ახალი ამბები
„ისრების გადმოტანა ჟურნალისტებზე არასწორია“ - ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზი ფაჩუაშვილი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძეს განცხადებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ მან „შეიძლება გადაამლაშა“ და მისი აზრი, შესაძლოა, საპატრიარქოს ოფიციალურ პოზიციას არ გამოხატავდეს.

მიტროპოლიტის თქმით, ცხრამუხაში მონაზონზე განხორციელებულ ძალადობის პროვოცირებაზე ჟურნალისტების დადანაშაულება მიუღებელია და ანდრია ჯაღმაიძის პოზიცია ამ მხრივ არასწორია.

„შეიძლება, მან (დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ) გადაამლაშა და ისრების გადმოტანა ჟურნალისტებზე, რომ თქვენი ბრალია ყველაფერი, რაც არასწორია.

ვერ გეტყვით, ეს მისი პირადი ინიციატივაა, პირადი პოსტი იყო თუ საპატრიარქოს განცხადება. მგონი, ეს არ იყო საპატრიარქოს განცხადება. ანდრია ჯაღმაიძის, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო, ახლა შეუძლია, თავის თავს უფლება მისცეს, რომ თავისი აზრი გამოთქვას.

ნებისმიერი სასულიერო პირის განცხადება ყოველთვის აღიქმებოდა როგორც ეკლესიის პოზიცია. ახლა შეიცვალა ვითარება. ვფიქრობ, რომ მაგის განზოგადება მაინც არ არის სწორი და არ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საპატრიარქოს პოზიცია“,
- განაცხადა მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

მიტროპოლიტი მსგავსად, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას არ ეთანხმება არასწორს უწოდებს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიაც. მისი განმარტებით, მსგავსი განცხადებები ქვეყანაში ჟურნალისტების მიმართ მტრის ხატის შექმნის პროვოცირებას ახდენს, რაც მომავალში შესაძლოა ფიზიკური საფრთხესაც ქმნიდეს.

ცნობისთვის, 25 ნოემბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში მდებარე ეკლესიის საცხოვრებელ კელიაში მონაზონს ორი პირი დაესხა თავს.

სამართალდამცავებმა ბრალდებულები 26 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




წყარო: სამხრეთის კარიბჭე
Print