ახალი ამბები
"შეიძლება ითქვას,რომ ხანძარი არის ლიკვიდირებული" - გიორგი კვირიკაშვილი
სტიქიის ზონიდან საგანგებო შტაბმა მორიგი განცხადება გაავრცელა. გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა,რომ მიუხედავად ხანძრის ლიკვიდაციისა საგანგებო შტაბი რამდენიმე დღის განმავლობაში მაინც გააგრძელებს მუშაობას.
"შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი არის ლიკვიდირებული. შესაძლოა, მომდევნო დღეების განმავლობაში იყოს ცალკეული სახანძრო წერტილოვანი კერები, რასაც შესაბამისად მივხედავთ. სწორედ ამიტომ, შტაბი გააგრძელებს შემდეგი დღეების განმავლობაში მუშაობას.გამოვიარეთ ძალიან სერიოზული კრიზისული დღეები. ამ დღეების განმავლობაში იყო ბევრი კრიტიკაც, იყო ბევრი თბილი სიტყვებიც, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ არც ერთი ჩვენგანის, აქ ვინც ვიმყოფებით - მთავრობის წევრის შრომა არ არის მოსატანი ერთი ცალკეული ადამიანის თავდადებასთან, რომელიც ჩვენ ვნახეთ იმ წერტილებში, სადაც იყო სიცოცხლის რისკიც და ამ ადამიანებმა ძალიან დიდი მასივი ჩვენი ულამაზესი ტყის, გადაარჩინეს განადგურებას. ამიტომ მე ქედს ვიხრი თითოეული მათგანის თავდადების წინაშე. ეს გამოწვევა ჩვენმა ქვეყანამ ღირსეულად გადალახა" - განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ბორჯომის ხეობას დატოვებს. როგორც ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა განუცხადა, იმის გამო, რომ ცეცხლის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია, აღარ არსებობს პრემიერის და მინისტრთა კაბინეტის წევრების საგანგებო შტაბში მუშაობის აუცილებლობა.
თუმცა, მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სოფელ დაბაში საგანგებო შტაბი კვლავ გააგრძელებს მუშაობას, რათა ცალკეული კერების დამუშავება მოხდეს.
Print