ახალი ამბები
შსს-მ ახმეტასა და ლაგოდეხში უკანონო იარაღი ამოიღო
სამართალდამცველებმა ახმეტის რაიონის სოფელ ბირკიანში, რ.ქ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და 48 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს და ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1962 წელს დაბადებული რ.ქ. და 1962 წელს დაბადებული ა.ო. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს.
პოლიციამ ლაგოდეხის რაიონის სოფელ თელაში, ა.ო.-ს ავტომანქანის ჩხრეკისას, არარეგისტრირებული გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. "აბრეზი", 2 მასრა და 2 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.

ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ვარგისია სროლისათვის.

ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება რ.ქ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით), ხოლო ა.ო.-ს მიმართ - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).


Print