საზოგადოება
გამკაცრებული კონტროლი თამბაქოს მოხმარებაზე - რა საფრთხეებს ქმნის ახალი რეგულაცია რესტორნებსა და ბარებში
შალვა ალავერდაშვილის თქმით, კანონის აღსრულება განსაკუთრებით რთული რესტორნებისთვის და იქ მყოფი მწეველი ადამიანებისთვის იქნება.
თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები ადმინისტრირების კუთხით ბევრ პრობლემას წარმოქმნის, შესაძლოა კონფლიქტისა და დაპირისპირების მიზეზიც გახდეს –„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი თამბაქოს კონტროლის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს ეხმაურება.
შალვა ალავერდაშვილის თქმით, კანონის აღსრულება განსაკუთრებით რთული რესტორნებისთვის და იქ მყოფი მწეველი ადამიანებისთვის იქნება.
“ ეს საკითხი პრობლემური იქნება რესტორნებთან მიმართებაში. გვასწავლონ, როგორ მოვახდინოთ რეგულაცია, რომ კონფლიქტი არ გაძლიერდეს და ყოველ 5 წუთში პატრულის გამოძახებამ არ მოგვიწიოს.“-აცხადებს ალავერდაშვილი.
მას მიაჩნია, რომ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, თამბაქოს ნაწარმის მოხმარება აიკრძალება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის გარდა, პრობლემებს შეუქმნით „ჩილიმ ბარებსაც“.
ალავერდაშვილი ყურადღებას კიდევ ერთ პრობლემაზე ამახვილებს. მისი თქმით, ბევრი ობიექტი ადაპტირებული არ არის იმისთვის, რომ ზამთარში იქ მისული მწეველი ადამიანი მოსაწევად გარეთ გამოვიდეს. ის მიიჩნევს, რომ შენობაში მოწევის შემთხვევაში, ჯარიმის ხარჯი სუფრის ღირებულებაში უნდა შედიოდეს.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 18 აპრილს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის პაკეტს II მოსმენით მხარი დაუჭირა. პლენარულ სხდომაზე, 85 ხმით, ერთხმად მიიღო საქართველოს კანონის პროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტი თამბაქოს წარმოებისა და მისი მოხმარების მავნე ზემოქმედების შედეგების თავიდან აცილებისკენ მიმართულ კონკრეტულ შემზღუდველ ნორმებს ითვალისწინებს.
კანონპროექტით შემოთავაზებული ძირითადი ცვლილებებია: "2018 წლის 1 იანვრიდან თამბქოს მოწევის აკრძალვა დახურულ სივრცეში, გარდა საცხოვრებელი ადგილებისა და პენიტენციარული დაწესებულებებისა; თამბაქოს პოპულარიზაციის სხვადასხვა ფორმების და ნაწარმის ხილული განლაგების აკრძალვა; თამბაქოს კოლოფებში სამედიცინო გაფრთხილების ზომის გაზრდა და პიქტოგრამების სავალდებულო დატანა; ელექტრონული სიგარეტების რეგულირება; ინტერნეტით და ფოსტით საცალო გაყიდვისა და გზის სავალ ნაწილზე თამბაქოს რეალიზაციის აკრძალვა.


Print