მოკრივეთა ისტორიული მედლები ევროპირველობიდან
პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კრივში 22 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გვყავს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებული მოკრივეთა ახალგაზრდული ნაკრების მედალოსანი სპორტსმენები მიიღო. მინისტრმა მოკრივეებს - ევროპის ჩემპიონ ესკერხან მადიევს (69 კგ) და ვერცხლის პრიზიორ ლაშა გურულს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ისტორიული წარმატება მიულოცა.

ევროპის ჩემპიონმა ესკერხან მადიევმა (69 კგ) ფინალური ორთაბრძოლა რუს ვლადისლავ სავოსტიანოვს მოუგო. ფინალში იბრძოლა 64 კილოში მონაწილე ლაშა გურულმაც, რომელმაც ინგლისელი ლუკ მაკკორმიკის წინააღმდეგ ღირსეულად იბრძლა, თუმცა საბოლოოდ მსაჯებმა გამარჯვება ბრიტანელს მიაკუთვნეს. ევროპის ჩემპიონმა ესკერხან მადიევმა, ფინალამდე ჯერ ბულგარელ მოწინააღმდეგეს აჯობა, შემდეგ მასპინძელთა წარმომადგენელი დაამარცხა, მეოთხედფინალში ინგლისელ ფაილ კარლს სძლია, ხოლო ნახევარფინალში გერმანელი პაულ ვოლის მოუგო. ლაშა გურულმა, ფინალამდე 4 მეტოქეს აჯობა. მან პირველი დაპირისპირება რუს მეტოქეს მოუგო, რის შემდეგაც ნორვეგიელი, რუმინელი და იტალიელი მოკრივეებიც დაამარცხა.

Print