდინარეობს ცრუ, დეზინფორმაციული კამპანია, რომ თითქოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2024 წლის სექტემბრამდე არ გეგმავს მასწავლებლებისთვის ანაზღაურების ზრდას. რეალურად კი, მიმდინარეობს მუშაობა ახალი სახელფასო პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე, რომელიც 2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება და მის ფარგლებში მოხდება, ბოლო წლების განმავლობაში, მასწავლებელთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდა.

მინისტრის თქმით, ახალი სახელფასო პოლიტიკის თანახმად, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება – ეს გახლავთ ერთ წელიწადში ხელფასების საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 35%-იანი მატება, რაც მასწავლებელთა კორპუსში მრავალი წელია არ განხორციელებულა.

“ ჩვენი ანალიზის, კვლევებისა და მასწავლებლებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, სამინისტროში მიმდინარეობს ახალ სახელფასო ფორმულაზე მუშაობა, რომლის კონკრეტული დეტალები საზოგადოებას, როგორც უკვე აღვნიშნე, დეკემბერში გამართულ პრეზენტაციაზე საჯაროდ ეცნობება. თუმცა, აქვე კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ახალი სახელფასო კონცეფცია მოიცავს პედაგოგებისთვის ხელფასის უპრეცედენტო ზრდას და სრული დატვირთვის პირობებში ამჟამინდელ არსებულ ხელფასებთან მიმართებაში, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა ბოლო წლების განმავლობაში იქნება უპრეცედენტო – სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება. ეს გახლავთ ერთ წელიწადში ხელფასების საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 35%-იანი მატება, რაც მასწავლებელთა კორპუსში მრავალი წელია არ განხორციელებულა.
მნიშვნელოვანია, რომ სისტემამ მოახდინოს ახალ სახელფასო ფორმულაზე გადასვლა. სწორედ ამ მიზნით, არსებული ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში, რომელიც სრულად იქნება მიმართული მასწავლებელთა ხელფასების ზრდაზე, 2024 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა – ეს 6 თვის პირობებშიც კი პედაგოგებისთვის იქნება 4-ჯერ მეტი გაზრდილი შემოსავალი, 2024 წლის წლიურ ჭრილში, ვიდრე იანვრიდან გაზრდილი 125-ლარიანი დანამატი.
გვსურს, მოვუწოდოთ ყველა დაინტერესებულ მხარეს – გავერთიანდეთ ამ უპრეცედენტო და ისტორიული სახელფასო მატების რეფორმის პროცესში, რომლის მსგავსი მასწავლებლებთან დაკავშირებით აქამდე არასდროს განხორციელებულა. ეს უზრუნველყოფს ყველა მასწავლებლისთვის, მიუხედავად მათი სტატუსებისა, გაზრდილ, ღირსეულ ანაზღაურებას და ჩვენი შვილებისთვის უკეთესი, ხარისხიანი განათლების შეთავაზების შესაძლებლობას მოგვცემს“
-განაცხადა გიორგი ამილახვარმა.


Print