ბიზნესი მდგრადობისთვის
ბიზნესის პასუხისმგებლობა გენდერული თანასწორობისთვის
მე-5 მიზანი - გენდერული თანასწორობა არის იმ 17 მიზნის ნაწილი, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის სექტემბერში მიიღო 2030-ის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის. რეზოლუციაში გაიწერა მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა, რომლებიც ურთიერთდაკავშირებულია და სამ განზომილებაში ერთიანდება – ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ხელი მოაწერა და პასუხისმგებლობა აიღო აღნიშნული მიზნების მიღწევაზე. სახელმწიფოს ამ მიზნების შესასრულებლად ვალდებულება 2030 წლამდე აქვს აღებული. ანუ, 17 მიზანი და მათ შორის გენდერული თანასწორობა ამ ვადაში უნდა იქნას მიღწეული.

„ბოლო 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით ბიზნეს სექტორში“ - გვეუბნება „ემბისის“ ადამიანური რესურსების მართვის და კორპორაციული მდგრადობის მიმართულებით ხელმძღვანელი გვანცა ფაცაცია და განსაკუთრებით გამოყოფს საფინანსო სექტორს.

„ვფიქრობ, რომ ქალებს დასაქმების და კარიერული განვითარების და წინსვლის მეტი შესაძლებლობები აქვთ საფინანსო სექტორში, რომელსაც ასევე მე წარმოვადგენ. ემბისის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ კომპანიის თანამშრომლების 65 %-ს შეადგენენ ქალები, მათ შორის მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლებიდან 50 %-ი სწორედ ქალები არიან.

გარდა ამისა, მინდა ავღნიშნო სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი როლი ბიზნეს სექტორში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით. კერძოდ, გამოვყოფდი გაეროს ქალთა ორგანიზაციას, რომელიც უკვე ბევრი წელია მუშაობს ბიზნეს სექტორთან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: შრომის თანასწორი ანაზღაურების პოლიტიკა, სამსახურში მიღების გენდერულად მგრძნობიარე პრაქტიკა, მიზნობრივი დასაქმების პროგრამები და მარკეტინგის იმგვარი პრაქტიკის დამკვიდრება, რომელიც გენდერულ სტერეოტიპებს უპირისპირდება, ა.შ“
- გვანცა ფაცაცია.



გვანცა ფაცაცია - „ემბისის“ ადამიანური რესურსების მართვის და კორპორაციული მდგრადობის მიმართულებით ხელმძღვანელი



გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია რეგიონში პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტი Skillwill, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გასცდა და უკვე იტალიასა და აზერბაიჯანშია წარმოდგენილი და რომლის ბიზნეს მოდელი თავიდან ბოლომდე ინოვაციურ საწყისებზეა დაფუძნებული.

Skillwill საქართველოს დირექტორის ლანა ჩხარტიშვილის თქმით, UN Women-თან თანამშრომლობის ფარგლებში, სქილვილის სტუდენტებმა, UN Women-ის ბენეფიციარი ქალი მეწარმეებისთვის, მათი ბიზნეს საჭიროებების გათვალისწინებით, ციფრული პროდუქტების შექმნაზე იმუშავეს. მისი განმარტებით, მდგრადი განვითარების მე-5 მიზნი (SDG 5) და გენდერული თანასწორობის მიღწევაში სქილვილის როლი როგორც პასუხისმგებლიანი, მდგრადი და ინოვაციური ბიზნესი არის უმნიშვნელოვანესი.


