ახალი ამბები
ბორჯომელი ახალგაზრდები, რომლებიც მდინარეში ჩავარდნილი ადამიანის დახმარებას ცდილობდნენ
ბორჯომში მცხოვრები გიორგი ბალახაძე პირველია, ვინც მდინარეში ჩავარდნილი ადამიანის შველას ცდილობდა. შემთხვევა 7 აპრილს, დღის პირველ ნახევარში მოხდა. სილამაზის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან, 35 წლამდე კაცი მდინარე მტკვარში სავარაუდოდ გამიზნულად გადახტა. ამბავი მალევე გავრცელდა ხალხში. გიორგი ბალახაძე ამ დროს, საკუთარ მცირეწლოვან შვილს ასეირნებდა ქალაქის ცენტრში. ხალხმრავლობა და ხმაური მისთვის შეუმჩნეველი არ დარჩა. როდესაც შეიტყო, რომ მდინარეში ახალგაზრდა კაცი გადახტა, მაშინვე მის საშველად გაიწია. შვილი მისახედად იქვე მეგობარს ჩააბარა, თვითონ კი ხიდიდან გადახტა. მომხდარის შესახებ, ტელეკომპანია „ბორჯომი“ გიორგი ბალახაძეს დაუკავშირდა, თუმცა, საკუთარი გმირობის საჯაროდ მოყოლა არ ისურვა. შემთხვევის დეტალების გახსენება ამის შემდეგ, გიორგის ნათესავს ვთხოვეთ.

„ორი წლის შვილი ჰყავს და როდესაც შეიტყო გიორგიმ მომხდარის შესახებ, ბავშვი იქვე დაუტოვა მეგობარს. თვითონ ხიდიდან გადახტა და მტკვარში ცდილობდა მის დაჭერას, რომ დინებას არ გაეტაცა მოქალაქე. წყალი ძალიან ცივი ყოფილა. მაშველები ცდილობდნენ, მტკვარში მყოფი ორივე ახალგაზრდა ამოეყვანათ, თუმცა თ. ტ. იმდენად დამძიმდა, რომ გიორგის გაუჭირდა მისი ხელით დაჭერა და თვითონაც ვეღარ ახერხებდა მოჭიდებას. მაშველებმა გიორგი ბალახაძე მდინარიდან ამოიყვანეს. 35 წლამდე კაცი კი წყლის დინებამ გაიტაცა“ - მომხდარის დეტალებს ყვება გიორგის დეიდა, ტატიანა მარტინენკო.

წყლიდან ამოყვანის შემდეგ, გიორგის ექიმების დახმარება დასჭირდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მიერ გადაიყვანეს ბორჯომის სამედიცინო ცენტრში. მალევე მისი მდგომარეობა დასტაბილურდა და საბედნიეროდ, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნა.

სანამ გიორგის საავადმყოფოში გადაიყვანდნენ, მდინარეში დარჩენილი ადამიანის დასახმარებლად მეორე ახალგაზრდა გაეშურა. ვასილ მელიქიძეც ბორჯომელია. სწორედ მან და კიდევ ერთმა ადგილობრივმა, მაშველების დახმარებით შეძლეს თ.ტ.-ს წყლიდან ამოყვანა.

ვიდეო ინტერვიუს ჩაწერა და საგმირო საქციელის საჯაროდ მოყოლა არც მან ისურვა, თუმცა სატელეფონო საუბრისას, მომხდარის დეტალების გახსენება ვთხოვეთ. ვასილი გვიყვება, რომ ჯერ კიდევ სამსახურში იმყოფებოდა, როდესაც გარეთ ხმაურმა გამოიყვანა. საკუთარი თვალით დაინახა, როგორ გადახტა გიორგი ბალახაძე მდინარეში, რომელთან ერთადაც, მანამდე ამბის გასარკვევად მირბოდა შეკრებილ ხალხთან. როდესაც შენიშნა, რომ გიორგის მცდელობის მიუხედავად, წყალში მყოფი ახალგაზრდა კვლავ წყლის დინებამ გაიტაცა, გიორგის კი მდინარიდან ამოსვლაში მაშველები ეხმარებოდნენ, მაშინვე გადაწყვიტა მანქანით დახვედროდა შემდეგ ხიდამდე, სადაც მის შველას თავად შეეცდებოდა.

