ახალი ამბები
ეკონომიკის სამინისტრომ „კერძო ნებაყოფლობითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი მოამზადა
ეკონომიკის სამინისტრომ „კერძო ნებაყოფლობითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი მოამზადა, რომელიც მთავრობამ პარლამენტის 2022 წლის საშემოდგომო სესიაზე კანონშემოქმედების მოკლევადიან გეგმასთან ერთად წარადგინა.

განმარტებითი ბარათის თანახმად, ქვეყანაში ეფექტიანი საპენსიო სისტემების დანერგვის და მოქალაქეებისათვის ღირსეული პენსიის მიღების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია შეიცვალოს და განახლდეს არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის საკანონმდებლო ჩარჩო.

“ღირსეული პენსიის უზრუნველსაყოფად და მოსახლეობისათვის საპენსიო სქემაში მონაწილეობის უფრო მეტი მოქნილობისთვის აუცილებელია განახლდეს „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ კანონიც. ეს უკანასკნელი (მსოლფიო ბანკის მიერ ე.წ. მესამე სვეტის საპენსიო სქემა) ხელს შეუწყობს კერძო ნებაყოფლობითი დაგროვებითი საპენსიო სქემების განვითარებას სავალდებულო დაგროვებითი პენსიის პარალელურად”,
- აღნიშნულია პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ გეგმაში.

ავტორების განცხადებით, კანონპროექტი ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების შესრულებით უფრო დაახლოებს ასეთი სქემების რეგულირების მექანიზმებს ევროკავშირის სტანდარტებთან და გახდის მათ უფრო მეტად დაცულს. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ამ ტიპის სქემებში ჩართულობა უმეტეს ქვეყანაში დაბალია, ის თავისუფლებას აძლევს დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და აქტივების მმართველ კომპანიებს, ისევე როგორც სადაზღვევო კომპანიებს დასაქმებულების კონკრეტული სეგმენტისათვის შექმნან კონკურენტუნარიანი საპენსიო პროდუქტი.


საქართველოს პარლამენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტის განხილვა 2018 წელს დაიწყო. ნებაყოფლობითი დაგროვებითი პენსიის სამართლიანობას ადასტურებს ის ფაქტი, რომ „საპენსიო სისტემის რეფორმის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების“ კვლევის ფარგლებში გამოკითხული მოსახლეობის 65% სწორედ ნებაყოფლობითი სქემის მომხრეა“.

მოიწონებს თუ არა პარლამენტი ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს და დაუჭერს თუ არა მას მხარს, ამ ეტაპზე უცნობია.
Print