საზოგადოება
"ბავშვებზე ძალადობის შემთხვევები ხშირია" - სახალხო დამცველის ანგარიში
ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, უცვლელია და სახეზე გვაქვს მთელი რიგი პრობლემები. ამის შესახებ სახალხო დამცველმა აღნიშნულ საკითხზე მომზადებული ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
უჩა ნანუაშვილის თქმით, ხშირია ბავშვებზე ძალადობის შემთხვევები. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით, ომბუდსმენი ამბობს, რომ 2016 წელს მსგავსი 750-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა. სახალხო დამცველის თქმით, პრობლემად რჩება განათლების საკითხიც, რადგან გასულ წელს საბაზო განათლების დასრულებამდე სწავლა 241-მა, საბაზო განათლების დასრულების შემდეგ კი 924-მა შეწყვიტა.
ომბუსდმენი ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მდგომარეობაზე და მას უკიდურესად შემაშფოთებელს უწოდებს. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, კვლავ მაღალია 5 წლამდე გარდაცვლილ ბავშვთა მაჩვენებელი. 2016 წლის მონაცემენებით, გარდაიცვალა 0-დან 1 წლამდე ასაკის 511, ხოლო 1-დან 5 წლამდე ასაკის 93 მცირეწლოვანი.
დოკუმენტი ,,ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშის ნაწილს წარმოადგენს.

Print