ეკონომიკა
მოსალოდნელია თუ არა საწვავის რადიკალური გაძვირება
რუსეთში საავტომობილო ბენზინისა და დიზელის ექსპორტი დროებით აიკრძალა, ამ ფონზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე 1 ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 13%-ით არის გაზრდილი. ამჟამად Bრენტ-ის მარკის ფასი 94 დოლარს აღწევს, ჭთI-ს ფასი კი 91 დოლარს, რაც ერთწლიანი მაქსიმუმია. ბენზინი გაძვირდა საქართველოშიც, განსაკუთრებით ბოლო ერთ კვირაში, და მოსალოდნელია, რომ ფასი უფრო მოიმატებს. რამდენად საფუძვლიანია ეს შიში, არის თუ არა მოსალოდნელი საწვავის რადიკალური გაძვირება და რა პროცესები შეიძლება მოჰყვეს ამას, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ეკონომისტ სოსო არჩვაძეს ესაუბრა.

- ერთია, როდესაც ნავთობი 37-40 დოლარი ღირს, და მეორე, როდესაც 97 დოლარი ხდება. ხედავთ, რამხელა ლუფტი წარმოიშობა ამ დროს და რამდენის გადახდა გვიწევს? სხვათა შორის, შარშან ყველა სახის ენერგორესურსების იმპორტში თითქმის 2 მილიარდი გადავიხადეთ, საიდანაც 2/3 სწორედ გაძვირებულ ნავთობზე მოდიოდა, 1 მილიარდ 300 მილიონი დოლარის ნავთობპროდუქტები შევიძინეთ. ასეთია რეალობა და შავი ჯიპების ეპოქა უნდა დასრულდეს. ჩვენზე გაცილებით მდიდარი ქვეყანაა, მაგალითად, იტალია, მაგრამ არათუ ჯიპებით, არამედ მიკროლიტრაჟიანი ტრანსპორტითა და მოტოებით დადიან. ჩვენც უნდა ვისწავლოთ შედარებით ეკონომიური სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება და უფრო მეტად ვისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

- მათ, ვისაც მანქანები არა ჰყავთ, რამდენით გაუძვირდებათ ცხოვრება?


- ნავთობპროდუქტი ისეთი მნიშვნელობის პროდუქტია, ისეთი კორელაცია აქვს მთელ სამომხმარებლო ბაზარზე, რომ მისი გაძვირება ნიშნავს ბიძგს ბევრი სხვა სამომხმარებლო დანიშნულების საქონლის გაძვირებისთვის. ტრანსპორტირების, მიწოდების ხარჯები, ცხადია, გაიზრდება. გარდა ამისა, საწვავი გამოიყენება ბევრი პროდუქტის წარმოებაში და ამიტომ, როცა ნავთობი ძვირდება, ეს იწვევს ფასების საერთო ინდექსის ზრდას. აგვისტოში წლიური და თვიური ინფლაცია ერთმანეთთან ძალიან ახლოს გვქონდა, ასეთი დაახლოება შესაძლოა კარგა ხანს აღარ გვექნეს. სექტემბრის ინფლაციის მაჩვენებელშიც შესაძლოა იმდენად ვერ მოასწროს ასახვა ნავთობპროდუქტების გაძვირებამ, რადგან სტატისტიკის სამსახური მეორე დეკადის მიხედვით აკვირდება ფასებს და პირველ და მესამე დეკადაში რა ცვლილებებიც ხდება, ვერ აისახება ფასების ინდექსში. შესაბამისად, მატება, რაც აისახება, ვთქვათ, 20 სექტემბრის შემდეგ, იმოქმედებს ოქტომბრის მაჩვენებელზე, რომელიც ნოემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება. ამიტომ, თუ ახლა 2 ოქტომბერს სტატისტიკის სამსახურმა შედარებით "მოკრძალებული" ანუ დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი გამოაქვეყნა, ამან მაინცდამაინც ოპტიმისტურად არ უნდა განგვაწყოს, რადგან ყველაფერი წინ არის. ვნახოთ, როგორი მაჩვენებელი იქნება ოქტომბრის ინფლაციის მიხედვით. თუ, რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია შენარჩუნდა. ამ ცვალებად სამყაროში ყველაფერია მოსალოდნელი, როგორც ზრდა, ასევე შემცირება.

