ახალი ამბები
საქართველოში წლიური ინფლაცია 0% იყო
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინდექსის დონე ანუ ინფლაციის მაჩვენებელი.

2024 წლის იანვარში წლიური ინფლაცია 0% იყო. საქსტატის ინფორმაციით, იანვარში ფასები შემცირდა ყველაზე მსხვილ სამომხმარებლო ჯგუფზე, სურსათზე, ასევე გაიაფდა ჯანდაცვის სექტორში სხვადასხვა მომსახურება. იანვარში, 2023 წლის იანვართან შედარებით, ფასები მომატებულია ტრანსპორტის მომსახურებაზე, თამბაქოზე, ალკოჰოლურ სასმელებსა სხვა პროდუქტებზე.



იანვრის ინფლაციაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები 4.3%-ით არის გაზრდილი.

ფასი გაზრდილია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (7.8%-ით), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.2%-ით) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.8%-ით).

ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასი 3.5%-ით არის მომატებული. ფასი გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (4.8%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (2.8%).

იანვარში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 2.4%-ით შემცირდა. ფასი შემცირებულია ზეთსა და ცხიმზე (15.9%), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (11.3%), პურსა და პურპროდუქტებზე (9%), რძეზე, ყველსა და კვერცხზე (4.1%).

თუმცა ფასები გაზრდილია ხილსა და ყურძენზე (19.7%), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (6.1%), მინერალურ, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე (2.9%). ფასმა ასევე მოიმატა შაქარზე, ჯემზე, ტკბილეულზე (2.7%), თევზეულზე (1.9%), ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე(1.3%).

ფასები 3.3%-ით შემცირდა ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფშიც. საქსტატის ინფორმაციით, ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (7.7%). თუმცა ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებასა (5.6%) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (3.9%).



ინფლაციას [სამომხმარებლო ფასების ინდექსს] სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველთვიურად სამომხმარებლო კალათის საფუძველზე ანგარიშობს.

სამომხმარებლო კალათა 300-ზე მეტ პროდუქტსა და მომსახურებას აერთიანებს და მოიცავს ქვეყნის მოსახლეობის მიერ შეძენილ ყველაზე ხშირად მოხმარებად საქონელსა და მომსახურებას, როგორებიცაა საკვები, ტექნიკა, ტანსაცმელი და სხვა. თითოეულ პროდუქციას საკუთარი წონა აქვს მინიჭებული და ზოგიერთ მათგანზე ფასის ცვლილებას უფრო მეტი გავლენა აქვს ინფლაციაზე, ვიდრე სხვებს. ფასების დონის ზრდის გარდა, ინფლაციას ასევე განმარტავენ, როგორც ფულის მსყიდველუნარიანობის შემცირებას.

ამიტომ ინფლაციის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნება, რაც რეალურად ფასების სტაბილურობას გულისხმობს, ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა. ინფლაციის დაბალ დონედ კი ცენტრალური ბანკი 3%-ს მიიჩნევს. ბოლო წლებში ინფლაციის ამ მაჩვენებლის შენარჩუნება ვერ ხერხდებოდა, 2022 წელს ქვეყანაში ფასების ორნიშნა ზრდაც კი იყო.




წყარო: რადიო თავისუფლება
Print