ახალი ამბები
ევროპარლამენტარები ევროკომისიას - დააკვირდით, შეესაბამება თუ არა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება კანდიდატი ქვეყნის სტატუსს
22 ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ “
საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
ხელახლა ინიციირებული კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის
ღირებულებებთან.
დეპუტატები ერთობლივ
განცხადებას ავრცელებენ და
ევროკომისიას მოუწოდებენ, თვალყური ადევნოს, შეესაბამება თუ არა
საქართველოს ხელისუფლების მსგავსი გადაწყვეტილებები კანდიდატი ქვეყნის
სტატუსს და დროულად გამოაქვეყნოს შესაბამისი შეფასება.
„ძალიან ვწუხვართ „ქართული ოცნების“ განზრახვის გამო, ხელახლა
წარმოადგინოს „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონი, რომელიც ქართულმა
საზოგადოებამ გასულ წელს მასობრივი საპროტესტო აქციების დროს
კატეგორიულად უარყო“, — ნათქვამია განცხადებაში.
დეპუტატები ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი
საქართველოს მიენიჭა 9 ნაბიჯის გადადგმის პირობით და ამბობენ, რომ
შემოთავაზებული კანონპროექტი ამ ნაბიჯებიდან მინიმუმ ორს
ეწინააღმდეგება:
ნაბიჯი #9, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების
ჩართულობას საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში
ნაბიჯი #1, რომელიც მოითხოვს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების
წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან ბრძოლას.
„კანონი „უცხოური აგენტების“ ან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ
პრინციპებთან და ეწინააღმდეგება საქართველოს ამბიციებს ევროკავშირში
გაწევრიანების შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მიჰყვეს
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის გამჭვირვალობის და
ანგარიშვალდებულების შესახებ ევროპულ პრაქტიკას, ნაცვლად რუსეთისა და
სხვა ავტორიტარული სახელმწიფოებისას, რომლებიც მიზნად ისახავს
სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის გაკონტროლებას,
რეპრესიას და საბოლოოდ გაუქმებას“, — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი წელიწადში საშუალოდ 100
მილიონ ევროზე მეტ ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას უწევს
საქართველოს, რაც ფოკუსირებულია პროევროპული რეფორმების
განხორციელებაზე, მათ შორის ქართველი ხალხის ცხოვრების
გაუმჯობესებაზე, ბიზნესის მხარდაჭერაზე, ეკონომიკის განვითარებაზე,
ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და ხარისხიანი საჯარო სერვისების
უზრუნველყოფაზე.
„კანონი „უცხოურ აგენტად“ ან „სახელმწიფოს მტრად“
გამოაცხადებს სამოქალაქო საზოგადოების აქტორებს, თუ ისინი მიიღებენ
ევროკავშირის ისეთივე დაფინანსებას, როგორსაც იღებს საქართველოს
მთავრობა მსგავსი საქმიანობისთვის“, — ნათქვამია
განცხადებაში.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ
კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს
„ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76
დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური
გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების
გამტარებლით“.
ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეასრულოს
დაპირება და
„უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის ნაცვლად, ინვესტირება
განახორციელოს სამოქალაქო საზოგადოებასთან ინკლუზიურ
ურთიერთობაში.
„ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ევროკომისიას, მონიტორინგი გაუწიოს,
შეესაბამება თუ არა საქართველოს ხელისუფლების ასეთი
გადაწყვეტილებებიკანდიდატი ქვეყნის სტატუსს და დროულად წარმოადგინოს
შეფასება. ვაღიარებთ და მხარს ვუჭერთ ფაქტს, რომ რეგრესული პროცესის
შემთხვევაში, შესაძლოა ევროკომისიას მოუწიოს, დაუბრუნდეს გაფართოების
პროცესის საწყის პოზიციას. საქართველოს ადგილი ევროკავშირშია და ამის
მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ევროკავშირის ღირებულებების და
დემოკრატიული პრინციპების დაცვით, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების
ჩათვლით“, — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტარები ძირითადი ევროპული
პოლიტიკური ჯგუფებიდან:
1. პეტრას აუსტრევიჩიუსი, Renew Europe, ლიეტუვა;
2. მირიამ ლექსმანი, ევროპის სახალხო პარტია (EPP), სლოვაკეთი;
3. სვენ მიკსერი, სოციალ-დემოკრატები, ესტონეთი;
4. ვიოლა ფონ კრამონი, მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი,
გერმანია;
5. ანა ფოტიგა, ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმერების ჯგუფი,
პოლონეთი;
6. ანდრიუს კუბილიუსი, ევროპის სახალხო პარტია (EPP), ლიეტუვა;
7. კარინ კალსბრო, Renew Europe, შვედეთი;
8. ფრანსუა ტიოლე, მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი,
საფრანგეთი;
9. კატალინ ჩე, Renew Europe, უნგრეთი;
10. ანა იულია დონათი, Renew Europe, უნგრეთი;
11. ანდრეი კოვაჩევი, ევროპის სახალხო პარტია (EPP), ბულგარეთი;
12. ჰილდე ვაუტმანსი, Renew Europe, ბელგია;
13. მიჰაელა შოიდროვა, ევროპის სახალხო პარტია (EPP), ჩეხეთი;
14. მაიკლ გალერი, ევროპის სახალხო პარტია (EPP), გერმანია;
15. რაინარდ ბუტიკოფერი, მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი,
გერმანია;
16. რამონა სტრუგარიუ, Renew Europe, რუმინეთი;
17. ჯოზეფ მიჰალი, Renew Europe, სლოვაკეთი;
18. მარეკ პაველ ბალტი, სოციალ-დემოკრატები, პოლონეთი;
19. რასა იუკნევიჩიენე, ევროპის სახალხო პარტია (EPP), ლიეტუვა;
20. ატილა არა-კოვაჩი, სოციალ-დემოკრატები, უნგრეთი;
21. ნაჩო სანჩეს ამორი, სოციალ-დემოკრატები, ესპანეთი;
22. იზაბელ სანტოში, სოციალ-დემოკრატები, პორტუგალია.