- რუსეთი ნავთობს პოლიტიკურ იარაღად იყენებს, საერთაშორისო დონეზე არსებობს იმის რესურსი და რაც მთავარია, პოლიტიკური ნება, რომ დაბალანსდეს რუსეთის მიერ გაზრდილი ფასი?

- მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე საშუალო სადღეღამისო მოთხოვნა დაახლოებით 100 მილიონი ბარელია. აქედან რუსეთის წილად 7-8% მოდის და იმის თქმა, რომ რუსეთს გადამწყვეტი როლი უჭირავს ბაზარზე, არ იქნება სწორი. გაცილებით დიდია, მაგალითად, საუდის არაბეთის წილი, მაგრამ პრობლემა ის არის, მთელი ბაზარი ისეა სტრუქტურირებული, რომ ჩანაცვლება ძალიან რთულია. მაგალითად, თუ ჩვენ ერთი მარკეტი არ მოგვეწონება, შეგვიძლია მეორეში ან მესამეში შევიდეთ, მაგრამ როდესაც საქმე ნავთობის ბაზარს შეეხება, საქმე რთულად არის, თავისუფალ რესურსებზე წვდომა შედარებით ნაკლებია. ამიტომ არის, რომ ნავთობმწარმოებლები ფაქტობრივად ოლიგოპოლიურ ბაზარს აყალიბებენ და მსოფლიო მოხმარებას თავიანთ პირობებს კარნახობენ. ჩვენ რუსულ ბაზარზე ვიყავით დამოკიდებული, თუმცა სამომხმარებლო სტრუქტურაში არის აზერბაიჯანიდან, ასევე იტალიიდან, საბერძნეთიდან, რუმინეთიდან და ზოგიერთი სხვა წყაროდან შემოტანილიც და შესაბამისად, ჩვენი დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე არ ყოფილა ფატალური. ამიტომ მდგომარეობის მკვეთრ გართულებას არ ველოდები.

- ჩამოთვლილი ქვეყნების უმეტესობაში ხომ რუსულ ნავთობს ამუშავებენ და ისე შემოდის ჩვენთან. არის შანსი, რომ ეს დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე მინიმუმამდე შემცირდეს? გადავერთოთ თუნდაც აზერბაიჯანულზე.

- ზოგადად რომელიმე ქვეყანაზე დამოკიდებულება არ არის მაინცდამაინც სასურველი, მიზანშეწონილია რომელიმე ერთი მიწოდების წყარო 1/3-ს არ აღემატებოდეს. უნდა მოვახდინოთ ჩვენი ინტერესების დივერსიფიცირება სხვადასხვა ბაზარსა და მომწოდებელზე. მოკლევადიან პერიოდში შეიძლება გავაკეთოთ აქცენტი აზერბაიჯანზეც. მთავარია, მას ჰქონდეს ის რესურსი, რომელიც შეუფერხებლად დააკმაყოფილებს ქართულ ბაზარს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ წლების განმავლობაში ჩვენთან აზერბაიჯანული ნავთობის სახელით რუსული ნავთობი იყიდებოდა. ამიტომ გარანტია, რომ აზერბაიჯანი შეძლებს არა მარტო ჩვენი, არამედ სხვა ქვეყნებთან აღებული ვალდებულებების სრულად შესრულებას და საქართველოსაც დააკმაყოფილებს, ძნელი გასაცემია და ამაში თავად აზერბაიჯანმა უნდა შეიტანოს მეტი სიცხადე.