„ეს იდეა ორმხრივად სასარგებლო აღმოჩნდა, რადგან ძალიან კარგად ეხმიანება ჩვენს პრიორიტეტულ მიმართულებას, ქალთა მეწარმეობის განვითარებას საქართველოში. აღნიშნული მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ქალი მეწარმეებისთვის, ვინაიდან ამ ტექნოლოგიური პროდუქტების გარეშე დღევანდელ სამყაროში ძალიან რთულია ბიზნესის განვითარება. ძალიან ამაყები ვართ რომ ჩვენმა სტუდენტებმა ორი თვის განმავლობაში იმუშავეს და საბოლოო ტექნოლოგიური გადაწყვეტები შესთავაზეს ქალ მეწარმეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. შემუშავებული ციფრული პროდუქტები ახალგაზრდების ეჯაილ გუნდებმა პრეზენტაციების სახით აუდიტორიის წინაში წარადგინეს და ამ გადაწყვეტით ქალების ფინანსურ სარგებელზეც ისაუბრეს. ამით მათ წვლილი შეიტანეს ქართველი მეწარმე ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაში. პროექტში მონაწილეობა გაეროს ქალთა ორგანიზაციის 10-მდე ბენეფიციარმა მიიღო, რომლებსაც საკუთარი მცირე ბიზნესებისთვის სხვადასხვა საჭიროება ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ პროექტებზე სხვადასხვა მიმართულებების სტუდენტებისგან შემდგარი 15 გუნდი დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მუშაობდა და საბოლოო პროდუქტის პრეზენტაცია, აუდიტორიის წინაშე, ღონისძიებაზე წარადგინეს. სტუდენტებმა ციფრული მარკეტინგის და ვებ დეველოპმენტის მიმართულებით, იმუშავეს და ბენეფიციარებს სრულყოფილი პროექტები ჩააბარეს“ - აცხადებს ლანა ჩხარტიშვილი.


ლანა ჩხარტიშვილი - Skillwill საქართველოს დირექტორი


Skillwill საქართველოს დირექტორის და CSR ექსპერტის ლანა ჩხარტიშვილის თქმით, გრძელდება მათი მუშაობა საქართველოში ქალთა გაძლიერებაზე.

Skillwill, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გაგრძელებას და მდგრადი პარტნიორული პროექტების დაგეგმვას აპირებს.


„ჩვენ როგორც კერძო სექტორი, პირველ რიგში ვიაზრებთ როლს და პასუხისმგებლობას ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საქმეში და მეორე რიგში, ისიც, რომ კომპანია ამას უზიარებს სტუდენტებს და მათაც რთავს ამ ორმხრივად სასარგებლო იდეის განხორციელებაში. ძალიან ვაფასებთ ამ ნაწილში სექტორთა შორის თანამშრომლობას და სამომავლოდ დამატებით დაიგეგმება მდგრადი პარტნიორული პროექტები სადაც დიდი იმედი გვაქვს რომ მედია აქტიურად ჩაერთვება და გააშუქებს ასეთ მნიშვნელოვან თემებს და პროგრამებს რომ ერთად შევუწყოთ ხელი ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და მათ დამოუკიდებლობას. ეს ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“ - ლანა ჩხარტიშვილი.


Skillwill-მა, წელს, ასევე პირველად შესთავაზა დაფინანსება ქალებს და გოგონებს შეესწავლათ ყველაზე მაღალმოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიები, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება.


„აღნიშნული ონლიან სასერტიფიკატო კურსი ჩვენს პარტნიორ კომპანია Women in Cyber-თან თანამშრომლობით და ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით შემუშავდა და სრულად დაუფინანსდებათ რეგიონში მცხოვრებ გოგონებსა და ქალებს ვისაც სურთ შეისწავლონ მომავლის პროფესიები და მიიღონ წვდომა ფინანსურ რესურსებზე.

სქილვილმა ასევე დააინიცირა რეზო თურნავას სახელობის ფონდი ბიზნესი ნეო განათლებისთვის სადაც სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ კერძო სექტორის მხრიდან სასწავლო ინვესტიცია და შეისწავლონ IT პროფესიები უფასოდ, შემდეგ დასაქმდნენ და იმუშაონ ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან.

ეს არის ჩვენი პასუხი და უშუალო პროექტები რითაც ვეხმარებით გოგონებსა და ქალებს მიიღონ განათლება და დასაქმდნენ ტექნოლოგიებში და ამით წვლილი შეგვაქვს SDG 5 ის იმპლემენტაციის პროცესში, როგორც საქართველოში ისე ჩვენს საერთაშორისო ოფისებში ქვეყნის გარეთ და გავაგრძელებთ ამას ყველა იმ ქვეყანაში სადაც სქილვილი შევა და გაფართოვდება უახლოეს მომავალში“
- ამბობს ლანა ჩხარტიშვილი.


