დღეიდან, 29 აპრილიდან, ბორჯომის
ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი შეჩერდა. აღნიშნულის
შესახებ, კომპანია IDS ბორჯომი საქართველო განცხადებას
ავრცელებს.
"გაცნობებთ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების
დღიდან კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა.
კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ
ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც
კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან
ანგარიშსწორების შესაძლებლობა.
კომპანია დღემდე სიტუაციის არსებითი გამოსწორების იმედით აგრძელებდა
ფუნქციონირებას, რაც სამწუხაროდ ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანია იძულებულია, ა/წ 29 აპრილიდან
დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების
პროცესი.
იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარება უახლოეს მომავალში გამოსწორდება და
მოგვეცემა ფუნქციონირების განახლების შესაძლებლობა" -
ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ბორჯომის ქარხნების მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით,
აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირმა განცხადება გუშინ გაავრცელა,
სადაც საუბარი იყო გამოსავლის რამდენიმე ვარიანტზე. მათ დახმარების
თხოვნით საქართველოს მთავრობასაც მიმართეს.
ცნობისთვის, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ რუსეთზე
საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების საკითხების შესწავლის
შედეგების მიხედვით, საქართველოში 7 000-ზე მეტი კომპანიაა
რეგისტრირებული და მათ შორის არის კომპანია IDS ბორჯომი
საქართველო.
შპს
„აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“ საქართველოს ფილიალი („აიდიეს
ბორჯომი“)
შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“ ფილიალი საქართველოში 1997
წელს დარეგისტრირდა. 2009 წლამდე მას „ჯორჯიან გლას ენდ მინერალ უოთერ
კო ენ.ვი“ ერქვა. ფილიალს ბორჯომის ხეობის და საქართველოს წყლის სხვა
წყაროების გამოყენების ლიცენზია აქვს. „აიდიეს ბორჯომი“ მინერალური და
ნატურალური წყლების „ბორჯომის“, „ლიკანის“ და „ბაკურიანის“
მწარმოებელი კომპანიაა. „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“ ოფშორში,
ნიდერლანდების ანტილის კუნძულებზე, კურასაოზე არის რეგისტრირებული.
კომპანიის დირექტორი რუსეთის მოქალაქე ვლადიმირ აშუროვია. კომპანიის
საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. საქართველოს ფილიალის დირექტორი
რუსეთის მოქალაქე მიხაილ პროვოტოროვია. 2021 წლის ივნისამდე
საქართველოს ფილიალის დირექტორიც რუსეთის მოქალაქე მიხაილ პროვოტოროვი
იყო, რომელიც საქართველოს ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ივანე
მაჭავარიანმა ჩაანაცვლა.
აუდიტორულ კომპანია შპს „იუაის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური
ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს
„აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“ საქართველოს ფილიალის აქტივები
87 მლნ აშშ დოლარი იყო. 2020 წელს კომპანიამ 49 მლნ აშშ დოლარის
ზარალი ნახა, 2019 წელს კი 17.3 მლნ აშშ დოლარის მოგება დარჩა.
ამავე თემაზე:
"დღეიდან ბორჯომის ქარხანა გაურკვეველი ვადით
მუშაობას წყვეტს" - პროფკავშირი