Error
ახალი ამბები
მედიასახლ “გურია NEWS“-ის ვებგვერდი ჰაკერებმა გატეხეს
როგორც მედიასახლი "გურია NEWS" ოფიციალურად აცხადებს "21 თებერვალს, გამთენიისას, ჰაკერებმა გატეხეს "გურია ნიუსის" ვებგვერდი, წაშალეს ყველა ინფორმაცია და ბაზები.



ჰაკერშტევა მედიასაშუალების წინააღმდეგ ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს. დაინტერესებული პირების თუ ჯგუფის მასირებული შეტევა ბაზების, ინფორმაციის, ვების სტრუქტურის განადგურებით დასრულდა.
მცირე რესურსების მქონე მედიასაშუალებისთვის, რომელიც უკვე 25 წელზე მეტია, თავდაუზოგავი შრომით, თავგანწირვით, პროფესიული ერთგულებით ცდილობს შემორჩეს მედიაბაზარს, ეს ძალიან დიდი დარტყმაა.
მედია სახლის "გურია ნიუსის" გამომცემელის, ია მამალაძის განცხადებით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ განახლებული ვებგვერდი მკითხველ აუდიტორიას, მაქსიმალურად მოკლე დროში დაუბრუნდეს

შსს-მ "გურია ნიუსის" საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284–ე და 286–ე მუხლების პირველი ნაწილებით დაიწყო.

სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა და იგი ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. კოდექსის მიხედვით, თუ ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი ან თუ იგი ჩადენილია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან ამგვარი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ, იგი ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია კომპიუტერული მონაცემის უნებართვო დაზიანება, წაშლა, შეცვლა ან დაფარვა და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. კოდექსის მიხედვით, თუ ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი ან თუ იგი ჩადენილია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან ამგვარი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ ისჯება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე..
Print