გლობალური შეთანხმებისა (UN Global Compact) და KPMG -ის თანამშრომლობის შედეგად, შემუშავდა SDG Industry Matrix, რომელიც კერძო კომპანიებს ანახებს გზებს და მაგალითებს, თუ როგორ შეიძლება თითოეული მიზნის მიღწევაში წვლილის შეტანა. აღნიშნული გაიდლაინი შემუშავდა შემდეგი მიმართულებებისთვის:

ფინანსური სერვისები, საკვები/სასმელი და საყოფაცხოვრებო საქონელი, ჯანდაცვა, მრეწველობა, ტრანსპორტი, ბუნებრივი რესურსები, ენერგეტიკა და ქიმიკატები, გარემოს დაცვა.

„ემბისის“ ადამიანური რესურსების მართვის და კორპორაციული მდგრადობის მიმართულებით ხელმძღვანელი და CSR ექსპერტი გვანცა ფაცაცია, იმ ბიზნეს კომპანიებს, რომლებიც ხელს უწყობენ თავიანთი საქმიანობით გენდერული თანასწორობის მიზნის მიღწევას ურჩევს, ყველა მიმართულებით ერთდროულად მუშაობის ნაცვლად, შეარჩიონ თუნდაც რამდენიმე მიმართულება და თანმიმდევრული, გრძელვადიანი მიდგომებით შეეცადონ ცვლილებების მოხდენას.

„ყველა მიმართულებით ერთდროულად მუშაობა და პროგრესის მიღწევა რთულია მაშინ როდესაც შეზღუდული რესურსების პირობებში გვიწევს ოპერირება. ამიტომ საწყისი ეტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეარჩიონ თუნდაც რამდენიმე მიმართულება და თანმიმდევრული, გრძელვადიანი მიდგომებით შეეცადონ ცვლილებების მოხდენას.

მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი გვაქვს ქალთა გაძლიერების და თანასწორობის მიმართულებით, სამუშაო მაინც ძალიან ბევრია და ბიზნეს სექტორის როლი ქალთა ეკონომიკური და სოციალური გაძლიერების კუთხით მართლაც რომ გადამწყვეტია. განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო, ძალიან მნიშველოვანია აღნიშნულ საკითხზე მულტისექტორული თანამშრომლობა. ვგულისხმობ, ბიზნეს სექტორის, სამოქალაქო სექტორის და მთავრობის პარტნიორობას, რათა ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიოთ გენდერულ თანასწორობას და შესაბამისად, ზემოთ აღნიშნულ მდგრადი განვითარების მიზნებს“ - გვპასუხობს გვანცა ფაცაცია.


არსებობს კონკრეტული მაგალითები იმისა, თუ როგორ მუშაობენ საერთაშორისო ბრენდები და კომპანიები ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე და წლების მანძილზე როგორ ცდილობენ ხელი შეუწყონ მდგრადი განვითარების მეხუთე მიზნის გენდერული თანასწორობის მიღწევას. გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს:


 2010 წელს „კოკა–კოლას კომპანიამ“ (Coca-Cola Company) გამოაცხადა 5by20- ის ინიციატივის შესახებ, რომლის თანახმადაც, 2020 წლისთვის კომპანიის გლობალური ღირებულების ქსელში ხუთი მილიონი მეწარმე ქალი უნდა გაძლიერებულიყო. კოკა-კოლა ამას უზრუნვეყოფს პარტნიორებთან თანამშრომლობით, ბიზნეს უნარების ტრენინგის შემუშავებითა და დაფინანსებაზე წვდომისა და სწავლების შესაძლებლობების გაფართოებით.


 „ლუფთანსა“ (Lufthansa), გერმანიის ავიაკომპანია, წლებია უკვე მუშაობს სექტორში ქალი მფრინავების წარმომადგენლობის გაზრდაზე. ჰამბურგის ავიაციასთან პარტნიორობით, კომპანია აწყობს ინფორმაციულ ღონისძიებათა სერიას, ქალები ავიაციაში. „ლუფთანსა“ ასევე გვთავაზობს საოჯახო პოლიტიკას, როგორიცაა ნახევარ განაკვეთზე მუშაობა, რათა შენარჩუნდეს პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის იდეალური ბალანსი.


