ახალი ამბები
დარჩება თუ არა ნიკა მელია პატიმრობაში, დღეს გახდება ცნობილი
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს, 8 აპრილს გაიმართება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული. დღევანდელ პროცესზე სასამართლო მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას - პატიმრობას გადასინჯავს. ამ დრომდე უცნობია, თუ რა პოზიცია ექნება სახელმწიფო ბრალდებას და რა შუამდგომლობას დააყენებს ის სასამართლოში. ამ დრომდე, პროკურატურაში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ ის დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს. პატიმრობის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, ვინაიდან მელიას მხრიდან მიმალვის, ან ახალი დანაშაულის ჩადენის არავითარი რისკი არ არსებობს, ამბობს ადვოკატი.

კონდახიშვილის თქმითვე, სამართლებრივად, მოსამართლეს ერთადერთი შანსი აქვს, რომ მან ნიკა მელია პატიმრობიდან გაათავისუფლოს, თუმცა, ამის მოლოდინი დაცვის მხარეს არ აქვს. როგორც ადვოკატი განმარტავს, ნიკა მელიას საქმე პოლიტიკურია და ის სამათლებრივი სივრციდანაა გასული. კონდახიშვილის თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დირექტივას მიიღებს მოსამართლე.

დაესწრება თუ არა ნიკა მელია საკუთარ პროცესს, ეს დღეს გახდება ცნობილი, ვინაიდან ის სხდომათა დარბაზიდან გაძევებულია. ადვოკატმა სასამართლოს ნიკა მელიას სხდომათა დარბაზში დაბრუნების შუამდგომლობით უკვე მიმართა, რათა მან სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა და საკუთარ საქმეში ჩართვა შეძლოს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

Print