ახალი ამბები
უკონტაქტო პატრულირება ქვეყნის მასშტაბით ათამდე ლოკაციაზე განხორციელდება
უკონტაქტო პატრულირება ქვეყნის მასშტაბით ათამდე ლოკაციაზე, მათ შორის, ბათუმში,თბილისსა და ქუთაისის შემოვლით გზაზე განხორციელდება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი განმარტავს,რომ ქუჩის, თუ ავტობანის დასაწყისში და დასასრულში, სადაც უკონტაქტო პატრულირება განხორციელდება ქართულ და ინგლისურ ენებზე გამაფრთხილებელი ნიშანები განთავსდება და შესაბამისად, მძღოლი უკონტაქტო პატრულირების არეალის შესახებ ინფორმირებული იქნება.
"უკონტაქტო პატრულირება არის კიდევ ერთი ინსტრუმენტი პოლიციისთვის, რომ მოახდინოს ფსიქოლოგიური ზეგავლენა მძღოლების ქცევაზე იმ პირობებში, როდესაც მძღოლები კანონს იცავენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ხედავენ პოლიციის ავტომობილს, ან კამერას, რომელსაც წინ აქვს ამოსაცნობი ნიშანი. სამწუხაროდ, საქართველოში მძღოლების უმეტესობა მიეკუთვნება ამ კატეგორიას, კანონს იცავენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაღაც დამსჯელი მექანიზმი არის. ჯერჯერობით, უსაფრთხოების კულტურა სათანადო დონეზე ჩამოყალიბებული არ არის. სწორედ ასეთი კულტურის ნელ-ნელა ჩამოყალიბებისთვის ვნერგავთ ახალ მოდელს, რომელიც ტექნოლოგიებს ეფუძნება. თქვენ შეიძლება საერთოდ ვერ გაარჩიოთ პოლიციელი. ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი მანქანა, მარჯვენასაჭიანი, ან ნებისმიერი, რომელიც გავრცელებულია საქართველოში, მიკროავტობუსიც კი... სწორედ ასეთ ავტომობილში ზის ჩვენი თანამშრომელი, ავტომობილი აღჭურვილია შესაბამისი ტექნოლოგიებით. გარეშე პირისთვის ეს რა თქმა უნდა, საცნობი არ არის. ამ სისტემის მთავარი მიზანია, რომ შექმნას მოულოდნელობის ეფექტი. ერთ-ერთი პირველი ლოკაცია სადაც უკონტაქტო პატრულირება განხორციელდება, ქუთაისის შემოვლითი გზა იქნება, იმის გამო, რომ იქ ბევრი ავარია ხდება და კამერებიც არ არის. ქუთაისის შემოვლითი გზის დასაწყისში განთავსებული იქნება ნიშანი, რომ მიმდინარეობს უკონტაქტო პატრულირება. პირველ ეტაპზე, უკონტაქტო პატრულირება არ იქნება მასშტაბური, 200-300 ავტომობილი არ იმოძრავებს. საქართველოს მასშტაბით მათი რაოდენობა ათ ლოკაციას არ გადააჭარბებს. სავარაუდოდ, იქნება ბათუმში, თბილისში, ქუთაისის შემოვლით გზაზე" - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
მისივე ინფორმაციით, გზატკეცილებზე უკონტაქტო პატრული სპეციალური რადარით იქნება აღჭურვილი, რომელიც სიჩქარეს გაზომავს. ქალაქის პირობებში კი, ნებისმიერ დარღვევას დააფიქსირებს, მათ შორის, არასწორ პარკირებას, არასწორ მანევრს, შუქნიშნის წითელ შუქზე გავლას და სხვა.
შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, საგანგებოდ აღჭურვილი მანქანები და მათი სანომრე ნიშნები, ასევე ქუჩები სადაც უკონტაქტო პატრულირება განხორციელდება პერიოდულად შეიცვლება.
Print