 „ჯონსონი და ჯონსონი“ (Johnson & Johnson) ყურადღებას აქცევს ჯანმრთელობის საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც ორიენტირებულია ინდივიდუალური და საზოგადოების მიერ ჯანდაცვის ძირითადი ინფორმაციის ცოდნის გაზრდაზე. ამის მაგალითია Mitra-ა, მობილური აპლიკაცია, რომელიც შექმნილია „მობილური ალიანსი დედებისთვის“ (Mobile Alliance for Motherhood) , USAID, UN Foundation, BabyCenter, Johnson & Johnson და ARMMAN-სთან თანამშრომლობით. პროგრამა ორსულ ქალებთან და მშობიარე ქალებთან კვირაში ორჯერ აგზავნის პროფილაქტიკურ, გამაფრთხილებელ ხმოვან შეტყობინებებს. შეტყობინებები პირდაპირ მათ მიერ არჩეულ ენაზე მობილური ტელეფონებით გადაეცემათ სასურველი ვადის განმავლობაში, რომელიც შეესაბამება ორსულობის ან ბავშვის განვითარების ეტაპს. პროგრამა გეგმავს მიაღწიოს ინდოეთის მასშტაბით ერთ მილიონ ახალ და მომავალ დედას, დაბალშემოსავლიან ურბანულ თემებში ჯანმრთელობის პოზიტიური ქცევის პოპულარიზაციის მიზნით. ეს პროგრამა ეხმარება კომპანიას, მიაღწიოს კორპორაციულ მიზანს და დაამყაროს მნიშვნელოვანი ურთიერთობები ახალ მომხმარებლებთან.



აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო გამოცდილება განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. ქვეყნების უმეტესობაში გენდერული თანასწორობა დღესაც მიუღწეველია და საჭიროებს მეტ მუშაობას და სწორ მიდგომებს. მაგალითად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წლიური ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში 67 ქვეყანას არ გააჩნია ისეთი კანონმდებლობა, რომელიც კრძალავს ქალების პირდაპირ და არაპირდაპირ დისკრიმინაციას. ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში 245 მილიონი და მეტი ქალი ხდება ფიზიკური ან/და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი პარტნიორის მიერ. მსოფლიოში, 5 ახალგაზრდა ქალიდან 1 (19 პროცენტი) 18 წლამდეა დაქორწინებული.


„მოცემული მაჩვენებლები კარგად აჩვენებს გენდერული თანასწორობის კუთხით მსოფლიოში რა ვითარებაა და რამდენად საჭიროა აქტიური მუშაობა აღნიშნული მიმართულებით. რაც შეეხება განვითარებული ქვეყნების მიღწევებს გენდერული თანასწორობის მიმართულებით, გამოვყოფდი სკანდინავიის ქვეყნებს, კერძოდ კი შვედეთს. მინდა აღვნიშნო, რომ მეც მქონდა შესაძლებლობა მეცხოვრა და მესწავლა შვედეთში და მქონდა შესაძლებლობა იქ არსებული რეალობა პირადად მენახა. შვედეთი დიდი ხანია არის პიონერი გენდერული თანასწორობის მხარდაჭერის მიმართულებით. მათი მიდგომა დაფუძნებულია შემდეგ პრინციპზე, რომ ყველას, განურჩევლად სქესისა, აქვს უფლება იმუშაოს და უზრუნველყოს საკუთარი თავი, დააბალანსოს კარიერა და ოჯახური ცხოვრება და იცხოვროს ძალადობის ან ძალადობის შიშის გარეშე. ყოველწლიურად, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი აფასებს დაახლოებით 150 ქვეყანას ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული სხვაობის მიხედვით ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკისა და პოლიტიკის ინდიკატორების მიხედვით. 2006 წლიდან, ანგარიშის დაარსების დღიდან, შვედეთი არასოდეს ყოფილა მეხუთე ადგილზე დაბლა“ - გვანცა ფაცაცია.






Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.