საზოგადოება
საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ საქართველოში ბლოკჩეინტექნოლოგიის დანერგვაზე ისაუბრა
პაპუნა უგრეხელიძე ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ კონფერენციაზე მოხსენება "ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენება საქართველოში - რევოლუცია მიწის ადმინისტრირების სფეროში" წარადგინა.
"ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენება საქართველოში - რევოლუცია მიწის ადმინისტრირების სფეროში" საჯარო რეესტრის მიერ უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის ბლოკჩეინის გლობალურ ქსელში ინტეგრირებას მიეძღვნება. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიურ ინოვაციას უძრავი ქონების რეგისტრაციაში იყენებს.
"იუსტიციის სამინისტრო საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების კუთხით ერთ-ერთი მოწინავე უწყებაა. 21-ე საუკუნის ეს მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტა წინგადადგმული ნაბიჯია როგორც პრაქტიკული კუთხით, ისე საერთაშორისო დონეზე ქვეყნის წარმოსაჩენად. ჩვენ, კომპანია "ბიტფურთან"ერთად, მინიმალურ დროში მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩავატარეთ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის და დღეს უკვე ნებისმიერ უძრავ ქონებაზე ამონაწერის შესახებ ინფორმაცია ბლოკჩეინის სისტემაში ავტომატურად აისახება. ბლოკჩეინში მოხვედრილი მონაცმების წაშლა, შეცვლა, გადაწერა თუ უკანონო მანიპულირება შეუძლებელია. შესაბამისად, ბლოკჩეინის მეშვეობით, საჯარო რეესტრი უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციას მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომსა და გამჭვირვალეს ხდის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთრების უფლების დაცვის კუთხით" - აღნიშნა პაპუნა უგრეხელიძემ.
კონფერენცია, რომლის თემა მიწის მმართველობა და სიღარიბის დაძლევაა, მიწის მმართველობის სფეროში ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებას წარმოადგენს და მასში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო, კერძო, აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იღებენ .მიწის მმართველობისა და სიღარიბის თემაზე მსოფლიო ბანკის რიგით მე-18 კონფერენცია ქ. ვაშინგტონში იმართება.
კონფერენცია 24 მარტს დასრულდება.
Print