ახალი ამბები
ვის მოუწევს მოსაკრებლის გადახდა წყლის მოხმარებისთვის
პარლამენტი „წყლის რესურსების
მართვის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს, რომელიც გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ევროკავშირთან ასოცირების
შეთანხმების დღის წესრიგიდან გამომდინარე მოამზადა.
კანონით შემოდის კონკრეტული ვალდებულება სახელმწიფოსთან ერთად კერძო
სექტორისთვისაც. კერძოდ, ეს გულისხმობს წყლით სარგებლობის ნებართვების
აღების ვალდებულებას ნებისმიერი ოპერატორისთვის, რომელსაც საქმიანობის
პროცესში წყლის გამოყენება ესაჭიროება.
კანონს ასევე შემოაქვს ნებართვა, როდესაც საწარმო ან ნებისმიერი
ობიექტი წყალს იყენებს და უკან აბრუნებს მაგალითად მდინარეში. მას
ევალება დაბინძურებული წყალი არ ჩაუშვას მდინარეში, თუმცა ახალი
კანონით მას ასევე დასჭირდება კონკრეტული ნებართვის აღება, სადაც
გაიწერება, თუ რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს საწარმომ იმისთვის,
რომ გამოყენებული წყალი უკან დააბრუნოს.
ანუ საუბარია ორი ტიპის ნებართვის სისტემის შემოტანაზე, რომელიც ეხება
ყველა საწარმოს, რომელიც წყალს იყენებს და/ან აბრუნებს მდინარეში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის
განმარტებით, განსხვავებულია მიდგომა იმ საწარმოების მიმართ, რომლებიც
ბევრი წელია უკვე ფლობენ გარემოზე ზემოქმედების ნებართვას.
„ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ჩვენ ყველა ნებართვას ვერ
გადავხედავთ. ახალ, განსხვავებულ და უფრო მკაცრ მოთხოვნებს ვერ
დავუწესებთ საწარმოებს, რომლებსაც სახელმწიფოსგან ჰქონდათ მიღებული
ნებართვა, თუმცა იმ საწარმოებს, რომლებსაც 5 წელიწადში უწევთ
წყალთსარგებლობის ნებართვის აღება, მათ მოუწევთ დამატებითი
ინფორმაციის წარდგენა და დასაბუთება, რატომ სჭირდებათ კონკრეტული
რაოდენობის წყლის მოხმარება“, - განმარტავს ნინო
თანდილაშვილი.
მისი თქმით, ამასთან არის კავშირში სამომავლოდ მოსაკრებლის სისტემის
შემოღება წყლის გამოყენებაზე. სავარაუდოდ კანონი, სექტორების მიმართ
განსხვავებულ მიდგომას გაითვალისწინებს.
„კანონით ზუსტად არ არის გაწერილი ყველას მოუწევს, თუ იქნება
სექტორების მიხედვით გარკვეული დიფერენციაცია. მაგალითად, ზოგიერთი
სექტორი წყალს იყენებს და მერე ისევ უკან აბრუნებს მდინარეში, ამიტომ
მინიმალურია დანაკარგი. ჰიდროელექტროსადგურები მაგალითად.
არის ევროპის ქვეყნებში მაგალითები, რომ ენერგეტიკის სექტორს არ აქვს
დაწესებული მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება, ამიტომ ჩვენ უბრალოდ
პრინციპი შემოვიტანეთ კანონით, რომ სამომავლოდ მოსაკრებლის ოდენობებს
დავადგენთ და ასევე დავადგენთ სექტორებისთვის ინდივიდუალურად და
დავადგენთ გამონაკლისებს, რომელ სექტორსაც არ მოუწევს გადახდა, მაგრამ
პრინციპი მიმართულია იქითკენ, რომ ყველამ გამოიყენოს იმ რაოდენობის
წყალი და მოითხოვოს იმ რაოდენობის წყლის ნებართვა, რაც მათ რეალურად
საქმიანობისთვის სჭირდებათ“, - განმარტავს თანდილაშვილი.
კანონი გაზრდის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს. თუ საწარმო გაზრდის
წარმადობას, მას შეეძლება მოითხოვოს დამატებით წყლის რესურსი.
„გარდა სანებართვო სისტემისა, კანონს შემოაქვს სააუზო მართვის
სისტემა, რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეყანა დაიყოფა მდინარეების
აუზებად და მოხდება პრიორიტეტიზაცია, სხვადასხვა სექტორს შორის, რომელ
სექტორს მიენიჭება წყალგამოყენების პრიორიტეტი.
ნინო თანდილაშვილის თქმით, პრიორიტეტთაგან პირველი არის თავისთავად
მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგება. შემდეგი იქნება სექტორები,
მაგალითად ენერგეტიკა, მელიორაცია და სხვა დანარჩენი სექტორები.
„წყლის სააუზო მართვის გეგმები განსაზღვრავს ამ პრიორიტეტებს
და ამის მიხედვით მოხდება წყლით სარგებლობის ნებართვების
გაცემა“,-ამბობს მინისტრის მოადგილე.
რაც შეეხება კანონის ამოქმედების ვადებს, იმისთვის, რომ კანონმა
იმუშაოს პრაქტიკაში, როგორც კერძო სექტორს, ისე სახელმწიფოს გარკვეული
პერიოდი დასჭირდება.
„ვფიქრობთ, 2-წლიან პერიოდს ავიღებთ ამოქმედების პერიოდამდე.
ამოქმედებაც ეტაპობრივია. ყველა მოთხოვნა ერთად არ
ამოქმედდება“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა რედაქტ2-თან
ინტერვიუში.
წყარო: bm.ge