ზაზა ფაჩულია NBA ALL-STAR -ის სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა
NBA ALL-STAR-ის აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვარსკვლავების გუნდების მონაწილეთა ვინაობა ოფიციალურად ტელეარხ TNT-ზე დღეს გამოცხადდა.გულშემატკივართა 1 528 941 ხმით, ფაჩულია დასავლეთის ფორვარდთა შორის მე-2 ადგილზე გავიდა , მაგრამ მედიამ და კალათბურთელებმა მას მხარი არ დაუჭირეს და ამის გამო ის სასტარტო ხუთეულს მიღმა დარჩა. მოთამაშეთა გამოკითხვაში ზაზა მე-12 ადგილზე გავიდა, მედიის გამოკითხვაში კი - მეათეზე. საბოლოოდ, 6,5 ბალით ფაჩულია დასავლეთის ფორვარდებში მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა.
გამოკითხვის შედეგად შერჩეული ხუთეულები ასე გამოიყურება: აღმოსავლეთი კონფერენცია - კაირი ირვინგი, დემარ დეროუზენი, ლებრონ ჯეიმსი, იანის ანდეტოკუნმპო, ჯიმი ბატლერი.
დასავლეთი კონფერენცია - ჯეიმს ჰარდენი, სტეფ კარი, კევინ დურანტი, კავაი ლეონარდი, ენტონი დევისი.
ALL-STAR -ის მონაწილე დანარჩენ 7-7 მოთამაშეს დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციათა ნაკრები გუნდების მწვრთნელები 26 იანვარს დაასახელებენ. შესაბამისად, კიდევ არსებობს ქართველი კალათბურთელის ALL-STAR-ში მოხვედრის შანსი. დასავლეთის გუნდს ფაჩულიას უშუალო მწვრთნელი, "გოლდენ სტეიტის" თავკაცი სტივ კერი გაწვრთნის და ახლა მასზეა დამოკიდებული, ითამაშებს თუ არა ქართველი ALL-STAR-ში. "ყველა ვარსკვლავის" მატჩი 19 თებერვალს ნიუ-ორლეანში გაიმართება.

Print