„მაშინვე, სამანქანო გზაზე გამოვვარდი და დავიწყე მანქანების გაჩერება. ამ დროს, ჩემმა ერთმა მეგობარმა გამოიარა ავტომობილით და მე და ერთ-ერთი მაშველი ჩავსხედით. ჩარხისწყლის ხიდთან გავჩერდით, სადაც მანიშნებლებით მივხვდით, რომ წყლის ტალღებს მოყავდა ეს პიროვნება. როდესაც ვხედავდი რომ მდინარეში ადამიანს შველა სჭირდებოდა და მე არაფერი გამეკეთებინა, საკუთარ თავს ამ საქციელს ვერასდროს ვაპატიებდი, იმ დროს, ჩემ თავზე არ მიფიქრია. ჩემთან ერთად იყო კიდევ ერთი ახალგაზრდა და ერთად შევედით წყალში ამ კაცის დასახმარებლად, ჩვენთან იყო მაშველიც. ერთობლივად შევძელით მისი წყლიდან გამოყვანა. შემდეგ, ჩავუტარეთ პირველადი დახმარება. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ბედნიერი მაშინ ვიქნებოდი, როცა ჩემი, გიორგის და მაშველების მცდელობას შედეგი ექნებოდა და სიცოცხლის გადარჩენას შევძლებდით“ - ამბობს ჩვენთან საუბრისას ვასილ მელიქიძე.

ვასილ მელიქიძე ასევე იმასაც ამბობს, რომ საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლოა, იყო მაშველი. ამ პროფესიის ადამიანების მიმართ ის პატივისცემას გამოთქვამს.

„იმდენად რთულია იყო მაშველი და ცდილობდე სხვისი სიცოცხლის გადარჩენას მაშინ, როდესაც საკუთარზე აღარ ფიქრობ, ეს საკმაოდ დასაფასებელია. აქამდეც ვიცოდი, როგორი საპასუხისმგებლო იყო ეს პროფესია, თუმცა ამ ფაქტის შემდეგ, კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ნამდვილად გმირები არიან ეს ადამიანები და მინდა გამოვთქვა ჩემი უდიდესი პატივისცემა მათ მიმართ“ - ამბობს ვასილ მელიქიძე.

მაშველის პროფესია რომ დიდ გამბედაობას და გმირობას მოითხოვს, ამაში ორი აზრი არ არსებობს. თუმცა, როდესაც რიგითი ადამიანები ცდილობენ სრულიად უცხო პიროვნების დახმარებას, მაშინ როცა, არც სამსახური და არც არავინ, მათ არ ავალდებულებს და რისკავენ საკუთარი სიცოცხლის ფასად, ეს რა თქმა უნდა, ორმაგი გმირობაა!


ამავე თემაზე:

ბორჯომში სილამაზის ხიდიდან ახალგაზრდა კაცი გადახტა;

ბორჯომელი კაცი რომელიც მდინარეში გადახტა, გარდაიცვალა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
მიმდინარე წელს, ბორჯომის
მუნიციპალიტეტში, 13 მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია
განხორციელდება.
16:51 / 25.04.2024
მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 13 მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სტატისტიკის მიხედვით, წელს I კვარტალში, ლტოლვილის სტატუსი ჯამში 3
მოქალაქეს მიეცა. ამათგან, ორი ირანის მოქალაქეა, ხოლო ერთი
დაუდგენელი.
12:22 / 25.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, წელს I კვარტალში, ლტოლვილის სტატუსი ჯამში 3 მოქალაქეს მიეცა. ამათგან, ორი ირანის მოქალაქეა, ხოლო ერთი დაუდგენელი.
გერმანიაში დაგეგმილი ევრო 2024-ის
მატჩებზე დამსწრეთა დიდი მოთხოვნის გამო, ავიაბილეთები აღარ არის -
ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში
„საქმე“
10:54 / 25.04.2024
გერმანიაში დაგეგმილი ევრო 2024-ის მატჩებზე დამსწრეთა დიდი მოთხოვნის გამო, ავიაბილეთები აღარ არის - ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“
ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“
საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს ჰპირდება, თუ ის ევროპის
ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გავა.
13:56 / 23.04.2024
ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს ჰპირდება, თუ ის ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გავა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
12:46 / 21.04.2024
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.