ახალი ამბები
მოსახლეობას სოფელ დაბასა და წაღვერში საფრთხე არ ემუქრება - ზურაბ ალავიძე
"ვერ ვიტყვი, რომ ხანძარს მთლიანად ვაკონტროლებთ, მაგრამ მდგომარეობა უკეთესი გვაქვს, ვიდრე გვქონდა დილით ან გუშინ ღამე" - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"მობილიზებულები ვიქნებით მთლიანად. მთელი ღამის განმავლობაში ვიმუშავებთ. დავაკვირდებით ხანძრის კერებს. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. ხვალ, დილის 06:00 საათიდან უკვე ავიაციაც მოგვეხმარება. იმუშავებს 5 ვერტმფრენი. ასევე თურქეთიდან დაგვემატა დიდი თვითმფრინავი, რომელიც ჩაერთვება ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში. ხვალვე ველოდებით დიდ ვერტმფრენს ბელორუსიდან. ეს არის МИ-26 -ის ტიპის ვერტმფრენი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდია. რომ შევადაროთ 5-ჯერ უფრო მეტი წყლის გაფრქვევა შეუძლია ვიდრე იმ ვერტმფრენებს, რომლებიც ახლა მუშაობდნენ. პანიკის საბაბი არ გვაქვს, მოსახლეობას ამ მომენტისთვის არაფერი არ ემუქრება" - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
Print