კომპანია BP საქართველოში პარალიმპიური სპორტის მხარდაჭერას აგრძელებს
კომპანია BP-სა და საქართველოს ეროვნულ პარალიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობა 2020 წლის ჩათვლით ოფიციალურად გაგრძელდა.

თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა შალვა მაისურაძემ და კომპანია BP საქართველოს გენერალურმა მენეჯერმა კრის შლიტერმა.
ხელმოწერის ცერემონიალი, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი პარასპორტსმენებთან ერთად ესწრებოდა, 6 მარტს პარასპორტის განვითარების ცენტრში გაიმართა.

"რა თქმა უნდა, ყოველთვის მისასალმებელია კერძო სექტორის დაინტერსება და მხარდაჭერა ქართული სპორტის განვითარების კუთხით. სასიხარულოა, რომ მსგავსი პრეცენდენტები სულ უფრო ხშირია და თითქმის ყოველკვირეული ხასიათი აქვს. BP მსოფლიოში ცნობილი კომპანიაა და უკვე არაერთი წელია ქართული სპორტის სამსახურშია, განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ მათი მხარდაჭერა პარალიმპიელი სპორტსმენების მიმართ.

ჩვენ ერთობლივი მუშაობით შევძელით და 4-წლიან ოლიმპიურ ციკლში მივედით პარალიმპიურ ოქროს მედლამდე, რომელიც ძიუდოისტ ზვიად გოგოჭურის ანგარიშზეა რიოს პარალიმპიურ თამაშებზე. ასევე, არაერთი მნიშვნელოვანი წარმატება გვაქვს მოპოვებული მსოფლიოსა და ევროპის მასშტაბით სხვადასხვა ჩემპიონატებსა და ტურნირებზე პარასპორტში.

ხელშეკრულების გახანგრძლივება რა თქმა უნდა, ემსახურება სპორტის შემდგომ განვითარებას. დარწმუნებული ვარ, შემდგომი 4-წლიანი ციკლი კიდევ უფრო წარმატებული იქნება. ჩვენს პარალიმპიელებს მომავალ გამარჯვებებს ვუსურვებ" - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა პარალიმპიელებთან შეხვედრის დროს.
ხელშეკრულების თანახმად, კომპანია BP-მ 2016 წელს რიოში გამართული პარალიმპიური თამაშების შემდეგ შეინარჩუნა საქართველოს ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის ოფიციალური პარტნიორის სტატუსი, პარტნიორობა წარმატებით გაგრძელდება 2020 წლის პარალიმპიური თამაშების ჩათვლითაც, რომელსაც ტოკიო უმასპინძლებს.

კომპანია BP კვლავ აქტიურად ითანამშრომლებს საქართველოს ეროვნულ პარალიმპიურ კომიტეტთან და ხელს შეუწყობს თავის ელჩ პარასპორტსმენებს - რიოს პარალიმპიურ ჩემპიონს ძიუდოში ზვიად გოგოჭურს, ასევე არაერთი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულებს - მოცურავე ნიკა თვაურს და მოფარიკავე ირმა ხეცურიანს, საქართველოში პარალიმპიური მოძრაობის პოპულარიზაციაში და 2020 წელს ტოკიოს პარალიმპიური თამაშებისთვის მზადებაში.

აღსანიშნავია, რომ ირმა ხეცურიანმა ახლახანს უნგრეთის ქალაქ ეგერში გამართულ მსოფლიო თასზე ეტლით მოფარიკავეთა შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ამჟამად კი სპორტსმენი იტალიის ქალაქ პიზაში დაგეგმილ მსოფლიო თასზე მიემგზავრება, სადაც 2 დისციპლინაში - პარალიმპიურ სახეობა რაპირასა და ასევე ხმალში იასპარეზებს.

აქტიურად განაგრძობს მზადებას ნიკა თვაური უსინათლოთა შორის ცურვაში ევროპის ღია ჩემპიონატისათვის, რომელიც ივლისის თვეში გერმანიაშია დაგეგმილი, ზვიად გოგოჭური კი ასევე უსინათლოთა შორის ძიუდოისტთა ევროპირველობაზე ინგლისში იბრძოლებს, ევროპის ჩემპიონატს 3-9 აგვისტოს ბირმინგემი უმასპინძლებს.

Print