- 1 ბარელზე 95 აშშ დოლარი რომ ავიღოთ, რა უნდა ღირდეს საქართველოში, მაგალითად, ბენზინი? რამდენით გაძვირებაა მოსალოდნელი?

- აგვისტოს ომის წინადღეებში მსოფლიო ბაზარზე ნავთობი 147 დოლარი ღირდა და მერე სწრაფად დაიწყო შემცირება. ასე რომ, ზუსტი გათვლა რთულია. ზოგიერთი ეკონომისტი თუ პოლიტიკოსი გვთავაზობს შევამციროთ აქციზური გადასახადი, მაგრამ აქციზის გადასახადის შემცირება და მოხსნა გამოიწვევს საბიუჯეტო სახსრების შემცირებას. როდესაც ბიუჯეტის წყაროს ვამცირებთ, მითითებული უნდა იყოს, რის ხარჯზე მოხდება ჩანაცვლება. არავინ არის წინააღმდეგი, ჯანმრთელებიც ვიყოთ და მდიდრებიც, მაგრამ რეალური ცხოვრება და გარემოებები ხშირად ამ სურვილების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ასეა ეკონომიკაშიც.

რაც შეეხება კონკრეტულ ფასსა და გაძვირებას, თუ მოლოდინებს გამოვრიცხავთ, მომხმარებელიც (ბიზნესსექტორი და მოსახლეობა) ინდიფერენტული იქნება და მხოლოდ ხარჯების მიხედვით დავთვლით, მაგალითად, 95-დან 100 დოლარამდე გაძვირება არის 5,26%-ის მატება ფასზე - ფულად ფორმაში და არა ფიზიკური მოცულობით, ფიზიკური მოცულობით კი 1 ტონაზე დაახლოებით 480 ლარამდეა აქციზი, რომელიც არ იცვლება და გაძვირების რეალურ ფასზე რომ ვიმსჯელოთ, უნდა ვიცოდეთ, მარაგი რამდენი აქვთ დარჩენილი და რამდენს შემოიტანენ გაძვირებული ფასით. ბარელის 5 დოლარით გაძვირების შემთხვევაში, წელიწადში დაახლოებით 45-47 მილიონი დოლარით მეტის გადახდა მოგვიწევს, სამომხმარებლო ბაზარზე კი 1 ლიტრი ბენზინის ფასი ისე არ გაძვირდება, რომ რადიკალურად შემცირდეს ქუჩაში მანქანების რაოდენობა.

წყარი:bpn.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე
12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.6800 ლარად ივაჭრება.
12:11 / 29.04.2024
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.6800 ლარად ივაჭრება.
იანვარი-მარტის პერიოდში
ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 77,045
საერთაშორისო ვიზიტი შედგა - ზრდა 2019 წლის მონაცემებთან შედარებით
+44.4%-ია (+23,677 ვიზიტი),- ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
11:00 / 22.04.2024
იანვარი-მარტის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 77,045 საერთაშორისო ვიზიტი შედგა - ზრდა 2019 წლის მონაცემებთან შედარებით +44.4%-ია (+23,677 ვიზიტი),- ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
თანამედროვე ფინანსურ სამყაროში
ოფშორი წარმოადგენს მდიდარი მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის ერთგვარ
თავშესაფარს,
05:40 / 21.04.2024
თანამედროვე ფინანსურ სამყაროში ოფშორი წარმოადგენს მდიდარი მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის ერთგვარ თავშესაფარს,
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება
2.6711 ლარი გახდა.
16:08 / 19.04.2024
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6711 ლარი გახდა.
2024 წლია იანვარ-მარტში
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა,
ექსპორტი კი 7.8%-ით გაიზარდა.
12:07 / 19.04.2024
2024 წლია იანვარ-მარტში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა, ექსპორტი კი 7.8%-ით გაიზარდა.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.