ახალი ამბები
კანონპროექტი ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებით დამტკიცებულია
პარლამენტმა დღისა და ღამის საათებში ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებით კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილი ცვლილებების მიხედვით, დღისა და ღამის საათებში საცხოვრებელი სახლების, კერძო საკუთრების უძრავი ქონების და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება გამოიწვევს ფიზიკური, იურიდიული პირის გაფრთხილებას.

დღის საათებად ითვლება 08.00 სთ.-დან 23.00 სთ. – მდე, ღამის საათებად – 23.00 სთ.–დან 08.00 სთ–მდე.
გაფრთხილებიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის- 500 ლარის ოდენობით.

ამ სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების ჩადენა და ამ ქმედების ჩადენის შემდგომ იგივე ქმედების განხორციელება ადმინისტრაციული სახდელდადებული პირის სტატუსის გაუქმებამდე გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის - 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის – 1000 ლარის ოდენობით.

ამავე ცვლილებებით, ღამის საათებში პიროტექნიკურ ნაკეთობათა გამოყენება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის - 500 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის განმეორებით და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა - გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის - 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის – 1000 ლარის ოდენობით.
ამ მუხლის ნორმები არ ვრცელდება ახალი წლის (31 დეკემბრის 21 სთ.- დან 2 იანვრის 23 სთ.-მდე, 13 იანვრის 21 სთ.-დან 14 იანვრის 23 სთ.-მდე), საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (9 აპრილი და 26 მაისი) სადღესასწაულო დღეებზე.
Print